ახალი ამბები

16 წელი აგვისტოს ომიდან: საერთაშორისო გამოხმაურებები

7 აგვისტო, 2024 •
16 წელი აგვისტოს ომიდან: საერთაშორისო გამოხმაურებები

დღეს, 7 აგვისტოს, საერთაშორისო საზოგადოება რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის 16 წლისთავს ეხმაურება.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა თავის განცხადებაში ხაზი გაუსვა ბლოკის ერთგულებას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისადმი.

„7 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის ომის დაწყებიდან 16 წელი სრულდება. ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისადმი მტკიცეა. ჩვენ ვგმობთ რუსეთის განგრძობით ყოფნას ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რაც არღვევს როგორც საერთაშორისო სამართალს, ასევე რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს“, — აცხადებს ბორელი.

ის ხაზს უსვამს, რომ საქართველოში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებები კვლავ ირღვევა, მათ შორის, „ბორდერიზაციის“ პოლიტიკის, გადასასვლელების დაკეტვისა და უკანონო დაკავებების გზით რუსეთის სამხედრო და დე ფაქტო ხელისუფლების მიერ.

„უნდა დასრულდეს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები, გამოძიებულ იქნას ადამიანის უფლებების დარღვევა და უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანობა ყველა მსხვერპლისთვის. ჩვენ სრულად ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული, მათ შორის ევროკავშირის, როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში (GID) თანათავმჯდომარის, სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლობისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM Georgia) ჩართულობით. მოვუწოდებთ GID-ის ყველა მონაწილეს, კონსტრუქციულად ჩაერთონ დისკუსიებში 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების სრული განხორციელების მისაღწევად“, — აცხადებს ბორელი და იმეორებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

შეერთებული შტატები აცხადებს, რომ აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ადვოკატირებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„დღეს რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრიდან თექვსმეტი წელი გავიდა. ჩვენ გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და მათი მტკივნეული გავლენა, რომელიც ქართველ ხალხზე დღემდე მოქმედებს. რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მიმდინარე ბრძოლას უსვამს ხაზს“, — ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს „ფეისბუქ“ პოსტში.

„2008 წელი — საქართველო, 2014 — ყირიმი, 2022 — უკრაინა“, — რუსეთის სამი აგრესიის ამსახველი კადრებით ეხმაურება აგვისტოს ომის წლისთავს აშშ-ის მისია ეუთოში.

„ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას. რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია, ისევე როგორც მისი აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, არღვევს რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს და ეწინააღმდეგება ეუთოს ვალდებულებებს“, — წერს აშშ-ის მისია ეუთოში.

განცხადება გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმაც:

„გვახსოვს [ომში] მოკლულები და იძულებით გადაადგილებული პირები. მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე. აშშ ერთგულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, – ვკითხულობთ მის განცხადებაში.

„სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია, რუსეთის 16-წლიანი ოკუპაციის მიუხედავად“, — წერს ნატოს პრესსპიკერი ფარა დახლალა X-ზე.

ალიანსი გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობისადმი და რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს ძალები, რომლების საქართველოში თანხმობის გარეშე განათავსა.

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე ამბობს, რომ 2008 წლის აგრესიის გამო რუსეთის დაუსჯელობამ მხოლოდ გაზარდა მისი იმპერიალისტური აგრესია.

„16 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში და ეს შერჩა. დაუსჯელობამ და დაშოშმინების პოლიტიკამ მხოლოდ უფრო სასტიკი გახადა რუსეთის იმპერიალისტური აგრესია. ურყევია ლიეტუვის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ისევე როგორც ქართველი ხალხისადმი, რომლებმაც აირჩიეს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი თავიანთი ქვეყნისთვის. რუსეთი არის აგრესორი და არა მისაბაძი მაგალითი“, — წერს შიმონიტე X-ზე.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისის შეფასებით, 16 წლის წინ რუსეთის შეჭრა საქართველოში იმპერიალისტური ექსპანსიონიზმის ძველი ნიმუშის ნაწილი იყო, სადაც უხეში ძალა თელავს საერთაშორისო სამართალსა და წესრიგს.

საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის მე-16 წლისთავზე, ლატვია ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ცალსახად გმობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას.

„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს რუსეთის საოკუპაციო ძალების და მისი მარიონეტების წინააღმდეგ“, — წერს ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტო X-ზე.

„ესტონეთი გმობს და არ დაივიწყებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის მიმდინარე ოკუპაციას და გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა“, — ამბობს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა.

განცხადება გაავრცელა საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

„საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიიდან თექვსმეტი წლის შემდეგ, საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის სრულ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საფრანგეთი ხაზს უსვამს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული სეპარატისტული რეგიონების თვითგამოცხადებული ხელისუფლებების ცალმხრივი აღიარება, ამ რეგიონების მილიტარიზაცია, ისევე როგორც ამ რეგიონებსა და დანარჩენ საქართველოს შორის ურთიერთობაში დაბრკოლებების შექმნა წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის მიუღებელ ხელყოფას“.

საფრანგეთი მოუწოდებს რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერს აღებული ვალდებულებები. ასევე, მხარდაჭერას უცხადებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პლატფორმას, რომელსაც ევროკავშირი, ეუთო და გაერო თანათავმჯდომარეობენ და ამბობს, რომ მხოლოდ დისკუსიის ეს ჩარჩო მისცემს მხარეებს შესაძლებლობას, იმუშაონ ერთობლივი გადაწყვეტის სასარგებლოდ.

აგვისტოს ომის 16 წლისთავს განცხადებით გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროც, რომელმაც დაგმო კრემლის აგრესიული პოლიტიკა და თქვა, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს სუვერენული ტერიტორიიდან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად და გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

„რუსული იმპერიალიზმი სამხრეთ კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და ევროპაში საუკუნეების მანძილზე უცვლელი დარჩა და შედგება ღრმად ფესვგადგმული შოვინიზმისგან, სხვა ადამიანების, საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების უპატივცემულობისგან და იმპერიული დომინირების აღდგენის სურვილისგან. რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, მოგვიანებით კი უკრაინის წინააღმდეგ, მხოლოდ ეპიზოდია მოსკოვის ამ დიდი ხნის იმპერიული პოლიტიკისა, რომელსაც 21-ე საუკუნეში არსებობის უფლება არ აქვს. მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივ ძალისხმევას შეუძლია, შეაჩეროს რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკა, აიძულოს იგი დატოვოს საქართველოსა და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, და ყველა დანაშაულისა და სისასტიკისთვის პასუხისგებაში მიეცეს რუსი ომის დამნაშავეები“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აგვისტოს ომის 16 წლისთავზე X-ზე ეხმაურება ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო:

„2008 წლის აგვისტოში რუსეთის ჯარები საქართველოში შეიჭრნენ. 16 წლის შემდეგ, ოკუპაცია გრძელდება. საქართველოში, ისევე როგორც უკრაინაში, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და პატივი სცეს მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.

აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით, ქართველი ხალხისადმი სოლიდარობა გამოხატა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და დაგმო რუსეთის მიერ ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების ოკუპაცია.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტობიას ბილსტრომი აღნიშნავს, რუსეთის 16 წლის წინანდელი აგრესიული ომის ეფექტი საქართველოში დღესაც იგრძნობა.

„შვედეთი გმობს და არ ივიწყებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას და ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. შვედეთი რუსეთს მოუწოდებს, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები“, — ამბობს ტობიას ბილსტრომი.

სლოვენიის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის შეჭრის 16 წლისთავზე, სლოვენია აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას.

„საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპების უგულებელყოფას ყოველთვის მოჰყვება დაგმობა და მოწოდება საერთაშორისო სამართლის დაცვაზე“, — ნათქვამია სამინისტროს პოსტში X-ზე.

„დღეს, 16 წლის თავზე, ვიხსენებთ 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომში, რუსეთის სასტიკი და უკანონო ქმედებების შედეგად დაღუპულებს, დაშავებულებს და დევნილებს. გაერთიანებული სამეფო მტკიცედ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“, — წერს გაერთიანებული სამეფოს საელჩო საქართველოში.

აგვისტოს ომის წლისთავს გამოეხმაურა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაიაც და ამბობს, რომ თუ რუსეთის იმპერიული აგრესია არ იქნება შეჩერებული, ის მხოლოდ გაიზრდება.

„ბელარუსებმა და უკრაინელებმა ეს ძალიან კარგად იციან. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მოსახლეობის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და ევროპულ მისწრაფებებს“, — წერს ტიხანოვსკაია.

საქართველოში რუსეთის შეიარაღებული ძალების შემოჭრიდან და 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან 16 წელი გავიდა. ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოს მხრიდან დაიღუპა თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, 14 პოლიციელი, 224 სამოქალაქო პირი. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობამ 2 232 შეადგინა. ამასთან, თბილისმა დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოფიციალურად 2008 წლის 7 აგვისტოს, 23:35 წუთზე გასცა სამხედრო ოპერაციის ბრძანება. რიგი წყაროები მიუთითებენ, რომ ამ დროისთვის საქართველოში უკვე შემოჭრილი იყო რუსეთის რეგულარული არმია, თუმცა მოსკოვის პოზიციაა, რომ ისინი საპასუხოდ, 8 აგვისტოს შემოვიდნენ. იმის მიხედვით, რომელ მხარეს მიიჩნევენ კონფლიქტის ინიციატორად, საქართველო და საერთაშორისო საზოგადოება ომის წლისთავს 7 ან 8 აგვისტოს აღნიშნავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი