ახალი ამბები

„ოცნება“ არჩევნების შემდეგ აგვისტოს ომის „სამართლებრივ შეფასებას“ აანონსებს

7 აგვისტო, 2024 •
„ოცნება“ არჩევნების შემდეგ აგვისტოს ომის „სამართლებრივ შეფასებას“ აანონსებს

აგვისტოს ომის მე-16 წლისთავზე „ქართული ოცნება“ განცხადებას ავრცელებს, სადაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აანონსებს 2008 წლის აგვისტოს მოვლენების „სამართლებრივ შეფასებას“ .

დღეს, 7 აგვისტოს, გავრცელებულ განცხადებაში მმართველი პარტია უდიდეს ნაწილს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2008 წელს ჩადენილ “დანაშაულზე“ საუბარს უთმობს, განცხადების ბოლოს კი უსვამს ხაზს რუსეთის დანაშაულებს.

„ქართული ოცნება“ კვლავ იმეორებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ომის დაწყების თარიღად წლების განმავლობაში 8 აგვისტოს ასახელებდა და რამდენიმე წლის წინ გადაწყვიტა, თარიღი შეეცვალა და ომის დაწყების დღედ 7 აგვისტო გამოეცხადებინა, რათა „საკუთარი დანაშაული დაეფარა და პასუხისმგებლობის თავიდან არიდება ეცადა“.

როგორც „ოცნება“ ამბობს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „2008 წელს ჩადენილ დანაშაულზე“ დღემდე მხოლოდ „მინიშნებებით“ საუბრობდნენ, საერთაშორისო სასამართლო პროცესები საქართველოს გამარჯვებით დასრულდა და „სრულად არის გადავლილი იმის თეორიული რისკიც კი, რომ საქართველოს, ქართულ ჯარს და თუნდაც ერთ ქართველ ჯარისკაცს საერთაშორისო დონეზე რაიმე პასუხისმგებლობა დაეკისროს“.

ამიტომ მმართველი პარტიის განცხადებით, დადგა დრო, საზოგადოებამ გაიგოს სრული სიმართლე და ყველა ფაქტს სრულფასოვანი სამართლებრივი შეფასება მიეცეს.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, მაგრამ ყველაზე დიდი და მძიმე დანაშაული სწორედ 2008 წელს ჩადენილი ავანტიურაა. ჩვენი ქვეყნის შეუქცევადი განვითარების უზრუნველსაყოფად და საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად უმნიშვნელოვანესია, ამ მოვლენებს სათანადო სამართლებრივი შეფასება მიეცეს. საზოგადოებას ვაძლევთ პირობას, რომ არჩევნების შემდეგ ეს აუცილებლად ასე მოხდება. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ რადგან საერთაშორისო სასამართლოებში ყველა რისკი მოხსნილია, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს აუცილებლად მიეცემა სამართლებრივი შეფასება.

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე განვლილმა ორმა წელმა თვალნათლივ დაგვანახა, როგორი მონდომებით ცდილობდა „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველო ამ სამხედრო კონფლიქტში ჩაეთრია და ჩვენი ქვეყანა ომის ქარცეცხლში კიდევ ერთხელ გაეხვია. ამ გარემოებამ კიდევ ერთხელ გაამყარა რწმენა, რომ ამ ადამიანებმა 2008 წელსაც გააზრებულად მოაწყვეს უმძიმესი პროვოკაცია და გარედან მიღებული ანტისახელმწიფოებრივი დავალება სრულიად გააზრებულად შეასრულეს.

ვისგან მოდიოდა ეს დაკვეთა და ვის დავალებებს ასრულებდნენ მაშინდელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, აქ ამ საკითხზე შეგნებულად არ შევჩერდებით, რადგან ყველაფერს სწორედ საჯარო სამართლებრივი პროცესი გაარკვევს. ჩვენ ვიქნებით მოსარჩელე მხარე ამ პროცესში და „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადენილი მოღალატეობრივი დანაშაულის გამო კოლექტიურად მოუწევს პასუხისგება.

აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს ყველაფერი არ ამსუბუქებს რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს და არც იმ ფაქტს, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციაზე პასუხისმგებელი სწორედ რუსეთის ფედერაციაა“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

16 წელი გავიდა საქართველოში რუსეთის შეიარაღებული ძალების შემოჭრიდან და 2008 წლის “აგვისტოს ომის” დაწყებიდან. ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოს მხრიდან დაიღუპა თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, 14 პოლიციელი, 224 სამოქალაქო პირი. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობამ 2 232 შეადგინა. ამასთან, საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის 7 აგვისტოს, 23:35 წუთზე გასცა სამხედრო ოპერაციის ბრძანება. რიგი წყაროები მიუთითებენ, რომ ამ დროისთვის საქართველოში უკვე შემოჭრილი იყო რუსეთის რეგულარული არმია, თუმცა მოსკოვის პოზიციაა, რომ ისინი საპასუხოდ, 8 აგვისტოს შემოვიდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი