ევროკავშირი თავის ოფიციალურ კომუნიკაციაში აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ცვლის და ამკვიდრებს სიტყვას „ოკუპირებული“.
ერთეული გამონაკლისი შემთხვევის გარდა, ამ დრომდე ევროკავშირის სტრუქტურების განცხადებებსა და დოკუმენტებში (აქ არ იგულისხმება ევროპარლამენტის რეზოლუციები) აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან დაკავშირებით გამოიყენებოდა ტერმინი „breakaway“, რომელიც აღნიშნავს გამოყოფისკენ სწრაფვას (ევროკავშირი ქართულ შესატყვისად იყენებს ტერმინს „თვითგამოცხადებული“). რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან თითქმის 16 წლისთავზე, ევროკავშირის ტერმინოლოგია ოფიციალურად იცვლება „ოკუპირებულის“ დამატებით.
რა ხდება?
ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის (COREPER) 8 მაისის სხდომის დღის წესრიგში შეტანილი იყო საკითხი „კონფლიქტებთან დაკავშირებული ტერმინოლოგია: საქართველო“. დოკუმენტი EU-ის საჯარო რეესტრში ხელმისაწვდომი არ არის. „ნეტგაზეთმა“ ის ოფიციალური წესით გამოითხოვა საბჭოს გენერალური სამდივნოსგან.
მიღებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2023 წლის 24 ოქტომბერს გამართულ ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე ბორელის საგარეო ქმედებათა სამსახურმა (EEAS) შესთავაზა ადაპტაცია კონფლიქტებთან დაკავშირებული ტერმინოლოგიის, რომელსაც ევროკავშირი იყენებს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის საპასუხოდ EEAS-მა რეკომენდაცია გაუწია ფორმულირების „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონების“ გამოყენებას ევროკავშირის მიერ საჯარო და საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაციაში.
PSC-ში განხილვის შემდეგ, 2024 წლის 29 აპრილს, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ევროკავშირის საბჭოს სამუშაო ჯგუფმა (COEST) მიაღწია შეთანხმებას ტერმინოლოგიის ადაპტაციაზე. მას შემდეგ, რაც COREPER-იც შეთანხმდა, რეკომენდაცია საბოლოოდ დასამტკიცებლად წარედგინა ევროკავშირის საბჭოს.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ დოკუმენტი საბოლოოდ მიღებულ იქნა ევროკავშირის საბჭოს 2024 წლის 13-14 მაისს სხდომებზე და შემდგომ პროცედურებს არ საჭიროებს.
ტერმინ „ოკუპაციის“ გამოყენების პრაქტიკა
განსხვავებით ევროპარლამენტისგან, რომელიც გაცილებით თავისუფალია თავის ფორმულირებებში, ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ტერმინ „ოკუპაციის“ გამოყენების მხოლოდ ცალკეული შემთხვევები არსებობს წლების განმავლობაში.
[toggle title=”ჩამოშალეთ: „ოკუპაციის“ ხსენების ცალკეული შემთხვევები”]
- 2010 წლის 23 ნოემბერს ევროპის საბჭოში ევროკავშირის დელეგაციის განცხადება, „ევროკავშირი მხარს უჭერს ევროპის საბჭოს უფრო მეტ ჩართულობას და აქტიურობას საქართველოში, ამიტომ გენერალურ მდივანს მოუწოდებს, გააძლიეროს კონტაქტები იმისთვის, რომ ჰქონდეს სრული წვდომა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“;
- 2010 წლის 17 ნოემბერს ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ თქვა, რომ არ ცნობს საქართველოს არც ერთი ნაწილის ოკუპაციას;
- 2018 წლის მარტს საქართველოს პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ახსენა „მცოცავი ანექსიის მცდელობები“;
- 2017 წლის მარტს ეუთოს მუდმივ საბჭოში ევროკავშირის ორი განცხადება- აფხაზეთში ე.წ. არჩევნებისას და ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის შესახებ;
- 2018 წლის 31 იანვარს ევროკავშირის დელეგაციის განცხადება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენების შესახებ;
- 2018 წლის 20 მარტს ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორის მოადგილე კატერინა მატერნოვას პოსტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ვიზიტის შესახებ.
[/toggle]
საქართველოს კონფლიქტებთან დაკავშირებით ტერმინოლოგიის საერთო ადაპტაციაზე ფიქრი ევროკავშირმა 2023 წლიდან დაიწყო.
ნოემბერში სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურის მკვლელობის ფაქტს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი X-ზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნა საქართველოს ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ ტერიტორიებზე უკანონოა“.
The EU strongly condemns the killing of a Georgian citizen and the detention of another one by the Russian border guards in Kirbali. We call for an immediate release.
Russian military presence in the Georgian occupied breakaway regions of Abkhazia and South Ossetia is illegal.
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) November 7, 2023
ბორელის ფორმულირებას ყურადღება მიაქცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
„დღესაც, სამწუხაროდ, ოფიციალურ დოკუმენტებში ეს ტერმინი არ გამოიყენება, თუმცა ბოლო პერიოდში ვნახეთ, მაგალითად, ბორელის განცხადება, რომელმაც ტერმინი „ოკუპაცია“ გამოიყენა. მნიშვნელოვანია, ამას მივაქციოთ ყურადღება“, — თქვა მან.
ტერმინოლოგიის ცვლილების ოფიციალური გადაწყვეტილების შემდეგ კი პირველი განცხადება 9 ივნისს, ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთდა.
„ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელშიც საქართველოს ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, — დაწერა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერმა პიტერ სტანომ X-ზე.
მაგალითისთვის თუ შევადარებთ, ვნახავთ, რომ ეს ტექსტი იდენტურია იმავე პიტერ სტანოს მიერ 2020 წელს აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა ერთი განსხვავებით — ძველ ჩანაწერში სიტყვა „ოკუპირებული“ არ ფიგურირებს.
წინაისტორია
ბრიუსელის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებთან დაკავშირებით ტერმინ „ოკუპირებულის“ შემოღებას წინ უძღოდა რამდენიმე ფაქტორი:
- უკრაინის ომი, რომლის შემდეგაც ევროკავშირმა რუსეთისადმი პოლიტიკა ძირეულად გადააფასა;
- აგვისტოს ომზე სტრასბურგის და ჰააგის სასამართლოების გადაწყვეტილებები, რომელთა თანახმადაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ეფექტურ კონტროლს რუსეთის ფედერაცია ახორციელებს;
- საქართველოს ხელისუფლებიდან კრიტიკა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ღია კონფრონტაციაში შევიდა დასავლეთთან.
„სამწუხაროდ, დღემდე ევროკავშირი ოფიციალურ დოკუმენტებში ოკუპირებულ ტერიტორიებს მოიხსენიებს როგორც მოწყვეტილ ტერიტორიებს, ოკუპაციის ხაზს – ადმინისტრაციულ საზღვრად. საბედნიეროდ, უკრაინის საკითხზე ევროკავშირი იცვლის პოლიტიკას რუსეთთან მიმართებით, გვინდა, ასევე იყოს მკაფიო საქართველოსთან დაკავშირებით. ჩვენ მიმართ როცა არის მოლოდინი, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის საკითხებში მათი თანაზიარი ვიქნებით, რა თქმა უნდა, ჩვენც გვაქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირი ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს — ოკუპაციას დაარქმევს ოკუპაციას. სამწუხაროდ, ევროკავშირის მხრიდან ოფიციალურ დოკუმენტებში ტერმინი „ოკუპაცია“ არ არის“, — განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის 6 ოქტომბერს.
ასეთი პრეტენზია საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს ევროკავშირისადმი სხვა დროსაც გამოუთქვამთ, თუმცა ტერმინოლოგიის ადაპტაციაზე „ნეტგაზეთთან“ კომენტარი არ ისურვეს.
ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში „ოკუპაციის“ დამკვიდრების თხოვნით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გასულ წელს საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტსაც მიმართა.
GRASS–ის თანადამფუძნებელი სერგი კაპანაძე არ გამორიცხავს, ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე საქართველოს ხელისუფლების საჯარო განცხადებებსაც მოეხდინა გავლენა, თუმცა მთავარ ფაქტორად უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას მიიჩნევს.
„ევროკავშირს ტერმინ „ოკუპაციის“ გამოყენების პრობლემა არ ჰქონდა (და ამის პრეცედენტებიც არსებობს) იმდენად, რამდენადაც უბრალოდ მიაჩნდა, რომ შეიძლება ამ ტერმინის გამოყენებით რამე დაეზიანებინა, ვგულისხმობ სოხუმთან და რუსეთთან ურთიერთობების კონტექსტში. ჩემი აზრით, ამ მიდგომის შეცვლა მთლიანად გამოიწვია რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ. საუბარია ტერმინის ცვლილებაზე, თორემ პოლიტიკაში არაფერი იცვლება“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ სერგი კაპანაძემ.
ევროკავშირის შუამავლობით გაფორმდა 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება. ამ შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი და საქართველოში გამოიგზავნა ევროკავშირის შეუიარაღებელი, სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია.
სერგი კაპანაძე, რომელიც წლების განმავლობაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის რანგში წარმოადგენდა საქართველოს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, არ ფიქრობს, რომ ტერმინოლოგიის შეცვლა არსებითად უარყოფით ზეგავლენას მოახდენს ევროკავშირის როლზე. მისი თქმით, მოსკოვმა და მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლებმა შეიძლება, საბაბად ყველაფერი გამოიყენონ, ისევე როგორც ახლა ითხოვენ დისკუსიების ჟენევიდან მინსკში გადატანას, თუმცა ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და მოსკოვის როლის მიმართ თავიდანვე ნათელი იყო და ამ მხრივ არაფერი იცვლება.
რაც შეეხება ტერმინ Breakaway-ს შენარჩუნებას ოკუპირებულის გვერდით, კაპანაძე მიიჩნევს, რომ სემანტიკური თვალსაზრისით აქ პრობლემა არ არის, რამეთუ ერთი და იგივე ტერიტორია ერთდროულად შეიძლება იყოს გამოყოფის მსურველი და ოკუპირებული.
თავად ევროკავშირი ტერმინოლოგიის ცვლილების კონტექსტში თავსებადობის საკითხს ახსენებს და იხსენებს, რომ ევროპულმა საბჭომ 2023 წლის დეკემბრის გადაწყვეტილებაში ხაზი გაუსვა თავის მოლოდინს, საქართველომ არსებითად გაზარდოს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) და სანქციებთან თანხვედრა, მათ შორის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების შესაბამისად.
ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრის მაჩვენებლის გაუმჯობესება ერთ-ერთია 9 ნაბიჯიდან, რომლის გადადგმას საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებისას დაევალა.
ამ თემაზე:
მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა ტერმინი “ოკუპაცია” დაამკვირდოს – პაპუაშვილი ბორელს
“ჩვენს ცოდვებს ევროპელებს ვსაყვედურობთ” – ტერმინ „სამხრეთ ოსეთის“ შესახებ
