ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

არძინბას ჟენევის დისკუსიების გადატანა მინსკში უნდა

3 მარტი, 2023 •
არძინბას ჟენევის დისკუსიების გადატანა მინსკში უნდა

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა აცხადებს, რომ საჭიროა, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები მინსკში იყოს გადატანილი.

“შვეიცარია სულ უფრო ნაკლებად ნეიტრალურია. ცდილობენ, ჩვენთვის გაუგებარ, უთანასწორო ენაზე გვესაუბრონ “, – ამბობს არძინბა რუსული გამოცემა სპუტნიკის ეთერში.

ჟენევის დისკუსიები 2008 წლიდან, აგვისტოს ომის შემდეგ მიმდინარეობს. მოლაპარაკებები ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით იმართება. პროცესში მონაწილეობენ საქართველო, რუსეთი და აშშ, ასევე, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობების წარმომადგენლები. დისკუსიების მორიგ რაუნდამდე, როგორც წესი, თანათავმჯდომარეები მოსამზადებელ შეხვედრებს ატარებენ თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში.

ძალის გამოუყენებლობა ჟენევის დისკუსიების მოლაპარაკებების ერთ–ერთი მთავარი საკითხია. საქართველოს უკვე დადებული აქვს ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა და ამავეს ითხოვს რუსეთის ფედერაციისგანაც. რუსეთს, რომელიც აცხადებს, რომ კონფლიქტში საკუთარ თავს მხარედ არ მიიჩნევს, სურს, საქართველომ მსგავსი შეთანხმებები ოფიციალურად გააფორმოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან. მსგავსი ინიციატივა ქართული მხარისთვის მიუღებელია.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდი თებერვალში იყო დაგეგმილი, თუმცა, მისი თანათავმჯდომარეების გადაწყვეტილებით, ის აპრილისთვის გადაიდო, რამაც მოსკოვის და, შესაბამისად, სოხუმისა და ცხინვალის შეშფოთება გამოიწვია.

“ეს არ არის პირველი შემთხვევა უკანასკნელ დროს, როდესაც თანათავმჯდომარეები ცალმხრივ გადწყვეტილებას იღებენ ყველანაირი ობიექტური მიზეზისა და მონაწილეებთან შეთანხმების გარეშე. 2022 წელს დაგეგმილი ოთხი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი შედგა. თანავმჯდომარეების მსგავსი ქმედებები ანგაჟირებულ ხასიათს ატარებს, ამ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების მუშაობას ხელს უშლის, რეგიონის სტაბილურობას დამატებით საფრთხეებს უქმნის”, – ამბობს არძინბა.

შესაბამისად, რუსულმა, აფხაზურმა და ოსურმა მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, მოსკოვში, სოხუმსა და ცხინვალში დაგეგმილი ოფიციალური შეხვედრებისთვის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეთა დელეგაცია არ დაუშვან.

მასალების გადაბეჭდვის წესი