ახალი ამბები

არ წარადგინოთ შოთაძე გენპროკურორად – NGO-ები საპროკურორო საბჭოს

5 თებერვალი, 2020 • 1377
არ წარადგინოთ შოთაძე გენპროკურორად – NGO-ები საპროკურორო საბჭოს

17 არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საპროკურორო საბჭოს მოუწოდებს, პარლამენტს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ყოფილი გენპროკურორი ირაკლი შოთაძე არ წარუდგინოს.

შოთაძე ერთ-ერთია იმ 17 კანდიდატიდან, რომელიც გენერალური პროკურორობისთვის იბრძვის. მმართველი გუნდის წევრებმა მისი მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს.

5 თებერვალს „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულმა პლატფორმამ“ განცხადება გაავრცელა გენერალური პროკურორის კონკურსთან დაკავშირებით, რომელსაც ხელს 17 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.

ორგანიზაციები საპროკურორო საბჭოს მოუწოდებენ, პარლამენტში არ წარადგინოს ირაკლი შოთაძის კანდიდატურა, ხოლო „სხვა პირის წარდგენის შემთხევაში დაასაბუთოს კანდიდატის მინიმალური შესაბამისობა გენერალური პროკურორისთვის წარდგენილ მოთხოვნებთან“;

არასამთავრობოები პარლამენტსაც მიმართავენ და მოუწოდებენ, „საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას შორის კონსენსუსისა და არა უმრავლესობის საფუძველზე, რაც ახლად დანიშნული გენერალური პროკურორის პოლიტიკურ ნეიტრალიტეტსა და ლეგიტიმაციას შეუწყობს ხელს“.


„2019 წლის 12 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც შალვა თადუმაძე პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩია, გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური გახდა. მას საპროკურორო საბჭოს 2/3-ით მხარდაჭერილ კანდიდატს, საკანონმდებლო ორგანო 76 ხმით ამტკიცებს.

საპროკურორო საბჭომ უკვე დაიწყო გენერალური პროკურორის შერჩევის პროცედურები. ამ კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს. გენერალური პროკურორის მიმდინარე კონკურსთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთდა. მათ შორის არსებულ ვითარებას განცხადებით გამოეხმაურა კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“, სადაც კრიტიკულად არის შეფასებული პროცესის გამჭვირვალობა და სამართლიანობა, შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების არარსებობა, გამოკვეთილია პოლიტიკური კონსენსუსისა და პოლიტიკური გავლენებისგან პროცესის გათავისუფლების მნიშვნელობა.

გენერალური პროკურორობის პრეტენდენტთა შორისაა ირაკლი შოთაძეც, ყოფილი მთავარი პროკურორი, რომელმაც თანამდებობა 2018 წლის 31 მაისს ხორავას ქუჩის საქმის თაობაზე მასშტაბური საპროტესტო გამოსვლის შემდეგ დატოვა, როგორც ხელმძღვანელმა, რომელმაც ვერ შეძლო მასზე დაკისრებული მოვალეობისთვის თავის გართმევა და მართლმსაჯულების პროცესში მასზე დაკისრებული მოვალეობების სათანადოდ შესრულება.

კანონის მიხედვით გენერალურ პროკურორად შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს. ბატონი შოთაძე კი ამ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს, მეტიც, ორი წლის მერე ყოფილ თანამდებობაზე მისი დაბრუნების მცდელობა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს გადადგომის დროს მის კეთილსინდისიერებას, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების უნარს“, – წერია განცხადებაში.

Click To Open

  1. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  2. ლიბერალური აკადემია თბილისი

  3. ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი

  4. საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები

  5. საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია

  6. ახალგაზრდული ალტერნატივა

  7. სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“

  8. მსოფლიიო გამოცდილება საქართველოსთვის

  9. საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრი

  10. ასოციაცია და რადიო „მწვანე ტალღა“

  11. “საზოგადოებრივი განვითარების აკადემია”

  12. სამოქალაქო განათლებისა და ადამიანის უფლებათა ცენტრი” 

  13. ასოციაცია ევროპული კვლევები საქარტველოს ინოვაციური განვითარებისთვის

  14. ასოციაცია “გადავარჩინოთ მომავალი თაობა”

  15. ,,ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსათვის”

  16. ა.ი.პ. „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო

  17. ჩართულობის და განვითარების ცენტრი

16 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძე წარუდგინა, რომელიც თანამდებობიდან 2018 წლის მაისში გადადგა.

თანამდებობიდან წასვლას წინ უძღოდა ხორავას ქუჩაზე 2017 წლის დეკემბერში მოკლული დავით სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქციები გამოძიების პროცესში არსებული დარღვევების გასაპროტესტებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი