ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ შეიტანა, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელების ნებართვა ირაკლი კობახიძის 11 აგვისტოს დათარიღებული განკარგულებით გაუგრძელდა.

ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს, რომელიც კომპანიის მფლობელ გიორგი არველაძეს ესაუბრა.

არველაძის თქმით, საუბარია დაახლოებით 300 ტონა საწვავზე, რომელიც მისმა კომპანიამ, ენგურის ხიდის გავლით, „აფხაზ პარტნიორებს“ მიაწოდა.

არველაძის მტკიცებით, საწვავი „ძირითადად გალის მოსახლეობისთვის, იქაური ბენზინგასამართი სადგურებისთვის“ არის განკუთვნილი.

„ეს რომ არ შეგვეტანა, 20-ლიტრიანი კანისტრებით დაიწყებდა 40 ათასი ქართველი გადმოსვლას ზუგდიდში. ამიტომაც გადაწყდა, რომ ჯობდა მე შემეტანა ჩემს აფხაზ მეგობრებთან ერთად“, — თქვა მან.

მისი თქმით, აფხაზეთისთვის მიწოდებული ბენზინი ქვეყანაში ევროპიდან შემოვიდა და მისმა კომპანიამ საქართველოში შეიძინა. ის ამბობს, რომ „აქამდე ხდებოდა სასოფლო-სამეურნეო და საკვები პროდუქციის მიწოდება, საწვავის მიწოდება პირველად მოხდა“.

„ვმუშაობ აფხაზ პარტნიორებთან ერთად. ეს არის ხიდი ქართულ და აფხაზურ ბიზნესს შორის“, — აცხადებს ბიზნესმენი.

„სოლიდუსს“ სპეციალური საწარმოს სტატუსი აქვს. ამ სტატუსს, რომელიც კომპანიას ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის უფლებას აძლევს, შემოსავლების სამსახური ანიჭებს. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით ახალი სამართლებრივი აქტის გამოცემის საჭიროება არ არსებობდა, რადგან მიწოდება „სპეციალური საწარმოს სტატუსის“ მქონე კომპანიამ განახორციელა.

„სოლიდუსს“ ოკუპირებულ რეგიონებში საქმიანობის უფლება სამი თვის ვადით საქართველოს მთავრობის 11 აგვისტოს განკარგულებით გაუგრძელდა.

11 აგვისტოს ენმ-ს უკვე გავრცელებული ჰქონდა ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის საწვავით მომარაგების შესახებ, რაც კობახიძემ მეორე დღეს დაადასტურა.

„12:00-დან 16:00 საათამდე სეპარატისტებს ე.წ. საზღვარი ჩაკეტილი ჰქონდათ. მოგვიანებით საზღვარი დროებით, მხოლოდ ერთი საათით გაიხსნა და ისევ დაიხურა (ჩვეულებრივ რეჟიმში 20:00 საათზე იკეტება). საღამოს ადგილობრივმა მოსახლეობამ დააფიქსირა 4 დიდი ბენზინმზიდი სატვირთო (ტრაილერი), რომლებიც შეიარაღებული პირების მეთვალყურეობითა და დაცვით გადავიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე“, — წერდა ენმ-ის წევრი ბესო შენგელია.

ბოლო დღეებში აფხაზეთში საწვავის დეფიციტის ფონზე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონში საწვავის დანარჩენი საქართველოდან შეტანის შესახებ.

„ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა“, – თქვა ირაკლი კობახიძემ, დაადასტურა რა, რომ საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი შევიდა.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ თქვა, რომ აფხაზეთის საწვავის ბაზრის მონაწილებმა „შეძლეს საქართველოს ტერიტორიიდან საწვავის შემოტანის შესაძლებლობის მოძებნა“.

„არსებული ვითარების განმუხტვის მიზნით გადაწყდა, რომ საქართველოდან საავტომობილო საწვავის შემოტანისთვის ხელის შეშლა არ მოხდა. ასე ხდებოდა სხვა კრიზისული სიტუაციების დროსაც. ომის შემდგომ, 1990-იან წლებში, აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან საქართველოში საწვავის მიწოდებაც ხორციელდებოდა. აფხაზეთის ხელისუფლება ხელს არ შეუშლის რესპუბლიკაში სხვა ქვეყნებიდან საწვავ-საპოხი მასალების შემოტანას და მზად არის, ამ პროცესში საწვავის ბაზრის მონაწილეებს დახმარება გაუწიოს“, – განუცხადეს „აპსნიპრესს“ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაში.