ახალი ამბები

მეგობრული იყო – შოთაძე ხაზარაძე/ივანიშვილის შეხვედრაზე

17 თებერვალი, 2020 • 1734
მეგობრული იყო – შოთაძე ხაზარაძე/ივანიშვილის შეხვედრაზე

გენპროკურორობის კანდიდატი და ყოფილი მთავარი პროკურორი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილისა და მამუკა ხაზარაძის შეხვედრა, რომელსაც ისიც ესწრებოდა – მეგობრული ხასიათის იყო.

მანამდე, მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ  რამდენიმე წლის წინ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში შეხვდა ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს. შეხვედრას ესწრებოდნენ თავად ივანიშვილი და ირაკლი შოთაძეც, რომელიც მაშiნ მთავარი პროკურორი იყო.

შოთაძემ დღეს პარლამენტში მოსმენაზე გაიმეორა ის სიტყვები, რაც საპროკურორო საბჭოში გასაუბრების დროს განაცხადა და თქვა, რომ შეხვედრის მიმდინარეობაში მას მონაწილეობა არ მიუღია.

„მე გავმეორდები მხოლოდ იმ კუთხით, რომ მთავარ პროკურორს, გენერალურ პროკურორს აქვს სრული უფლება, აწარმოოს კერძო შეხვედრები, როდესაც ეს შეხვედრები არ ეხება მის სამსახურეობრივ საქმიანობას, არ არის დაკავშრებული სისხლის სამართლის საქმესთან, ბრალდებასთან  – ეს არის გენრპოკურორის, როგორც ადამიანის, ფუნდამენტური უფლებები“, – ამბობს შოთაძე.

მისივე თქმით, ზემოხსენებულ უფლებას გენრპოკურორს კანონით არავინ უზღუდავს, თუმცა, თუ პარლამენტარები ფიქრობენ, რომ ეს უნდა შეიცვალოს – „რომ პროკუროს არ უნდა ჰქონდეს პირადი შეხვედრების შესაძლებლობა, მაშინ ეს საკანონმდებლო დონეზე უნდა აისახოს“.

შოთაძე შემდგომ კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ამ საუბარში მონაწილეობა არ მიუღია და არ ახსოვს, რაიმე თუ თქვა ხაზარაძის სასარგებლოდ – “როგორც მახსოვს, საერთოდ არ ჩავრეულვარ ამ საუბარში“.

“რაიმე რომ ყოფილიყო ამ შეხვედრაზე, რაც მე მაფიქრებინებდა, რომ ეს შესაძლოა  წინააღმდეგობაში მოდიოდეს პროკურორის ეთიკასთან, მე ამ შეხვედრას დავტოვებდი.

მსგავსი არ ყოფილა, იყო მეგობრული შეხვედრა, მე ვერ დავინახე იმ შეხვედრაში ვერაფერი ისეთი, რაც შეხვედრას დამატოვებინებდა. მთავარი ისაა, რომ მე არც ვერბალური და არც არავერბალური ქმედება არ ჩამიდენია. არავისზე ზეწოლა განმიხორციელებია და დისკუსიაში მონაწილეობა საერთოდ არ მიმიღია“ – ამბობს შოთაძე.


“თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ 2019 წლის სექტემბერში თქვა, რომ რამდენიმე წლის წინ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში შეხვდა ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს. შეხვედრას კი ესწრებოდნენ იმდროინდელი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და თავად ბიძინა ივანიშვილი. ვანო ჩხარტიშვილი იმ პერიოდში “თიბისი ბანკს” 30 მილიონ ლარს ედავებოდა და საქმე სასამართლოში განიხილებოდა. როგორც ხაზარაძე ამბობს, ივანიშვილთან მოსარიგებლად ავიდნენ. ხაზარაძის თქმით, მას ივანშვილმა საქმის საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოტანა მოსთხოვა.

“მე შოკირებული გამოვედი. ივანიშვილი იყო, პრაქტიკულად, პატარა სახელმწიფო, რომელიც საქმეს არჩევდა. გვერდით უზის პროკურორი და არჩევდა საქმეს. თუ მეუბნები, საქმე გამოიტანე სასამართლოდან, მაშინ პროკურორს რატომ მახვედრებ?”, – თქვა ხაზარაძემ.

შოთაძე ირწმუნება, რომ ივანიშვილ-ხაზარაძის შეხვედრას “შემთხვევით” დაესწრო

მასალების გადაბეჭდვის წესი