საზოგადოება

რა გამოტოვა ღარიბაშვილმა ევროკავშირის გაფართოებაზე საუბრისას

22 აპრილი, 2024 • 1784
რა გამოტოვა ღარიბაშვილმა ევროკავშირის გაფართოებაზე საუბრისას

მაშინ, როცა ქვეყანა ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე გადასვლას ელოდება,  ყოფილი პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ევროკავშირი გაფართოებისთვის მზად არ არის.

თუმცა საპირისპიროს მოწმობს ევროკავშირის ბოლო გადაწყვეტილებები, მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებითაც, რაც ქვეყნისთვის ჯერ ევროპული პერსპექტივის აღიარებაში, შემდეგ კი წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში აისახა.

იმ ფონზე, როცა ევროკავშირის მაღალჩინოსნების რიტორიკაც და გადაწყვეტილებებიც გაფართოებას რეალისტურად განიხილავს, „ქართული ოცნების“ ლიდერის განცხადება ევროკავშირზე უარის თქმისკენ გადადგმულ ნაბიჯად აღიქმება.

რა თქვა ღარიბაშვილმა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის გაფართოება რეალისტური გახდა და უკრაინასთან ერთად შესაძლებლობის ფანჯარა ისეთი ქვეყნებისთვის გაიღო, როგორიც მოლდოვა და საქართველოა.

ამას მოწმობს არ ამხოლოდ ევროკავშირის ლიდერების განცხადებები, რომ „გაფართოება ოცნება აღარაა“, არამედ მათი გადაწყვეტილებებიც, რის გამოც ახლა საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს, უკრაინა და მოლდოვა კი უფრო შორს არიან წასული და გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს იწყებენ.

თუმცა, განსხვავებული მოსაზრება აქვს მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, რომელმაც ევროკავშირის გაფართოების შესახებ ბოლოს მაშინ ისაუბრა, როცა მას რუსული კანონის გამო ევროკავშირიდან მომავალი კრიტიკა შეახსენეს.

კერძოდ, ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ რუსული კანონის მიღება საქართველოს ევროკავშირს დააშორებს. წლის ბოლოს ევროკომისიამ უნდა შეიმუშაოს შეფასება იმის თაობაზე, თუ როგორ ასრულებს საქართველო დემოკრატიზაციისაკენ მიმართულ რეკომენდაციებს, რის საფუძველზეც ბრიუსელი გადაწყვეტს, გადაიყვანს თუ არა თბილისს ევროკავშირის წევრობის შემდეგ ეტაპზე, რასაც მოლაპარაკებების დაწყება ჰქვია.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იმაზე „ჩასაფრებით“, თუ  რა თქვა, მათ შორის ევროპის წარმომადგენელმა, „ვერ განვვითარდებით და წინ ვერ წავალთ“.

„საუბარია იმაზე, რომ ამ კანონის მიღებით რაღაც შეიძლება შეიცვალოს და იქნება შემაფერხებელი ბარიერი. ჯერ საერთოდ ვთქვათ ის, რომ ქვეყანამ მიაღწია მაქსიმუმს, პიკი იყო შარშანდელი დეკემბერი, ჩვენ გავხდით კანდიდატი ქვეყანა. შემდეგ ეტაპი უკვე არის გაწევრიანება. დღეს ქვეყანა ვერ გახდება [ევროკავშირი წევრი], დღეს არ ვართ მზად, რომ წევრი ქვეყანა [გავხდეთ], ხომ ასეა, ხომ მეთანხმებით? არ არის კონსენსუსი იმაზე, რომ დღესვე შეიძლება გახდეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი, მით უმეტეს, ახლა, ამდენი პრობლემებია და იცით, რომ მთელი დრო დასჭირდება ამას. ბევრ რამეზე, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული ეს შემდეგი ნაბიჯები. თუ იმ დროისთვის, როდესაც ქვეყანა იქნება მზად და გვეტყვიან, რომ აი, ხვალვე გახდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმებაც, გადახედვა, შეცვლა, ახლის მიღება, ასე რომ, ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი არის ძალიან კარგად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 20 აპრილს.

საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა, ევროკავშირში პირდაპირ გაწევრიანებამდე, რეალურად, ჯერ შემდეგ ეტაპზე გადასვლას, ანუ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას ელოდება მიმდინარე წლის ბოლოს, თუმცა ყოფილ პრემიერ-მინისტრს ეს ფაზა საერთოდ არ უხსენებია. შესაბამისად, მას არც ის 9 ნაბიჯი უხსენებია, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, რათა ევროპულმა საბჭომ წლის ბოლო სამიტზე მხარი დაუჭიროს საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნას.

არადა, შარლ მიშელმა რუსულ კანონზე საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გაფართოება დამსახურებაზე დამყარებული პროცესია. რაც იმას ნიშნავს, რომ გაწევრიანების პროცესი ქვეყნის დემოკრატიზაციის გზით სვლასა და ევროკავშირთან დაახლოების ტემპზე იქნება დამოკიდებული.

„კანდიდატი ქვეყნები — რომლებსაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება — პატივს სცემენ ფუნდამენტურ საერთო პრინციპებსა და ღირებულებებს… თუ ისინი [საქართველოს პარლამენტი] კენჭს უყრიან კანონპროექტებს, რომლებიც არ შეესაბამება ამ პრინციპებსა და ღირებულებებს, ეს გავლენას მოახდენს პროცესზე“, — განაცხადა შარლ მიშელმა.

რა მიზანი ჰქონდა ღარიბაშვილის განცხადებას 

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი.

„დაახლოებით ეს თქვა: “ახლა მაგისთვის მზად არ ვარ. როცა მეტყვიან, რომ ხვალვე გაძლევთ ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიას, ავიღებ და იმწამსვე ვისწავლი წერა-კითხვასო… მანამდე კი მოსაწევით გავერთობიო” – ბრძენნი კი დუმან და ხელებს შლიან. ბუდა შაკიამუნი“, – დაწერა კახა გოგოლაშვილმა.

სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ვანო ჩხიკვაძე ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების ერთადერთი მიზანი მოსახლეობაში ევროსკეპტიციზმის გაზრდა და ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერის შემცირებაა.

მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებისადმი მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა „ანტიევროპულ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირზე ღიად უარის თქმას ურთულებს. ამიტომ, ვანო ჩხიკვაძის თქმით, ახლა „ქართული ოცნების“ მიზანია, რომ მოსახლეობაში ჯერ ევროკავშირის მიმართ მხარდაჭერა შეასუსტოს, რათა შემდეგ ევროინტეგრაციაზე უარი ღიად თქვას.

“როგორც კი ეს [ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი] ქვემოთ წამოვა და ჩამოვა იმ ნიშნულამდე, როცა უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს ან ნიჰილისტურად იქნება განწყობილი ამ საკითხის მიმართ, მერე უკვე ხელ-ფეხი გაეხსნება „ქართულ ოცნებას“, რომ სხვა ნაბიჯები გადადგას, მათ შორის შეცვალოს კონსტიტუცია და ამოიღოს 78-ე მუხლის ჩანაწერი, ან გადავიდეს შუალედურ თემაზე და ისაუბროს, რა კარგია ნეიტრალიტეტი. ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი, რათა საბოლოოდ იქამდე მივიდნენ, როცა იტყვიან, საქართველოს აღარ უნდა ევროკავშირის წევრობა.

მეორე მხრივ, ჩვენ გვესმის ევროკავშირის მხრიდან განცხადებები, როცა ფაქტობრივად ყველა მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ზუსტად ახლა არის გაფართოების შესაძლებლობა“, – აცხადებს ვანო ჩხიკვაძე.

ვანო ჩხიკვაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა თავის განცხადებაში ევროკავშირში ინტეგრაციის შემდეგი ეტაპი – გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა – საერთოდ გამოტოვა.

„ფაქტობრივად ამით ხდება იგნორირება იმისა, რომ საქართველოს შესასრულებელი აქვს ის  9 ნაბიჯი, რომელიც ევროკავშირმა გასული წლის ბოლოს მოგვცა. ზუსტად ეს არის  მიზანი, რომ ის საერთოდ მიეცეს დავიწყებას, თითქოს აქამდე არ არსებულა. ამის გამოა, რომ ეს ეტაპები, მოლაპარაკებების დაწყება, თავების გახნა და ა. შ. მისი მხრიდან არის განულებული. ორი ვარიანტია – შეიძლება [ირაკლი ღარიბაშვილმა] არ იცოდეს ამის შესახებ ან იცის და უბრალოდ, განზრახ აკეთებს ამ ყველაფერს“, – აცხადებს ვანო ჩხიკვაძე.

როგორც ვანო ჩხიკვაძე ამბობს,  ამ წუთას „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა ძალაუფლების შენარჩუნებაა და იმ ნაბიჯების შესრულებამ, რასაც ევროკავშირი ითხოვს, შესაძლოა ამაში ხელი შეუშალოს.

„მაგალითად: სასამართლოს დამოუკიდებლობა, ელიტური კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ადამიანის უფლებების დაცვა და ა.შ. ნიშნავს, რომ ამან შეიძლება სერიოზული პრობლემები შეუქმნას „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების შენარჩუნების გზაზე. სწორედ  ამის გამოა, რომ მას არ უნდა შებოჭილი იყოს გარკვეული მოთხოვნებით და ვალდებულებებით ევროკავშირის მხრიდან. თუკი ამით არ შეიბოჭება და შეძლებს ამის გარეშე გააგრძელოს არსებობა, ცხადია, ბევრად გაუადვილდება ხელისუფლების შენარჩუნების პროცესი“, – აცხადებს ვანო ჩხიკვაძე.

ევროკავშირში გაწევრიანების ეტაპები პირობითად 9 პუნქტად შეიძლება დავყოთ. ქვემოთ მოყვანილ სტატიაში გაეცნობით დეტალებს, სად დგას საქართველო ამჟამად და რა ეტაპები აქვს წინ საბოლოო წევრობამდე.

საქართველო EU-ის წევრობის კანდიდატია. რა ხდება შემდეგ?

მასალების გადაბეჭდვის წესი