საზოგადოება

EU-ს გაფართოება აღარ არის ოცნება, დროა წინ წავიწიოთ – მიშელი

28 აგვისტო, 2023 • 1309
EU-ს გაფართოება აღარ არის ოცნება, დროა წინ წავიწიოთ – მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ევროკავშირის გაფართოება აღარ არის ოცნება და გაერთიანება 2030 წლისთვის ამისთვის უკვე მზად უნდა იყოს.

შარლ მიშელი დღეს, 28 აგვისტოს, სიტყვით გამოვიდა საერთაშორისო სტრატეგიულ ფორუმზე, რომელიც სლოვენიაში, ქალაქ ბლენდში გაიმართა.

„ახლა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, უკრაინის ხალხი გმირულად იცავს თავის ქვეყანას. კრემლი თავს ესხმის არა მხოლოდ თავისუფალ და სუვერენულ მეზობელს, არამედ ყველა იმ ღირებულებას, რომლისაც გვჯერა – თავისუფლებას, დემოკრატიას, კეთილდღეობასა და თანამშრომლობას. წინა წლის ივნისში ჩვენ მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას. იგივე ელის საქართველოსაც, თუ ის საჭირო ნაბიჯებს გადადგამს.

შესაბამისად, გაფართოება აღარ არის ოცნება. დროა, წინ წავიწიოთ,“ – თქვა სიტყვით გამოსვლისას შარლ მიშელმა.

გაფართოებაზე საუბრისას მიშელმა თქვა, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია და ეს პროცესი შესაძლოა, „ზოგჯერ რთული და ზოგჯერ მტკივნეული“ იყოს, როგორც ევროკავშირისთვის, ასევე მისი მომავალი წევრებისთვის.

„ვფიქრობ, 2030 წლისთვის გაფართოებისთვის მზად უნდა ვიყოთ. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის მომდევნო გრძელვადიანი ბიუჯეტი უნდა ითვალისწინებდეს ჩვენს ერთობლივ მიზნებს. ეს ამბიციურია, მაგრამ აუცილებელი. ეს ჩვენს სერიოზულ განწყობას აჩვენებს“, – დასძენს მიშელი და ამატებს, რომ ეს გადაწყვეტილება ასევე ბიძგს მისცემს რეფორმებსა და ხელს შეუწყობს ერთობლივ თანამშრომლობას.

„შესაძლებლობების ფანჯარა ღიაა, ჩვენ ამის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ. სწორედ ამიტომ, ევროპული საბჭოს მომდევნო შეხვედრებზე ევროკავშირის ლიდერები გაფართოებას განიხილავენ.

ჩვენ მყარ პოზიციას დავიკავებთ უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკების დაწყების საკითხზე. მოლაპარაკების ამავე მაგიდასთან მე ველი ველი ბოსნია-ჰერცეგოვინასა და საქართველოს“, – განაცხადა მიშელმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი