საზოგადოება

საქართველო EU-ის წევრობის კანდიდატია. რა ხდება შემდეგ?

14 დეკემბერი, 2023 • 2972
საქართველო EU-ის წევრობის კანდიდატია. რა ხდება შემდეგ?

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა 14 დეკემბრის სამიტზე მხედველობაში მიიღეს კომისიის რეკომენდაცია და საქართველოს მიანიჭეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმება 9 ნაბიჯი.

ჩამოშალეთ: რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ?
  1. ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულირებასთან და ჩარევასთან ბრძოლა;
  2. ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრის მაჩვენებლის გაუმჯობესება;
  3. პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის შემდგომი გადაჭრა, მათ შორის უფრო ინკლუზიური საკანონმდებლო მუშაობით პარლამენტში მყოფი ოპოზიციური პარტიების ჩართულობით, განსაკუთრებით, იმ კანონმდებლობაზე, რომელიც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას უკავშირდება;
  4. თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა – განსაკუთრებით 2024 წელს – და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება. საარჩევნო რეფორმების დასრულება, მათ შორის ამომრჩეველთა შესაბამისი წარმომადგენლობის უზრუნველყოფა არჩევნების დღემდე დიდი ხნით ადრე;
  5. საპარლამენტო ზედამხედველობის შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. საკვანძო ინსტიტუტების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა;
  6. ყოვლისმომცველი და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის დასრულება და განხორციელება, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულება გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის გზით;
  7. სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტიანობის, ინსტიტუციური დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის მეტად უზრუნველყოფა. ამ ორგანოებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება ინკლუზიურ პროცესით. შედგეს კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის შემთხვევებთან დაკავშირებით ჩატარებული გამოძიებების ფართო მონაცემთა ბაზა;
  8. დეოლიგარქიზაციის შესახებ არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება, რათა დეოლიგარქიზაცია განხორციელდეს მრავალსექტორული, სისტემური მიდგომით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის შედეგად, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით;
  9. ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესება, მათ შორის, ადამიანის უფლებების ამბიციური სტრატეგიის განხორციელებისა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით. მოწყვლადი ჯგუფების, მედიაპროფესიონალებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ მუქარის ფაქტებზე მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიების დაწყება და ძალადობის ორგანიზატორებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების გამართვა, მათი ჩართულობის უზრუნველყოფა კანონშემოქმედებით და პოლიტიკის შემუშავების პროცესში და მათი თავისუფლად მუშაობის უზრუნველყოფა.

„ეს არის ისტორიული მომენტი და აჩვენებს ევროკავშირის სანდოობას“, — განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დაძაბული სამიტის პირველი დღის შემდეგ.

შემდეგი  ნიშანსვეტი

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველო ტრიოს ჯგუფში ერთი ნაბიჯით ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას, რომლებთანაც ამავე სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებით გაწევრიანების მოლაპარაკებები იხსნება.

სანახავად ჩამოშალეთ: ევროკავშირში გაწევრიანების ეტაპები
  1. ქვეყანა წარადგენს განაცხადს გაწევრიანებაზე საბჭოში;
  2. ევროკომისია წარადგენს მოსაზრებას განაცხადის შესახებ;
  3. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები იღებენ ერთსულოვან გადაწყვეტილებას ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსი მინიჭებაზე;
  4. პირობების დაკმაყოფილების შემდეგ წევრი სახელმწიფოები თანხმდებიან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე;
  5. ევროკომისია წარადგენს მოლაპარაკების საწყის ჩარჩოს, როგორც მოლაპარაკებების საფუძველს. გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ფორმალურად მას მერე იწყება, რაც წევრი სახელმწიფოები ჩარჩოზე შეთანხმდებიან;
  6. მოლაპარაკებების დროს, რომელიც დაყოფილია ბლოკების და თავების მიხედვით, ქვეყანა ევროკავშირის კანონების და სტანდარტების დასანერგად ემზადება;
  7. ყველა საკითხზე მოლაპარაკებების დასრულებისთანავე ევროკომისია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მზაობაზე თავის მოსაზრებას წარადგენს;
  8. ამ მოსაზრების საფუძველზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები იღებენ ერთსულოვან გადაწყვეტილებას მოლაპარაკებების პროცესის დასრულების შესახებ;
  9. ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო და კანდიდატი ქვეყანა ხელს აწერენ და რატიფიცირებას უკეთებენ გაწევრიანების ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც ქვეყანა ევროკავშირის წევრი ხდება. თანხმობა უნდა განაცხადოს ევროპარლამენტმაც. გაწევრიანების თარიღი მითითებულია ხელშეკრულებაში.

მოლაპარაკებების ჩარჩოს კიევისა და კიშინიოვისთვის ევროკომისია 2024 წლის გაზაფხულზე წარადგენს. თუ ევროკავშირის ლიდერებმა სხვა რამე გადაწყვეტილება არ მიიღეს, საქართველოსთვის შემდეგი მნიშვნელოვანი თარიღი 2024 წლის შემოდგომაა — გაფართოების ყოველწლიური პაკეტის გამოქვეყნება. ევროკომისია ყოველწლიურად იღებს გაფართოების პაკეტს — ესაა სტრატეგიული დოკუმენტი ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე და ანგარიშები, რომლებშიც შეფასებულია კანდიდატი ქვეყნებისა და პოტენციური კანდიდატების პროგრესი. თუ ევროკომისია დადებითად შეაფასებს ქვეყნის პროგრესს და იმავდროულად რეკომენდაციას მისცემს საბჭოს საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის შესახებ, ევროპულმა საბჭომ ასეთი გადაწყვეტილება, შესაძლოა, 2024 წლის ბოლოს მიიღოს.

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, სწორედ შემდეგი წელი იქნება კიდევ უფრო გადამწყვეტი იმისთვის, რომ დავეწიოთ ორ პარტნიორს „ასოცირებული ტრიოდან“ — უკრაინას და მოლდოვას. ამ განცხადებისთვის სალომე ზურაბიშვილი მორიგ ჯერზე გახდა კრიტიკის ობიექტი მმართველი გუნდის მხრიდან, სადაც აცხადებენ, რომ „კრიზისში მყოფ“ უკრაინასა და მოლდოვაზე წინ არიან.

ევროკავშირის გაფართოების გაჭიანურებული დღის წესრიგი ბოლო ორი ათწლეულია დასავლეთ ბალკანეთით შემოიფარგლება. (1999 წლიდან კანდიდატია ასევე თურქეთი, თუმცა დემოკრატიის უკუსვლის გამო ანკარასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები ჩიხშია შესული). 2022 წლიდან კი, რუსეთის უკრაინაში შეჭრით ნაკარნახევი გეოპოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ევროკავშირმა კიდევ უფრო აღმოსავლეთით, ლისაბონიდან თბილისამდე გაფართოების ინტერესი დაიბრუნა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას სიტყვებით რომ ვთქვათ, ევროკავშირის გაფართოების იდეა სწორედ კიევმა „გამოიყვანა კომიდან“ და მათ შორის ტრიოს ქვეყნებს ევროპული პერსპექტივა გაუხსნა უკრაინამ. ევროკავშირის თითქმის ყველა მაღალჩინოსანი დღეს იმეორებს, რომ ორი წლის წინ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატურაზე საუბარი წარმოუდგენელი იყო.

ამასთან, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ევროკავშირმა თავისი პოლიტიკური წონა და მანამდე გაჭიანურებული ბიუროკრატიის მოქნილობაც აჩვენა და ინტეგრაციის გზაზე მდგომ ქვეყნებს „სწრაფი გაწევრიანების“ იმედი გაუჩინა. თუმცა აქ ბრიუსელი იმეორებს, რომ გაფართოება „დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესად“ რჩება და ქვეყნის წინსვლა დამოკიდებულია კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზე, რომელიც მოიცავს მოქმედ საბაზრო ეკონომიკას, სტაბილურ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და ევროკავშირის წესებისა და კანონების მიღების მზაობას.

გაწევრიანების მოლაპარაკებები

კანდიდატის სტატუსის შემდგომი ეტაპი — გაწევრიანების მოლაპარაკებები — არის ყველაზე გრძელვადიანი და შრომატევადი პროცესი, როცა მოიცავს ქვეყნის ე. წ. სკრინინგს და მოლაპარაკებებს ევროკავშირის წესებისა და კანონების კრებულის (Acquis Communautaire) ამჟამად 35 თავის მიხედვით. მოლაპარაკების თავები 6 თემატურ ბლოკშია დაჯგუფებული და ფარავს ისეთ ასპექტებს, როგორიცაა საქონლისა და კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა, მედია, სოფლის მეურნეობა, ეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკა, დასაქმება და სხვა.

ყველაზე რთულად მიიჩნევა საფუძვლების შესახებ (fundametals) მოლაპარაკებების თავები, რომლებიც პირველ რიგში იხსნება და ბოლოს იხურება. ეს თავებია:

  • 23  — სასამართლო და ძირითადი უფლებები;
  • 24 — სამართლიანობა, თავისუფლება და უსაფრთხოება;
  • 5 — საჯარო შესყიდვები;
  • 18 — სტატისტიკა;
  • 32 — ფინანსური კონტროლი. 

საქართველოს მზაობის დონე 

მართლმსაჯულების თავი რთული დასაძლევი იქნება საქართველოსთვისაც. ევროკომისიის შეფასებით, მართლმსაჯულების სისტემა, მართალია, გარკვეულ დონეზეა მომზადებული,  წინსვლა შეზღუდულია. კომისიის თანახმად, რეფორმების ოთხმა ტალღამ სამართლებრივი ჩარჩო გააუმჯობესა, თუმცა უნდა განხორციელდეს შემდგომი, უფრო ფართო, სასამართლო და საპროკურორო დაწესებულებების სრულ დამოუკიდებლობაზე, ანგარიშვალდებულებაზე და მიუკერძოებლობაზე მიმართული რეფორმები; განსაკუთრებით ეს ეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

საერთო ჯამში, საკანონმდებლო ჩარჩო, ინსტიტუციური მოწყობა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, ევროკომისიის შეფასებით, ანიჭებს საქართველოს გარკვეული დონის მომზადებას შემდგომი დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმებისთვის.

კიდევ რას ელიან საქართველოსგან?

ევროკავშირის მოლოდინია, რომ უკვე კანდიდატის სტატუსით თბილისი აღარ გააგრძელებს დეზინფორმაციას ევროკავშირსა და მიის ღირებულებების წინააღმდეგ (მაგალითად, ომში ჩართვაზე) და მნიშვნელოვანწილად გაზრდის თანხვედრას ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან, მათ შორის, ევროკავშირის კანონთა კრებულთან, (EU acquis) შესაბამისობაში მოიყვანს კანონმდებლობას ორმაგი დანიშნულების პროდუქტების ექსპორტის კონტროლთან დაკავშირებით. თავის ანგარიშში ევროკომისია ხაზს უსვამს, რომ საქართველო არ მოვიდა თანხვედრაში ევროკავშირის სანქციებთან, რომელიც ბრიუსელმა დაუწესა რუსეთს და ბელარუსს და არ შეუერთდა ევროკავშირის უმაღლესი კომისრის შესაბამის განცხადებებს. საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის განცხადებებთან და საბჭოს გადაწყვეტილებებთან საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში 2020 წლის (62%) შემდეგ შემცირებულია: 2022 წელს – 44%, 2023 წელს – 43%.

რეფორმა ევროკავშირსაც სჭირდება

ევროკავშირის გაფართოების წინაპირობები მხოლოდ კანდიდატი ქვეყნების მზაობით არ შემოიფარგლება. ევროკავშირს ასევე უნდა შეეძლოს ახალი წევრების ინტეგრაცია.

14-15 დეკემბრის სამიტის მთავარი ინტრიგა მდგომარეობდა, შეძლებდა თუ არა ვიქტორ ორბანი უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის დაბლოკვას. მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ უნგრეთისთვის კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული კითხვების გამო შეჩერებული ათმილიარდიანი დახმარების განბლოკვა გადაწყვიტა, ბუდაპეშტმა ამჯერად უარი თქვა კიევისთვის წინაღობის შექმნაზე.

შანტაჟის ეს მაგალითიც აჩვენებს, რომ რაც მეტად გაიზრდება ევროკავშირის წევრთა რაოდენობა, მით უფრო გაჭირდება ერთსულოვნება. გაფართოებაზე კი ნებისმიერი გადაწყვეტილება უკლებლივ ყველა წევრის თანხმობას საჭიროებს. ევროკავშირში ახლა აქტიური დისკუსიაა, თუმცა არაა საერთო გაგება, როგორი რეფორმა უნდა გატარდეს. საფრანგეთი და გერმანია ემხრობიან, რომ ერთსულოვანი მხარდაჭერის ნაცვლად საგარეო პოლიტიკასა და გადასახადების საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება კვალიფიციური უმრავლესობითაც შეიძლებოდეს. თუმცა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, ასევე კვიპროსს და საბერძნეთს, არ სურთ საგარეო პოლიტიკაზე ვეტოს დაკარგვა, რაც კიდევ უფრო გაზრდის პარიზისა და ბერლინის გავლენებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე. ევროპარლამენტი, თავის მხრივ, მხარს უჭერს ანტიჩიხური მექანიზმების შექმნას საბჭოში, რაც გულისხმობს მეტი გადაწყვეტილების მიღებას კვალიფიციური უმრავლესობით და ჩვეულებრივი საკანონმდებლო პროცედურით.

„მე მჯერა, რომ შემდეგი გაფართოება უნდა იყოს პროგრესის კატალიზატორი. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია ვიყოთ გეოპოლიტიკური კავშირი და ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია სწრაფად ვიმოქმედოთ, როცა ერთიანი ვართ“, — განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თვის სიტყვაში ევროპარლამენტის წინაშე და გამოთქვა მტკიცე რწმენა, რომ ევროპის ერთობა 30+ წევრითაც ქმედითუნარიანი იქნება.

როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, ევროკავშირი ახალი წევრების მისაღებად მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის. ევროპარლამენტის რეკომენდაცია ასევე არის, გაწევრიანების მოლაპარაკებები 2030 წლამდე დასრულდეს. თუმცა ბლოკის შიგნით ბევრი ამ თარიღს გადაჭარბებულად ოპტიმისტურად მიიჩნევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი