საზოგადოება

ევროკავშირი „ოცნებას“ მოუწოდებს, გაიწვიოს I მოსმენით მიღებული „რუსული კანონი“

17 აპრილი, 2024 • 1201
ევროკავშირი „ოცნებას“ მოუწოდებს,  გაიწვიოს I მოსმენით მიღებული „რუსული კანონი“

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და „ქართულ ოცნებას“ „აგენტების კანონის“ გაწვევისკენ მოუწოდებენ.

„მიუხედავად ევროკავშირის არაერთგზის მოწოდებისა მსგავსი კანონმდებლობის გაუქმების შესახებ და მიუხედავად მასობრივი პროტესტისა, დღეს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ.

მოვლენათა ამგვარი განვითარება ძალზე შემაშფოთებელია და ამ კანონის საბოლოო მიღება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს წინსვლაზე ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ძირითად ნორმებთან და ღირებულებებთან.

საქართველოს ჰყავს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის წარმატებულ წინსვლას ევროკავშირის წევრობისკენ. შემოთავაზებულმა კანონმდებლობამ შესაძლოა შეზღუდოს როგორც სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიაორგანიზაციების თავისუფალი მუშაობის შესაძლებლობა, ასევე, გამოხატვის თავისუფლება და მოახდინოს საქართველოს მოქალაქეებისთვის სარგებლის მომტანი ორგანიზაციების უსამართლოდ სტიგმატიზირება“, — ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, „თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა დაათმობინოს  საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა — გზა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს“.

„ქართულმა ოცნებამ“ „რუსული კანონი“ პირველი მოსმენით, 83 ხმით მიიღო.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი