საზოგადოება

პარლამენტმა გენდერული კვოტირება გააუქმა

4 აპრილი, 2024 • 863
პარლამენტმა გენდერული კვოტირება გააუქმა

საქართველოს პარლამენტმა გენდერული კვოტირება გააუქმა. კანონპროექტის გაუქმებას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, 22 კი წინააღმდეგი იყო.

კვოტების გაუქმების შესახებ კანონპროექტი პარტია “გირჩმა” ბიუროზე 1 აპრილს წარადგინა, “ქართულმა ოცნებამ” კი მხარი დაუჭირა მის განხილვას დაჩქარებული წესით. საპარლამენტო ოპოზიცია ფიქრობს, რომ ინიციატივა სინამდვილეში არა “გირჩს”, არამედ მმართველ პარტიას ეკუთვნის. 

ამის მიზეზად სახელდება სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლით მმართველი პარტიისთვის შექმნილ გამოწვევა. კონკრეტულად, მაჟორიტარობის კანდიდატები, რომლებიც ჩვეულებრივ მდიდარი და გავლენიანი კაცები იყვნენ და რომლებსაც ფაქტობრივად გარანტირებული ჰქონდათ საკუთარ სამაჟორიტარო ოლქში გამარჯვება, ახლა პროპორციულ სიაში ადგილს მოინდომებენ. კვოტირება ყოფილ მაჟორიტარ კაცებს საარჩევნო სიაში უკან გადასწევს. ეს მათ არ აწყობთ, ამ ადამიანების მომდურება კი – “ქართულ ოცნებას”.

აქამდე არსებული კანონით პარტიულ სიაში მინიმუმ ყოველი მე-4 კანდიდატი განსხვავებული სქესის უნდა ყოფილიყო. ეს კანონი 2020 წელს “ქართული ოცნების” მხარდაჭერით დამტკიცდა და მიზნად ისახავდა საკანონმდებლო ორგანოსა და საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობის ზრდას.

კვოტების გაუქმებას მხარი დაუჭირეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ქალებმაც. მიუხედავად იმისა, რომ კვოტირების მექანიზმმა მხოლოდ ერთი მოწვევის პარლამენტში იმუშავა, ქალთა წარმომადგენლობა 20%-იც არ არის და ამ მაჩვენებლით მსოფლიო რეიტინგში 125-ე ადგილას ვართ, “ქართული ოცნების” წევრი ქალები ამტკიცებენ, რომ  მექანიზმმა თავისი ამოცანა უკვე შეასრულა.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი