ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა ორი ახალი მოსაზრება საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე, რომელთაგან ერთი ეხება გენდერული კვოტების გაუქმებას, მეორე კი – ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებას.
გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებით ვენეციის კომისია ხაზს უსვამს, რომ საერთაშორისო სტანდარტები აღიარებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებებს გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად, ისევე როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის გადაწყვეტილებაში დაადასტურა დროებითი გენდერული კვოტების კონსტიტუციურობა.
„2020 წლის ცვლილებები, რომლითაც შემოიღეს გენდერული კვოტები, ასევე პოლიტიკური პარტიებისთვის ფინანსური წახალისება, შეესაბამებოდა ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციებს, მაგრამ ისინი ახლა გაუქმებულია სხვა ზომებით ჩანაცვლების გარეშე, რომელიც ქალი კანდიდატების არჩევას შეუწყობდა ხელს.
მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ქვეყანას შეუძლია გადაწყვიტოს, თუ როგორ გააუმჯობესოს გენდერული თანასწორობა დემოკრატიულ ინსტიტუტებში, მათ შორის პარლამენტში, ნაჩვენებია, რომ გენდერულ კვოტებს შეუძლია გავლენა მოახდინოს ქალთა საპარლამენტო წარმომადგენლობაზე და ისინი არ ეწინააღმდეგებიან თანაბარ საარჩევნო უფლებას, თუ მათ აქვთ კონსტიტუციური საფუძველი, როგორც ეს არის საქართველოში“, — ნათქვამია ვენეციის კომისიის პრესრელიზში.
ამრიგად, ვენეციის კომისია რეკომენდაციას უწევს სპეციალური დროებითი ზომების მიღებას პარლამენტში და ადგილობრივ საბჭოებში (საკრებულოებში) ქალთა წარმომადგენლობის გასაუმჯობესებლად, როგორიცაა გენდერული კვოტების ან სხვა აღიარებული მეთოდების ხელახალი შემოღება ქალი კანდიდატების არჩევის გასაადვილებლად, რათა ქალთა არჩევის ამჟამინდელი პროცენტი გაუმჯობესდეს.
გარდა ამისა, ვენეციის კომისია შეშფოთებულია, რომ ცვლილებები მიღებულ იქნა დაჩქარებული წესით, წინასწარი საჯარო კონსულტაციების გარეშე და საქართველოს პრეზიდენტის, სახალხო დამცველის, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთი წარმომადგენლის შეშფოთების განხილვის გარეშე. ამასთან, ვენეციის კომისია ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკური პარტიების კანდიდატთა სიებთან დაკავშირებული ცვლილების მიღება საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წელზე ნაკლებ პერიოდში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საარჩევნო კანონის სტაბილურობასთან დაკავშირებით.
ვენეციის კომისია შეშფოთებულია იმის გამო, რომ მისი არც ერთი რეკომენდაცია, თუნდაც ნაწილობრივ, არ იქნა გათვალისწინებული საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში შესული ცვლილებების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილებას და ოპოზიციის კვოტით არჩეული ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის გაუქმებას.
კომისია ხაზს უსვამს, რომ მიღებული ცვლილებები აშკარად არასაკმარისია კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად, რაც გადამწყვეტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისთვის და ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობისთვის. ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი, ვენეციის კომისიის შეფასებით, უკავშირდება ვაკანტური პოზიციების შევსების ახალ ანტიჩიხურ მექანიზმს, რომელიც ითვალისწინებს კენჭისყრის ორი დამატებითი რაუნდის შესაძლებლობას, რომლის მიხედვითაც კანდიდატები შეიძლება აირჩიონ უბრალო უმრავლესობით, რაც მმართველ პარტიას საშუალებას აძლევს, ცესკოს (უპარტიო) წევრები და თავმჯდომარე მარტომ აირჩიოს.
ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობის პრინციპის საწინააღმდეგოდ, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე საარჩევნო კანონის ასეთი ფუნდამენტური ელემენტების ცვლილება გამართლებული იქნებოდა მხოლოდ კომისიის ძირითადი რეკომენდაციების დაცვის პირობით, უფრო ფართო (მათ შორის ოპოზიციის) მხარდაჭერის არსებობის შემთხვევაში.
„შემაშფოთებელია, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი წინა რეკომენდაცია ჯერ კიდევ არ იქნა გათვალისწინებული და არჩევნები კვლავ ჩატარდება იმ საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე, რომელსაც აქვს მთელი რიგი ხარვეზები. ვენეციის კომისია მხარს უჭერს თავის რეკომენდაციებს, მათ შორის საერთო მოწოდებას უფრო ყოვლისმომცველი რეფორმის შესახებ, ხშირი, შეზღუდული ცვლილებების ნაცვლად“, — აცხადებს ვენეციის კომისია და რადგან საქართველო მუშაობს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გასაგრძელებლად, კომისია მოუწოდებს ხელისუფლებას, „გამოიყენონ ეს, როგორც იმპულსი დემოკრატიული პროცესის შემდგომი გაძლიერებისათვის“.
ამ თემებზე: