ახალი ამბები

კვოტირების გაუქმებით ვაუარესებთ თანასწორობის მისაღწევად არსებულ მექანიზმებს – ომბუდსმენი

2 აპრილი, 2024 • 535
კვოტირების გაუქმებით ვაუარესებთ თანასწორობის მისაღწევად არსებულ მექანიზმებს – ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება და უარყოფითად აფასებს საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც გენდერული კვოტირების გაუქმებაა.

ომბუდსმენის განცხადებით, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები უგულებელყოფს ქალების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგებს და აუარესებს თანასწორობის მისაღწევად არსებულ მექანიზმებს.

„აღნიშნული ცვლილებები განსაკუთრებით საყურადღებოა იმის ფონზე, რომ ხსენებულის საპირისპიროდ, საქართველოს პარლამენტმა 2022 წელს მხარი დაუჭირა გენდერული კვოტირების 2032 წლამდე გახანგრძლივებას და ამით მკაფიოდ გაუსვა ხაზი ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობას და შესაბამისი საჭირო ღონისძიებების განხორციელებას ქალთა ჩართულობის გასაზრდელად.

გენდერული კვოტირების მექანიზმი არა ქალების მიმართ მინიჭებული პრივილეგია, არამედ ქალთა მიმართ დისკრიმინაციული მიდგომის აღმოფხვრის, სტერეოტიპებთან ბრძოლისა და საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულების შესრულების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

ქალები ყოველდღიურად აწყდებიან უხილავ ბარიერებს, რომელთა აღმოფხვრა და ქვეყანაში არსებითი თანასწორობის მიღწევა სავალდებულო გენდერული კვოტის პროპორციის დახვეწით და სხვა ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებითაა შესაძლებელი. დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებით კი უგულებელვყოფთ ქალების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგებს და ვაუარესებთ თანასწორობის მისაღწევად არსებულ მექანიზმებს.

ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია ქალების ხმა მკაფიოდ ისმოდეს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსა და პოლიტიკის განმსაზღვრელ სხვა უწყებებში, რათა დღის წესრიგში იდგეს ქალთა საჭიროებები და გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი ღონისძიებები“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.


„ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს „გირჩის“ ინიციატივას, რომელიც პარტიულ სიაში გენდერული კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს. გენდერული კვოტირების შესახებ არსებული კანონით პარტიულ სიაში მინიმუმ ყოველი მე-4 კანდიდატი განსხვავებული სქესის უნდა ყოფილიყო.

პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს და როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, გენდერული კვოტირების წესს მიმდინარე კვირაშივე გააუქმებენ.

ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები ფიქრობენ, რომ კვოტირების გაუქმების ინიციატივა არა “გირჩს”, არამედ “ქართულ ოცნებას” ეკუთვნის. თეონა აქუბარდიამ ნეტგაზეთთან საუბარში დაადასტურა, რომ ამის შესახებ უკვე რამდენიმე დღეა საუბრობენ კულუარებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი