საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.5% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.1% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 7.0%-ით განისაზღვრა.
საქსტატის ცნობით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტზე, ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელსა და მომსახურებაზე, ავეჯზე, საოჯახო ნივთებსა და სახლის მოვლაზე, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე.
საქსტატის თანახმად, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები წინა თვესთან შედარებით 1.4 პროცენტით შემცირდა, თუმცა ფასები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი გასული წლის ივლისთან შედარებით.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ
ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.25 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
- პური და პურპროდუქტები (29.3 პროცენტი),
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (21.3 პროცენტი),
- ყავა, ჩაი და კაკაო (18.2 პროცენტი),
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (18.1 პროცენტი),
- ზეთი და ცხიმი (17.5 პროცენტი),
- რძე, ყველი და კვერცხი (16.9 პროცენტი),
- თევზეული (14.9 პროცენტი),
- ხილი და ყურძენი (13.7 პროცენტი),
- ხორცი და ხორცის პროდუქტები (12.7 პროცენტი).
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 20.6 პროცენტით, რაც 2.46 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (25.6 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (14.7 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3.6 პროცენტი).
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 13.3- პროცენტიანი მატება, რაც 1.31 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე.
ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (27.3 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (13.1 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (6.0 პროცენტი).
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8.3- პროცენტიანი მატება, რაც 0.55 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (9.1 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (7.4 პროცენტი).