საზოგადოება

„ოცნება“ პარტიულ სიაში გენდერული კვოტირების წესს აუქმებს

1 აპრილი, 2024 • 1078
„ოცნება“ პარტიულ სიაში გენდერული კვოტირების წესს აუქმებს

„ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს „გირჩის“ ინიციატივას, რომელიც პარტიულ სიაში გენდერული კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს.

ამის შესახებ დღეს, პირველ აპრილს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი.

გენდერული კვოტირების შესახებ არსებული კანონით პარტიულ სიაში მინიმუმ ყოველი მე-4 კანდიდატი განსხვავებული სქესის უნდა ყოფილიყო.

როგორც „ქართული ოცნების“ წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობა ასევე მხარს უჭერს აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას.

როგორც დავითულიანმა განაცხადა, „გირჩის“ მხრიდან სანაცვლოდ მიღებული აქვთ თანხმობა, რომ ცესკოს თავმჯდომარის არჩევისას კანდიდატის კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმზე იქნება ორიენტირებული და არ იქნება გამოყენებული პირადი პოლიტიკური თემებისთვის.

ბიუროს სხდომაზევე იაგო ხვიჩიამ მადლობა გადაუხადა უმრავლესობის წევრებს, რადგან „პარლამენტში პირველად გახდა შესაძლებელი საქმეზე დალაპარაკება და რაღაც შეთანხმების მიღწევა“. ხვიჩიამ დანარჩენ საპარლამენტო ოპოზიციასაც სთხოვა, მხარი დაუჭირონ გენდერული კვოტირების გაუქმებას, რადგან ეს „მორალურად მნიშვნელოვანი“ საკითხია.

ბიუროს სხდომას ესწრებოდა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელი და „ქართული ოცნების“ წევრი ნინო წილოსანიც, რომელსაც გენდერული კვოტირების გაუქმებასთან დაკავშირებით აღნიშნულ სხდომაზე პოზიცია არ დაუფიქსირებია. წილოსანმაც, თანაგუნდელების მსგავსად, გენდერული კვოტირების წესის გაუქმების დაჩქარებულად განხილვას მხარი დაუჭირა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, გენდერული კვოტირების წესს მიმდინარე კვირაშივე გააუქმებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი