საზოგადოება

რატომ გახდა ბლინკენის შიდა დოკუმენტი ანტიამერიკული კამპანიის ახალი საბაბი საქართველოში

28 თებერვალი, 2024 • 1166
რატომ გახდა ბლინკენის შიდა დოკუმენტი ანტიამერიკული კამპანიის ახალი საბაბი საქართველოში

საქართველოში აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი გაკვირვებულია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა დოკუმენტი, რომელიც გენდერულად სენსიტიური ტერმინის გამოყენებას ეხება, საქართველოში ყურადღების საგანი გახდა.

დღეს, 28 თებერვალს, სახელისუფლებო პროპაგანდისტულმა ტელეარხმა „იმედმა“ გაამახვილა ყურადღება ამ დოკუმენტზე, რომლის თანახმადაც, ბლინკენმა სთხოვა თანამშრომლებს, არ გამოეყენებინათ გენდერის აღმნიშვნელი ტერმინები, მაგალითად, „მამაცი ქალები და კაცები“ და ისინი, შეძლებისდაგვარად, გენდერულად ნეიტრალური ტერმინებით ჩაენაცვლებინათ, რათა შესაძლო უხერხული შემთხვევები თავიდან აერიდებინათ.

აშშ-ის ელჩს „იმედმა“ ჰკითხა: „საქართველოც გაიზიარებს ამას [ამ პრაქტიკას]? ხომ არ ფიქრობთ, რომ ამას აქვს პროპაგანდის ნიშნები?“.

დანიგანმა „იმედის“ ჟურნალისტს უპასუხა, რომ დოკუმენტი არ ეხება საქართველოს.

„გაკვირვებული ვარ ყურადღებით, რომელიც ამ თემამ აქ მიიპყრო. ეს არის სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა დოკუმენტი, რომელიც ეხმარება უწყების თანამშრომლებს, ვისაც მეტი ინკლუზიურობა სურთ, გამონახონ გზები ამ თემებზე სასაუბროდ. ამას არაფერი აქვს საერთო საქართველოსთან“, – განაცხადა დიპლომატმა.

დანიგანმა ისიც აღნიშნა, რომ „ამაყი დედა, ცოლი და და არის“.

„ვფიქრობ, უნდა ვეცადოთ ისეთი ლექსიკის გამოყენება, რომელიც სხვებს პატივისცემით მოიხსენიებს“, – ხაზი გაუსვა ელჩმა.

დანიგანმა დაამატა, რომ ქართულ ენას სქესის აღმიშვნელი ნაცვალსახელები არ აქვს. ქართულისგან განსხვავებით, ინგლისურში განსხვავებული ვითარებაა და თითქმის ყველა ნაცვალსახელი ადამიანის სქესსაც ასახავს. თუმცა ზოგჯერ შესაძლებელია, ნაცვალსახელი არ ემთხვეოდეს გენდერს, რომელსაც ადამიანი თავს მიაკუთვნებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სწორედ ასეთი უხერხულობის თავიდან არიდებისთვის გამოიცა დოკუმენტი, რაც „სტანდარტული სამთავრობო პრაქტიკაა“.

რა წერია დოკუმენტში?

კონსერვატიული გამოცემის, „ნიუ-იორკ პოსტის“ ცნობით, ბლინკენმა სახდეპის თანამშრომლებს სთხოვა. შეძლებისდაგვარად, „გენდერულად ნეიტრალური ლექსიკა“ გამოიყენონ, რათა ამით „გამოხატონ პატივისცემა და თავიდან აირიდონ გაუგებრობები“. თანამშრომლებს ასევე სთხოვენ, შეხვედრებისას ან ელექტრონული მიმოწერის დროს, დაასახელონ თავიანთი ნაცვალსახელები (He/Him, ის/მას – კაცი, She/Her ის/მას – ქალი და ა.შ.), თუმცა დაჟინებით არავის სთხოვონ იმავეს გაკეთება.

დოკუმენტში აგრეთვე ნათქვამია, რომ უმჯობესია, არ იყოს გამოყენებული გავრცელებული ტერმინები, როგორიცაა „დედა/მამა, ვაჟიშვილი/ქალიშვილი, ქალბატონებო და ბატონები“ და ა.შ. და ისინი ჩანაცვლდეს ისეთი სიტყვებით, რომლებიც არ ასახავს ადამიანის გენდერს.

„ეს [ადამიანის] პირადი გადაწყვეტილებაა, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ“, – ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი