საზოგადოება

ხასაიას და ჩიქობავას ბრალი წაუყენეს — მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

25 იანვარი, 2024 • 844
ხასაიას და ჩიქობავას ბრალი წაუყენეს — მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

მოძრაობა „ხმის“ წევრებს, გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას, რომლებიც 23 იანვარს კეკელიძეზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს, პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წაუყენა.

უწყებამ ხასაიას და ჩიქობავას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლის მე-2 ნაწილის ქვეპუნქტით წაუყენა, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს. გამოძიება მათ ედავება აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის ფანჯრის ჩამტვრევას. ბრალი დამტკიცების შემთხვევაში ითვალისწინებს 3-დან 6 წლამდე პატიმრობას.

დაკავებულების ადვოკატის, გურო იმნაძის თქმით, პროკურატურამ  ხასაიას და ჩიქობავას აღკვეთის თაობაზე სასამართლოს დღეს უნდა მიმართოს, რის შემდეგაც სასამართლოს 24 საათი ექნება პროცესის ჩასანიშნად.

23 იანვარს აღსრულების პოლიციამ კეკელიძის პირველ ნომერში გამოსახლების პროცედურა დაახლოებით 11 საათიდან დაიწყო. ბინაში შესასვლელად აღსრულების თანამშრომლებმა კარი სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით შეანგრიეს და იქ მყოფი ადამიანები გარეთ ძალის გამოყენებით გამოყარეს.

გამოსახლების პარალელურად, კეკელიძის ქუჩაზე მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი.

ფეისბუკით გაშვებული პირდაპირი ეთერის წაყვანისას, პოლიციელებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს “მაუწყებლის” ჟურნალისტი მისი კუთვნილი მანქანიდან და მისთვის ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლა სცადეს.

24 იანვარს გამოსახლების პროცედურა დაგეგმილი იყო ცოტნე დადიანის 259 ნომერში, სადაც 2008 წლის ომის ვეტერანი მაია კაკიაშვილი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს და აღსრულების პოლიციას ისიც მხარდამჭერებთან ერთად ელოდა. მისი გამოსახლება გადაიდო რამდენიმე თვით (არაუმეტეს 6 თვისა). სახლთან შეკრებილ მხარდამჭერებს შეუერთდა წინა დღეს დაკავებული აქტივისტი გიორგი ღვინჯილია.

26 იანვარს გამოსახლების პროცედურა დაგეგმილია ზანდუკელის ქუჩის ორ ნომერში, სადაც გუჯა ბალახაძის ოჯახი ცხოვრობს.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი