საზოგადოება

პრეზიდენტი თბილისში მიმდინარე ელჩების კონფერენციაზე არ მიიწვიეს – ადმინისტრაცია

26 დეკემბერი, 2023 • 807
პრეზიდენტი თბილისში მიმდინარე ელჩების კონფერენციაზე არ მიიწვიეს – ადმინისტრაცია

თბილისში მიმდინარე ელჩების კონფერენციაზე დასასწრებად საქართველოს პრეზიდენტს მოწვევა არ მიუღია. ამის შესახებ აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში მიმდინარე ელჩების კონფერენციას წელსაც არ ესწრება.

2023 წლის ელჩების კონფერენცია თბილისში დღეს, 26 დეკემბერს გაიხსნა. კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე.

ელჩების კონფერენციას ასევე ესწრებიან მთავრობის წევრები, პარლამენტის და საპატრიარქოს წარმომადგენლები.

თუმცა, შარშანდლის მსგავსად, ელჩების კონფერენციას წელსაც არ დასწრებია პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

შარშან ამბასადორიალზე სალომე ზურაბიშვილის არდასწრების მიზეზად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში „პროტოკოლით გათვალისწინებული ადგილების რიგითობის დარღვევა“ დაასახელეს.

26-28 დეკემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, იმართება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება – „ელჩების კონფერენცია 2023, საქართველო – ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა”.

2023 წლის ელჩების კონფერენციის მთავარი ფოკუსი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილება იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი