საზოგადოება

ოთხოზორიას ოჯახმა რუსეთს სტრასბურგში დავა მოუგო

19 დეკემბერი, 2023 • 1649
ოთხოზორიას ოჯახმა რუსეთს სტრასბურგში დავა მოუგო

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის უფლება. რუსეთის ფედერაციას ოთხოზორიას ოჯახისთვის 130 000 ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე „მატკავა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“, რომელშიც მომჩივნები იყვნენ გიგა ოთხოზორიას დედა ჯულიეტა ჭანტურია, ცოლი ნინო მატკავა და ორი არასრულწლოვანი შვილი: აკაკი და ქეთევან ოთხოზორიები.

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ:

  • მოპასუხე მთავრობამ ვერ შეასრულა კონვენციის 38-ე (საქმის განხილვა) მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები;
  • დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) არსებითი და პროცედურული მხარეები;
  • არ არის საჭირო საჩივრის განხილვა მე-13 მუხლით (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) კონვენციის მე-2 მუხლთან დაკავშირებით;

თითოეული მომჩივანი ითხოვდა 70 000 ევროს კომპენსაციას არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად. სასამართლომ რუსეთს განმცხადებლებისთვის ერთობლივად 130 000 ევროს კომპენსაციის გადახდა დააკისრა. რუსეთმა ასევე უნდა შეიტანოს 9 265 ევრო ევროპის ადამიანის  უფლებათა ადვოკატირების ცენტრის ანგარიშზე, ხარჯების ასანაზღაურებლად.

„მიუხედავად იმისა რომ რუსეთის მხრიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულება, სავარაუდოდ, არ მოხდება, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. აფხაზი ე.წ. მესაზღვრე გადმოვიდა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, მოკლა ჩვენი მოქალაქე და აღნიშნულ ფაქტზე ევროპულმა სასამართლომ პასუხისმგებლობა დააკისრა რუსეთის ფედერაციას. როდესაც იქნება დებატები, პირდაპირ ველაპარაკოთ აფხაზებს თუ არა, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ევროპულმა სასამართლომაც კი თითოეულ მათ მოქმედებაზე პასუხისმგებელ პირად რუსეთი განსაზღვრა“, — წერს ადვოკატი გიორგი ტაბატაძე, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში ოთხოზორიას ოჯახის ინტერესებს საწყის ეტაპზე წარმოადგენდა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამ საქმეს ევროპულ სასამართლოში აწარმოებდა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერითა და „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) თანამშრომლობით. საია-ს შეფასებით, გიგა ოთხოზორიას საქმეს გააჩნია სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ იმსჯელა, თუ რამდენად ახორციელებს რუსეთის ფედერაცია ეფექტიან კონტროლს აფხაზეთის ტერიტორიაზე და რამდენად ეკისრება მას პასუხისმგებლობა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა ქმედებებზე.

როგორც შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრებიდან ჩანს, გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარედ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ე.წ. აფხაზმა მესაზღვრემ რაშიდ კანჯი-ოღლიმ მოკლა. ოთხოზორიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ოჯახის წევრებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით 2018 წლის 11 იანვარს მიმართეს. წარდგენილ საჩივარში მომჩივნები დავობენ ე.წ. აფხაზი მესაზღვრის მიერ ძალის უკანონო გამოყენების შედეგად გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის მოსპობასა და ამ ფაქტზე წარმოებული გამოძიების არაეფექტურობაზე.

ოთხოზორიას მკვლელობა არის რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მეოთხე სახელმწიფოთაშორისო საჩივრის ნაწილიც, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის მიერ საქართველოს მოსახლეობის მიმართ ჩადენილ დანაშაულებსა და ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტებს შეეხება.

2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთი აღარ არის ევროპის საბჭოს წევრი და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მხარე, თუმცა ვალდებულია, აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე, რომელთა წარმოებაც 2022 წლის 16 სექტემბრამდე დაიწყო. რუსეთი ამ ვალდებულებას არ ასრულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი