საზოგადოება

ევროკავშირის უჩვეულო სამიტის შედეგები

15 დეკემბერი, 2023 • 3249
ევროკავშირის უჩვეულო სამიტის შედეგები

ბრიუსელში დასრულდა ევროკავშირის დაძაბული სამიტი, რომელზეც უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას დაუჭირეს მხარი, საქართველოს კი კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.

ევროკავშირი მოლაპარაკებებს გახსნის ბოსნია და ჰერცეგოვინასთანაც მას შემდეგ, რაც ქვეყანა მიაღწევს წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს.

„მსოფლიოში, რომელიც შეძრულია მრავალი კრიზისით, ეს არის ინვესტიცია სტაბილურობაში, ეს არის ინვესტიცია ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არის ინვესტიცია ჩვენი კონტინენტის კეთილდღეობაში და ეს არის დიდი ინვესტიცია დემოკრატიაში“, — განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

სამიტი ისტორიული იყო არა მხოლოდ გაფართოებაზე მიღებული გადაწყვეტილებების, არამედ უპრეცედენტო შემთხვევის გამო, როდესაც ევროკავშირის ლიდერებმა გაფართოებასთან დაკავშირებულ საკითხზე გადაწყვეტილება არასრული – 26 წევრის შემადგენლობით მიიღეს.

სამიტის მთავარი ინტრიგა იყო, დაბლოკავდა თუ არა უნგრეთი უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას. სამიტის წინ და, როგორც ირწმუნება, სამიტზე მისაღები გადაწყვეტილებებისგან დამოუკიდებლად, ევროკომისიამ განბლოკა 10 მილიარდი ევრო უნგრეთისთვის დაბლოკილი 30 მილიარდიდან. ბუდაპეშტის შანტაჟისთვის დათმობისთვის ევროკომისია ბევრმა გააკრიტიკა, მათ შორის, ევროპარლამენტში. უნგრეთისთვის თანხები დაბლოკილი იყო კანონის უზენაესობის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში რეფორმების განხორციელებამდე, რაც, უნგრეთის სამოქალაქო საზოგადოების, ექსპერტებისა და ევროპარლამენტარების შეფასებით, არ მომხდარა.

10-მილიარდიანი დაფინანსების განბლოკვის მიუხედავად, ვიქტორ ორბანს განცხადებების ფორმულირება არ შეურბილებია და 14 დეკემბერს, დილით, სამიტზე მისულმა გაიმეორა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების არავითარი საფუძველი არ არსებობდა. თუმცა რამდენიმესაათიანი დისკუსიების შემდეგ, შარლ მიშელმა დაპოსტა, რომ ევროპულმა საბჭომ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების გახსნა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა.

როგორც აღმოჩნდა, კენჭისყრისას ვიქტორ ორბანი უბრალოდ ოთახიდან გავიდა, რათა დარჩენილი 26 სახელმწიფოს ლიდერს გადაწყვეტილების ერთსულოვნად მიღება შეძლებოდათ.

„ეს იყო გამონაკლისი. პირველი შემთხვევა არ არის, როცა უნგრეთი გვერდზე გაწიეს გადაწყვეტილების მიღების დრო, მაგრამ ნამდვილად უნიკალურია, რომ ასეთი მნიშვნელობის, მთავარი გადაწყვეტილება ერთი ქვეყნის გარეშე მიეღოთ. არ მგონია, მსგავსი რამ განმეორდეს. უპრეცედენტო შემთხვევაა და ვვარაუდობ, რომ უპრეცედენტოდ დარჩება მომავალში“, — გვეუბნება საერთაშორისო პოლიტიკის სპეციალისტი, ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ქურტ დებუფი.

თუმცა, მისივე თქმით, ქვეყნების უმრავლესობა თანხმდება, რომ ერთხმად გადაწყვეტილებების მიღების პროცედურა წარსულია და აღარ მუშაობს. გამონაკლისია პატარა ქვეყნები, რომელთაც ვეტოს დათმობა არ სურთ.

„მომავალში საჭირო იქნება პროცედურის შეცვლა. რასაც ახლა ვუყურებთ, ეს არის პროცესი, როდესაც ერთი თუ მეორე გზით, ამ მიმართულებით მივდივართ“, — დასძენს დებუფი.

თუმცა უნგრეთის ლიდერმა ვეტო გამოიყენა უკრაინისთვის 50 მილიარდის ევროს გამოყოფისა და ევროკავშირის ბიუჯეტის გადახედვის საკითხზე.

ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტი ან მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩო (MFF) ითვალისწინებს პროგრამებისა და ქმედებების დაფინანსებას პოლიტიკის ყველა სფეროში, ევროკავშირის გრძელვადიანი პრიორიტეტების შესაბამისად. მიმდინარე MFF მოიცავს 2021-2027 წლების პერიოდს. ვადამდე ადრე გადახედვის საკითხი დღის წესრიგში დადგა უკრაინაში რუსეთის ომით გამოწვეული კრიზისებიდან გამომდინარე. 2023 წლის ივნისში ევროკომისიამ წარადგინა სამი საკანონმდებლო წინადადება ევროკავშირის ბიუჯეტის გასაძლიერებლად. გაზრდილი ბიუჯეტიდან 50 მილიარდი ევრო უნდა მოხმარებოდა უკრაინას მომავალი ოთხი წლის განმავლობაში.

ევროკავშირის ლიდერები დარწმუნებული არიან, რომ უკრაინის დახმარების დაპირებას შეასრულებენ. მათ შორის „პოტენციურ ალტერნატივებზე მუშაობისა და ოპერატიული გადაწყვეტის გზით“ იმ შემთხვევაში, თუ 27-ივე წევრის თანხმობა მიღწეული არ იქნა.

ერთი გზაა, 26 ქვეყანა უკრაინისთვის თანხების ინდივიდუალურად შეგროვების გზით წავიდეს, თუმცა ეს რთული იქნება. უფრო რეალურია, რომ ევროკავშირის ლიდერები გამონახავენ გზას კონსენსუსისთვის. ორბანმა შესაძლოა, ივაჭროს ვეტოს მოხსნის სანაცვლოდ უნგრეთისთვის დარჩენილი თანხების განბლოკვაზე. ამაზე მისმა მთავარმა პოლიტიკურმა მრჩეველმა მიანიშნა.

„თუ წევრ ქვეყნებს ან ევროკომისიას სურთ ბიუჯეტის ცვლილებები… ჩვენ უნდა ვიპოვოთ თანხმობა ბიუჯეტის საკითხებზე, რომელიც აშკარად მოიცავს უნგრეთის ბიუჯეტის სახსრებს“, — განუცხადა ბალაშ ორბანმა (ნათესაური კავშირის არ აქვს ვიქტორ ორბანთან) უნგრეთის სახელმწიფო რადიოს.

უნგრეთმა ასევე განაცხადა, რომ კიდევ შეუძლია უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების დაბლოკვა. ეს შეიძლება მოხდეს გაწევრიანების მოლაპარაკების საწყისი ჩარჩოს შეთანხმებისას, რის შემდეგაც იწყება რეალურად მოლაპარაკებები.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაითვალა, რომ ორდღიან სამიტზე 15 საკითხზე შეთანხმდნენ. ევროპულმა საბჭომ მიიღო დასკვნები უკრაინის, ახლო აღმოსავლეთის, გაფართოებისა და რეფორმების, უსაფრთხოებისა და თავდაცვის, მიგრაციის და სხვა საკითხების, ევროკავშირისა და თურქეთის ურთიერთობების, ანტისემიტიზმის, რასიზმისა და ქსენოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე, რაც ნიშნავს, რომ რუსული ალმასის იმპორტის ეტაპობრივი აკრძალვა, სხვა ზომებთან ერთად, ძალაში შევა 2024 წლის პირველი იანვრიდან. ასევე, ფართოვდება სექტორული და ინდივიდუალური სანქციები.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა თქვა, რომ უახლოეს დღეებში დაიწყებს ახალი სამიტის მომზადებას, რომელიც „მომავალი წლის დასაწყისში“ გაიმართება. 14-15 დეკემბერს გადაუწყვეტელ საკითხებს, ბიუჯეტის ცვლილებისა და უკრაინის 50-მილიარდიანი დახმარების ჩათვლით, ევროპული საბჭო მომავალ სამიტზე დაუბრუნდება.

ამ თემაზე:

ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა

საქართველო EU-ის წევრობის კანდიდატია. რა ხდება შემდეგ?

„ეს არის ისტორიული მომენტი და ძლიერი პოლიტიკური სიგნალი“ — მიშელი

მასალების გადაბეჭდვის წესი