საზოგადოება

პრეზიდენტის ცნობით, თსუ-ის რექტორი ხელს უშლის კამპანიას „ჩვენი ხმა ევროპას“

30 ნოემბერი, 2023 • 1600
პრეზიდენტის ცნობით, თსუ-ის რექტორი ხელს უშლის კამპანიას „ჩვენი ხმა ევროპას“

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინფორმაციით, თსუ-ის რექტორი სტუდენტებს ნებას არ რთავს, უნივერსიტეტის შენობაში მაგიდები გაშალონ და ხელმოწერები შეაგროვონ პეტიციისთვის „ჩვენი ხმა ევროპას“.

პრეზიდენტი ასევე საუბრობს სკოლის მოსწავლეებზე ზეწოლის შესახებ.

„მე ვიყავი ახლა სოფლებში. ჩემთვის ძალიან გაუგებარია, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები არ ხვდებიან პრეზიდენტს, როცა ჩადის ადგილზე. არ ხვდებიან დიპლომატიური კორპუსის წარმადგენლებს, როცა ისინიც ესწრებიან ამ ღონისძიებებს, რომლის მიზანი არის ერთი — საქართველოს ევროპული გზა. კიდევ უარესი — სკოლის ბავშვების მიმართ მუქარა, რომ არ მიხვიდეთ, არ მესმის. არც ის არ მესმის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი არ აძლევს უფლებას სტუდენტებს, რომ გაშალონ მაგიდები და ხელი მოაწერინონ ამ ძალიან მარტივ განცხადებაზე“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 30 ნოემბერს,  მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) ორგანიზებულ კონფერენციაზე „საქართველოს არჩევანი“.

ზურაბიშვილის თქმით, რექტორი ამბობს, რომ უნივერსიტეტის შენობის შიგნით პოლიტიკური ღონისძიების ჩატარება არ შეიძლება. თუმცა, თავად პრეზიდენტის შეფასებით, პეტიციის ტექსტი არის ყველაზე აპოლიტიკური.

„ნეტგაზეთი“ საპასუხო კომენტარისთვის დაუკავშირდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, თუმცა არც რექტორმა და არც თსუ-ის პრესსამსახურმა ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

სტუდენტები ხელმოწერებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის წინ აგროვებენ.

პრეზიდენტი აგროვებს ხელმოწერებს პეტიციისთვის „ჩვენი ხმა ევროპას“, რომელიც ევროპის ლიდერებს მოუწოდებს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ. კამპანიის ფარგლებში იგი რეგიონებში მართავს შეხვედრებს, რომელსაც, ზურაბიშვილის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ ესწრებიან.

„გამაოგნებელია, რომ ადგილობრივი მმართველობა არ მოსულა“ — პრეზიდენტი ყვარელში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი