საზოგადოება

ითხოვს თუ არა ევროკომისია საქართველოში საარჩევნო ბარიერის დაწევას – პიტერ სტანოს განმარტება

18 ნოემბერი, 2023 • 1847
ითხოვს თუ არა ევროკომისია საქართველოში საარჩევნო ბარიერის დაწევას – პიტერ სტანოს განმარტება

ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის მთავარი პრესსპიკერი, პიტერ სტანო ნეტგაზეთთან განმარტავს, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 9 რეკომენდაცია ითვალისწინებს თუ არა საარჩევნო ბარიერის დაწევას, რის შესახებაც თბილისში დისკუსიები მიმდინარეობს.

კერძოდ, ცხრიდან ევროკომისიის მე-4 რეკომენდაცია, რომელიც საარჩევნო გარემოს შეეხება, ამბობს, რომ ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს თავისუფალი, კონკურენტული და სამართლიანი საარჩევნო პროცესი, განსაკუთრებით, 2024 წელს და შეასრულოს ეუთო/ოდირის რეკომენდაციები.

კომისია იქვე აღნიშნავს, რომ ქვეყანამ უნდა დაასრულოს საარჩევნო რეფორმები, მათ შორის ამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლების უზრუნველყოფა არჩევნებამდე საკმაოდ ადრე.

რას გულისხმობს ევროკომისია ამ ჩანაწერში, დაზუსტებული არაა. თუმცა ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ აღნიშნული ჩანაწერი, სავარაუდოდ, საარჩევნო ბარიერის დაწევას უნდა ნიშნავდეს, რათა ამომრჩეველთა ხმები პარლამენტში სათანადოდ იყოს წარმოდგენილი.

ნეტგაზეთმა ევროკომისიას სთხოვა ზემოხსენებული ჩანაწერის განმარტება და საპასუხოდ პიტერ სტანოს კომენტარი მიიღო ბრიუსელიდან:

“ევროკავშირის შიგნით წევრ ქვეყნებს სხვადასხვაგვარი საარჩევნო სისტემები აქვთ განსხვავებული საარჩევნო ბარიერებით. ქვეყნის გადასაწყვეტია, როგორი საარჩევნო სისტემა ექნება საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკების ფარგლებში.

ეს სტანდარტები და კარგი პრაქტიკები მოიცავს ფართო პოლიტიკური კონსენსუსის საჭიროებას და რეფორმების არჩევნებამდე დასრულებას.

ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ საქართველოში საარჩევნო რეფორმა მიმდინარეა და პირველი მოსმენით [მიღებულია] დიდი, მრავალპარტიული მხარდაჭერით. ასევე, შევნიშნავთ, რომ ეს მრავალპარტიული კონსენსუსი 2021 წელს ევროკავშირის მედიაციით [შარლ მიშელის მონაწილეობით. ნეტ.] მიღებული შეთანხმების ნაწილიც იყო.

ასეთი რეფორმა, რომლის გამოყენებასაც პოლიტიკური პარტიები 2024 წლის არჩევნებში დაეთანხმებიან, იდეალურ შემთხვევაში უნდა დასრულდეს არჩევნებამდე ერთი წლით ადრე.

დამატებითი რჩევები საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესახებ შესაძლოა მოიძიოთ შესაბამისი ორგანიზაციებისაგან, როგორიცაა ეუთო/ოდირი”, – აცხადებს პიტერ სტანო ნეტგაზეთთან.

კონტექსტი

საქართველოს კონსტიტუცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების 5%-იანი ბარიერით ჩატარებას ითვალისწინებს. თუმცა 2020 წლის არჩევნების შემდეგ დაწყებული პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის მიზნით დადებული 19 აპრილის ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებით, პოლიტიკურმა პარტიებმა აიღეს ვალდებულება, რომ გატარდებოდა საარჩევნო რეფორმა, რომლის ფარგლებშიც ბარიერი „ბუნებრივიდან 2%-მდე“ განისაზღვრებოდა.

19 აპრილის შეთანხმების საფუძველზე პარლამენტმა 2021 წლის სექტემბერში საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო, რომელიც საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევას ითვალისწინებს. თუმცა მეორე და მესამე მოსმენა არ გამართულა და საკონსტიტუციო ცვლილებებიც ძალაში არ შესულა. მმართველი პარტია აცხადებდა, რომ ბარიერის დაწევის არავითარი ვალდებულება არ აქვს. ამას ერთოდა ისიც, რომ 2021 წლის ივლისში მმართველმა პარტიამ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

თუმცა მას შემდეგ, რაც 2022 წლის მარტში საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთა, დღის წესრიგში ისევ დაბრუნდა საკონსტიტუციო ცვლილებების ბოლომდე მიყვანა. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებდნენ, რომ თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებდა, მაშინ საარჩევნო ბარიერს 2%-მდე დაწევდნენ. ამასთან დაკავშირებით განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 2022 წლის 7 ივლისს გააკეთა, როდესაც უკვე ჩავლილი იყო ევროპული საბჭოს სხდომა, რომელზეც საქართველომ სტატუსი ვერ მიიღო.

კერძოდ, კობახიძემ განაცხადა, რომ „[2022 წლის] დეკემბერში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად, 2024 წლის და მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი ბარიერით ჩატარდება“.

მოგვიანებით ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატობის საკითხის ხელმეორედ გარკვევა 2023 წლის ბოლომდე გადადო, თავდაპირველად დაანონსებული 2022 წლის დეკემბრის ნაცვლად. ამის შემდეგ „ქართულ ოცნებაში“ აცხადებდნენ, რომ კობახიძე გულისხმობდა კანდიდატის სტატუსის 2022 წელს მიღებას. მმართველი პარტიის განცხადებით, მათ ლიდერს არ უთქვამს, რომ „თუ საქართველო სტატუსს გაისად, ოდესღაც და იმის შემდეგ მიიღებს“, ბარიერს დაწევდნენ.

მას შემდეგ, რაც 8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის ახალი პირობები განსაზღვრა, რომელშიც მათ შორის  ისიც თქვა, რომ ამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლების უზრუნველყოფა უნდა მოხდეს, გაჩნდა კითხვა, ხომ არ შეიცვლებოდა ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის ბოლო პოზიცია.

“ქართული ოცნებაში” განაცხადეს, რომ არ აპირებენ 5%-იანი ბარიერის დაბლა დაწევას. მეტიც, ოპოზიციის ნაწილის შესაბამის წინადადებას პარლამენტის თავმჯდომარემ მათხოვრობაც უწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი