საზოგადოება

I მოსმენით მიიღეს კანონპროექტი, რომლითაც მომავალი დეპუტატების მინიმალური ხელფასი 78%-ით იზრდება

15 ნოემბერი, 2023 • 1820
I მოსმენით მიიღეს კანონპროექტი, რომლითაც მომავალი დეპუტატების მინიმალური ხელფასი 78%-ით იზრდება

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმადაც მომავალი მოწვევის დეპუტატების მინიმალური ანაზღაურება 78%-ით იზრდება. პლენარული სხდომა დღეს, 15 ნოემბერს ჩატარდა.

კანონპროექტის მიხედვით, 2025 წლის პირველი იანვრიდან პარლამენტის წევრების შრომის ანაზღაურების კოეფიციენტი, რომელიც “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით განისაზღვრება, 7-დან 8.5-მდე გაიზრდება.

“მსურს აღვნიშნო, რომ კოეფიციენტების ათვისება ბოლომდე არ ხდება. კანონით მაქსიმალური ზღვარი არის რვიდან ათამდე და ჩვენ შვიდიდან რვანახევარამდე ვაწესებთ და დაახლოებით 85%-ით ხდება კოეფიციენტების ზღვართან მიახლოება. მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტო და აღვნიშნო, რომ ეს ცვლილება არ შეეხება ამ მოწვევის პარლამენტის წევრებს და ის ძალაში 2025 წლის 1 იანვრიდან შევა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის განმარტებით, პარლამენტარის ხელფასი ბოლო 10 წლის განმავლობაში არ გაზრდილა, მაშინ, როდესაც ხელფასები ემატებოდათ სხვადასხვა საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს, რამაც დისბალანსი გამოიწვია:

“მიუხედავად იმისა, რომ შრომის ანაზღაურება პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის აღნიშნული წესით გაიცა, 2017 წელს პარლამენტის წევრების ანაზღაურებას ეს მიდგომა არ შეხებია და შედეგად, ბოლო 10 წელია, 2013 წლიდან პარლამენტის წევრების ანაზღაურება არ შეცვლილა. რამაც გამოიწვია დისბალანსი პარლამენტის წევრების ანაზღაურებასა და არა მხოლოდ სხვა საჯარო დაწესებულების სხვადასხვა თანამდებობის პირების ანაზღაურებას შორის, არამედ თავად პარლამენტის შიგნითაც – დღეს აპარატში დაახლოებით 50 თანამშრომელს უფრო მაღალი ხელფასი აქვს, ვიდრე პარლამენტის წევრებს“, – განმარტა პაპუაშვილმა.

2025 წლის პირველი იანვრიდან პარლამენტის წევრებს ხელფასები (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) იქნება:

  • პარლამენტის თავმჯდომარეს 6 740 ლარიდან 10 000 ლარამდე გაეზრდება;
  • პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს 6 400 ლარიდან 9 500 ლარამდე გაეზრდება;
  • პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს 6 340 ლარიდან 9 250 ლარამდე გაეზრდება;
  • კომიტეტის თავმჯდომარეს, ფრაქციის თავმჯდომარეს 5 540 ლარიდან 9 000 ლარამდე გაეზრდება;
  • კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს 4 800 ლარიდან 8 750 ლარამდე გაეზრდება;
  • კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს 4 740 ლარიდან 8 500 ლარამდე გაეზრდება;
  • პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი, 4 624 ლარიდან 8 250 ლარამდე გაეზრდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი