საზოგადოება

რა გამოცდილებას იძენენ ქართველი მოსამართლეები ამერიკაში

13 ნოემბერი, 2023 • 1934
რა გამოცდილებას იძენენ ქართველი მოსამართლეები ამერიკაში

„რატომ დადიან ქართველი მოსამართლეები სასწავლო ვიზიტებით აშშ-ში“, — ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ერთ-ერთმა მოსამართლემ ამგვარი მივლინებები ექსკურსიებად შეაფასა და განაცხადა, რომ მისი კოლეგები აშშ-ში შენობების დასათვალიერებლად მიემგზავრებიან.

აღნიშნულ განცხადების საპირისპიროდ, რამდენიმე მოსამართლემ მაშინვე გაავრცელა განცხადება, სადაც სასწავლო ვიზიტების ფარგლებში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებაზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც შემდგომ საქართველოში საკუთარ სამოსამართლეო პრაქტიკაში იყენებენ.

ნეტგაზეთი დაინტერსდა, რას წარმოადგენს სასწავლო ვიზიტების პროგრამა და მასში მონაწილე რამდენიმე  მოსამართლეს ესაუბრა. პროგრამის ფარგლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში 144-ზე მეტი მოსმართლეა ნამყოფი.

Მივლინებების ფარგლებში მოსამართლეები ესწრებიან სასამართლო სხდომებს, შეხვედრებს მართავენ ამერიკელ მოსამართლეებთან, პროკურორებთან და იურისტებთან და კონფერენციებში იღებენ მონაწილეობას.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძე ერთ-ერთია იმ მოსამართლეებს შორის, რომლებიც სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმეჯერ იმყოფებოდნენ.

მაისურაძე, რომელიც სისხლის სამართლის საქმეებს 2012 წლიდან განიხილავს და ამ პერიოდის განმავლობაში აშშ-ში მივლინებით სამჯერ იმყოფებოდა, აღნიშნავს, რომ ვიზიტები ძირითადად ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ეხებოდა. კერძოდ, Მოსამართლის თქმით, აშშ-ში სასწავლო ვიზიტები განსაკუთრებით აქტუალური და საჭირო სწორედ მას შემდეგ გახდა, რაც 2010 წელს საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ამოქმედდა.

Ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ამერიკის მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტური ნაწილია და ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო აქტით, აშშ-ის კონსტიტუციითაა გარანტირებული. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მოდელი ამერიკის შეერთებულ შტატებში სათავეს ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან იღებს, როცა ტერიტორია ბრიტანეთის კოლონიას წარმოადგენდა. Სამართლის პროფესორების, Ნილ ვიდმანისა და ვალერი ჰანსის ნაშრომის მიხედვით (The Evolution of the American Jury), მსოფლიოში ნაფიც მსაჯულთა განხილულ საქმეთა დაახლოებით 80% სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის.

„მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მხოლოდ ერთი კატეგორიის საქმეებს იხილავდა, საჭიროება მოითხოვდა, რომ გავრკვეულიყავით ტექნიკურ და საორგანიზაციო საკითხებში. Მათ შორის, როგორ ხდება ნაფიცი მსაჯულების შერჩევა, რა პროცედურით იხილება საქმე, რა როლი აქვს ამ დროს მოსამართლის განმარტებებს და, ზოგადად, რა ტიპის სასამართლოს გულისხმობს. ნაფიცი მსაჯულები სრულიად ახალი ინსტიტუტი იყო იმ დროისთვის და, ბუნებრივია, რეალურ სასამართლო პროცესებზე დასწრება და ადგილზე ამ პროცესებზე დაკვირვება იყო ძალიან მნიშვნელოვანი“, — აღნიშნავს მადონა მაისურაძე.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძე

მოსამართლის თქმით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საქართველოში თავიდან ძალიან ბევრი გამოწვევა ჰქონდა, რადგანაც პრაქტიკა სხვადასხვა სასამართლოში არაერთგვაროვანი იყო. კერძოდ, მადონა მაისურაძის თქმით, მხარეებსაც და მოსამართლეებსაც არ ჰქონდათ საკმარისი გამოცდილება საკითხის სპეციფიკიდან და მრავალმხრივობიდან გამომდინარე:

„შესაბამისად, ამაში მართლაც ფასდაუდებელია აშშ ვიზიტებისა და საელჩოს თანადგომა. ძალიან მოკლე ვადაში შევძელით არაერთი გამოწვევის დაძლევა და გაუმჯობესება პრაქტიკაში. მათ შორის კანონმდებლობაც შეიცვალა ისე, რომ გამარტივდა შერჩევის პროცესი და თავისთავად გრძელდება მისი სრულყოფა. ამიტომ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს კონტექსტში ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამ ვიზიტებს და ამერიკის საელჩოსთან თანამშრომლობას“, — აღნიშნავს მაისურაძე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის წევრი, მოსამართლე ეკა არეშიძე, რომელიც ნაფიც მსაჯულებთან ერთად საქმეებს 2014 წლიდან იხილავს, აღნიშნავს, რომ სწორედ აშშ-ში პროცესებზე დაკვირვება იყო ის სტიმული, რის შედეგადაც მოსამართლეებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართეს საპროცესო კოდექსის გადახედვის საჭიროებაზე.

ეკა არეშიძის თქმით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ამოქმედების შემდეგ ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცესს უკავშირდებოდა. მოსამართლე აღნიშნავს, რომ მის პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევა, როცა ერთ საქმეზე 24- ჯერ მოუწია ნაფიც მსაჯულთა შესარჩევი სხდომის ჩატარება, რათა თორმეტი და დამატებით ორი სათადარიგო ნაფიცი მსაჯული შეერჩია:

„ეს იყო დროში ძალიან გაწერილი პროცედურა იმიტომ, რომ ეს შერჩევები ერთი კვირის ან 10 დღის ინტერვალით ინიშნება. უდიდესი რესურსი იხარჯებოდა როგორც ადამიანური, ასევე დროის და თუნდაც ფინანსური, ვინაიდან კანდიდატებსაც და ნაფიც მსაჯულებსაც სახელმწიფო უნაზღაურებს მათ ძირითად დანახარჯს, რაც შეიძლება ამ ვალდებულების შესასრულებლად გაწიონ. შესაბამისად, ეს ძალიან დიდ პრობლემებს ქმნიდა“, — ამბობს არეშიძე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თქმით, რომელიც აშშ-ში სასწავლო ვიზიტით არაერთგზის იმყოფებოდა, ერთ-ერთი მივლინების დროს აშშ-ში დაესწრო პროცესს, რომელზეც ნაფიცი მსაჯულები ერთ სხდომაში შეირჩნენ, საქმის არსებითი განხილვა იმავე დღეს დაიწყო, ვერდიქტი კი საქმეზე მეორე დღეს გამოცხადდა.

არეშიძის თქმით, საქართველოში პროცესი ასე სწრაფად ვერ მიმდინარეობს, თუმცა ამ გამოცდილებამ მისცა იმის სტიმული, რომ ხარვეზების დასაბუთებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის მიემართა. შედეგად, ეკა არეშიძე აღნიშნავს, რომ ახლა თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულებს შერჩევის ორ სხდომაში თავისუფლად აკომპლექტებენ, რაც თავდაპირველად მოსამართლეებს თავადაც შეუძლებლად მიაჩნდათ:

„გავამარტივეთ ბევრი პროცედურა, რაც თავიდან იყო ფორმალურად გართულებული. მათ შორის, თვითაცილებების განხილვის პროცედურა ბევრად გამარტივდა, ვიდრე თავიდან იყო. კომუნიკაციაც კი შევცვალეთ მხარეებთან. თქვენ იცით, რომ მოსამართლეები საქმესთან დაკავშირებით კომუნიკაციაში არ შევდივართ, როგორც ასეთი, მაგრამ ნაფიც მსაჯულთა ფორმატი არის განსხვავებული.

ამერიკაში ორგანიზაციულ, პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით მხარეები თავისუფლად მიდიან მოსამართლესთან. დარბაზში ირთვება ხმის ჩამხშობი მოწყობილობა, რომ რაზე საუბრობენ, არ ისმოდეს და ერთობლივად, შეთანხმებით წყვეტენ იმ პროცედურულ საკითხებს, რაც შესაძლოა ამის გარეშე ბევრად რთულად იყოს. მაგალითად, ეს მოდელი ჩვენ გადმოვიღეთ“, — აღნიშნავს არეშიძე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძე

მოსამართლე აღნიშნავს, რომ აღნიშნული პროცედურის გამარტივებამ პროცესს მეტი სანდოობა, მხარეებს კი სასამართლოს მიმართ მეტი რწმენა მოუტანა. ამასთან, ამერიკული გამოცდილება დაეხმარათ ისეთი პროცედურების დახვეწაშიც, როგორიცაა ნაფიცი მსაჯულის აცილება, კერძოდ ის, თუ რა შემთხვევაშია მიზანშეწონილი მისი გათავისუფლება ამ ვალდებულებისგან ან პირიქით, ამაზე უარის თქმა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძე აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა,  სამეცნიერო ლიტერატურა და სხვა თეორიული ინფორმაცია დღეს მარტივად ხელმისაწვდომია, სამოსამართლო საქმიანობა არ არის მხოლოდ კონკრეტული ნორმატიული აქტების კარგად ცოდნა. მაისურაძე ხაზს უსვამს, რომ სამოსამართლო საქმიანობა ძალიან ფრთხილია “ექსპერიმენტებთან” დაკავშირებით და, შესაბამისად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კარგი პრაქტიკის გაცნობას:

„ცოდნა იმისა, თუ როგორია საერთაშორისო პრაქტიკა, სხვა ქვეყნების გამოცდილება, სადაც ეს გამოცდილება უფრო დაგროვდა და მეტია გასაზიარებელი ცოდნა. ჩვენი საპროცესო კანონმდებლობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში მსგავსია ამერიკული საპროცესო წესების და ამიტომაც ხელი შეგვეწყო, უფრო ეფექტურად წარგვემართა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სხდომები“, — აღნიშნავს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

კიდევ ერთი საკითხი, რასთან დაკავშირებითაც მოსამართლეები აშშ-ში მიღებული გამოცდილების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს, ე.წ. უწყვეტი სასამართლო პროცესის პრაქტიკაა, რომელიც მადონა მაისურაძის თქმით, ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა საქმეთა განხილვის გაჭიანურების თავიდან არიდებისთვის.

აშშ-ში მოსამართლე მხარეებთან შეთანხმებით ზრუნავს იმაზე, რომ სხდომაზე აღარ გამოიკვლიონ არარელევანტური მტკიცებულებები, ან ერთი და იგივე ტიპის მოწმეები აღარ გამოკითხონ, რაც ამცირებს საქმეთა განხილვის დროს. Აღნიშნული პრაქტიკა მოსამართლეს აძლევს შესაძლებლობას, საქმის განხილვა ერთ ან ორ სხდომაში დაასრულოს, თუ საქმის მასალები ამის შესაძლებლობას იძლევა.

მოსამართლე მადონა მაისურაძე აღნიშნავს, რომ ეს მიდგომა მოსამართლეს მეტ დისკრეციას ანიჭებს, განსაზღვროს მტკიცებულებების გამოკვლევის ხანგრძლივობა და მხარეებს განუსაზღვროს კონკრეტული ვადები, თუ რა დროში უნდა მოახდინონ მტკიცებულებების გამოკვლევა. Მოსამართლე აცხადებს, რომ მანამ, სანამ ამ პრაქტიკას ამერიკის შეერთებულ შტატებში დააკვირდებოდნენ, მოსამართლეები სიფრთხილით ეკიდებოდნენ მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესის მართვას, დღეს კი ეს მექანიზმი უფრო მოქნილია და გაზრდილია ამ საკითხში მოსამართლეთა დისკრეცია:

„ამერიკულ სასამართლოებში მინიმუმამდეა დაყვანილი ფორმალიზმი. უფრო მეტად ორიენტირებულნი არიან, რომ პროცესი იყოს გასაგები, მოქნილი, ეფექტური და ეკონომიური. მე, მაგალითად, ყველა სხდომა, არსებითად რასაც კი ვიხილავ, მაქვს განსაზღვრული და დანიშნული წინასწარ.

შესაბამისად, ეს თავიდან გვაცილებს გაჭიანურებას იმიტომ, რომ დღევანდელი სხდომა გარკვეული მიზეზის გამო თუ გადაიდო, აღარ ვარჩევ მომდევნო სხდომის თარიღს. სხდომებისა და სამუშაო დროის განსაზღვრა მხარეებს აძლევს კონკრეტულ მოლოდინს. საქმეთა ნაკადის მართვა და ინდივიდუალური მიდგომა აუმჯობესებს ეფექტიანობას პროცესების მენეჯმენტის თვალსაზრისით“, — აღნიშნავს მოსამართლე.

მოსამართლეები, რომლებსაც „ნეტგაზეთი“ ესაუბრა ასევე აღნიშნავენ, რომ კვალიფიკაცია აშშ-ში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართულებითაც აიმაღლეს. კერძოდ, მადონა მაისურაძე აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი ბოლო ვიზიტის ფარგლებში ქართველი მოსამართლეები ვაშინგტონში ამ საკითხებთან დაკავშირებით კონფერენციასაც დაესწრნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძე კი ამატებს, რომ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე ქართველ მოსამართლეებს პროცესზე დასწრების შესაძლებლობაც მიეცათ, სადაც სქესობრივი ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნის საქმე განიხილებოდა. ეკა არეშიძის თქმით, იმისათვის, რომ ძალადობის მსხვერპლის ხელახალი ვიქტიმიზაცია არ მომხდარიყო, მისი გამოკითხვისას ამერიკელმა პროკურორმა არაორდინალურ მეთოდს მიმართა, რასაც საკუთარ პრაქტიკაშიც გამოიყენებს, თუ ამის საჭიროების წინაშე დადგება:

„როდესაც მოწმე იკითხებოდა და ჰკითხეს, სად შეეხო მოძალადე, ბავშვს ეუხერხულა ამაზე პასუხის გაცემა. მას წარუდგინეს ფურცელზე დახატული ადამიანის მოდელი და ჯოხით მიათითებინეს ნახატზე, რითაც ბევრად უფრო გაუმარტივდა მსხვერპლს მომხდარის აღწერა. თქვენ იცით, რომ ძალადობრივ დანაშაულებზე, განსაკუთრებით, როცა მსხვერპლი არასრულწლოვანია, პრობლემაა მეორადი ვიქტიმიზაცია. ეს ხერხი ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო“, — იხსენებს მოსამართლე.

მოსამართლეები, რომლებსაც „ნეტგაზეთი“ ესაუბრა, აცხადებენ, რომ ქართველი მოსამართლეების მივლინება ამერიკის შეერთებულ შტატებში მხოლოდ ვიზიტებით არ სრულდება და თანამშრომლობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ეკა არეშიძის თქმით, მათ შორის ის მოსამართლეები, რომლებსაც აშშ-ში ხვდებოდნენ და ვის პროცესებსაც ესწრებოდნენ, შემდგომ საქართველოშიც ჩამოსულან და მათთან ერთად სხვა ქართველი მოსამართლეებისთვის ამერიკული გამოცდილების გაზიარების მიზნით ტრენინგებიც ჩაუტარებიათ ისევე, როგორც საჯარო ლექციები სტუდენტებისთვის:

მოსამართლეები აღნიშნავენ, რომ გარდა იმისა,  ეს ვიზიტები მათ კარგი პრაქტიკის დაკვირვების შესაძლებლობას აძლევს, ისინი ასევე მნიშვნელოვანია ინდივიდუალური მოსამართლის გაძლიერების თვალსაზრისითაც, რაც საბოლოო ჯამში, მართლმსაჯულების გაჯანსაღებას და პროფესიონალიზმის გაზრდას უწყობს ხელს:

„ყოველი სასწავლო ვიზიტის შემდეგ საქმეს უბრუნდები ბევრად გაზრდილი, მით უფრო, როდესაც ხედავ, როგორი მნიშვნელოვანია პროფესიული განვითარება. ემოციურადაც და მენტალურადაც გეზრდება თვალსაწიერი და ცნობიერება. მოსამართლედ დანიშვნა ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ გახდი მოსამართლე. მოსამართლე ხდები გამოცდილებით, ცოდნის გაღრმავებით, საქმეზე გადაწყვეტილების მიღებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში გქონდეს ხედვა, როგორი შეიძლება იყოს ინდივიდუალურად ძლიერი მოსამართლე, როგორ უნდა გააძლიერო საკუთარი თავი. და რაც უფრო მეტი მაგალითი და მეტი ასეთი შესაძლებლობა ექნება მოსამართლეს, ბუნებრივია, ეს მას ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების განხორციელებაში“, — ამბობს მადონა მაისურაძე.


სტატია მომზადდა ნეტგაზეთის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ნეტგაზეთი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.

USAID

მასალების გადაბეჭდვის წესი