ახალი ამბები

„ე.წ. სარეჟიმო დაწესებულება აკმაყოფილებს პირობებს, რომ ბებუას სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას“ — ლილუაშვილი

20 ოქტომბერი, 2023 • 1369
„ე.წ. სარეჟიმო დაწესებულება აკმაყოფილებს პირობებს, რომ ბებუას სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას“ — ლილუაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ სარეჟიმო დაწესებულება, რომელშიც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებულ საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა იმყოფება, აკმაყოფილებს იმ პირობებს, რომ მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას.

აღნიშნული განცხადება პარლამენტში მოსმენის შემდეგ ლილუაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ გააკეთა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რას აკეთებდა ცენტრალური ხელისუფლება ბებუას გასათავისუფლებლად, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზეც ოჯახის წევრები საუბრობენ:

„როგორ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ ე.წ. სარეჟიმო დაწესებულებაში არსებული ვითარება აკმაყოფილებდეს ადამიანის უფლებათა სტანდარტს. იმ პირობებს, რომ მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას, ამას აკმაყოფილებს. ამის შესახებ იცის მისმა ოჯახმა, მე არ მინახავს და რა ვიცი, თუ სხვა რამეს საუბრობს…

სახელმწიფო ეფექტური კონტროლის განხორციელებას მოკლებულია დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენს ხელთ არსებულ ბერკეტებს, ოფიციალურს, არაოფიციალურს, ყველა ღონეს ვხმარობთ, რათა მოხდეს არა მხოლოდ ბებუას, ყველა სხვა მოქალაქის დროულად გამოშვება“ ,— აცხადებს გრიგოლ ლილუაშვილი.

ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ განცხადება „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ გაავრცელა:

“ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და არსებითია მისი დროული გათავისუფლება ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკულად გაუარესების თავიდან აცილებისა და მისი უსაფრთხოების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გააძლიეროს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე მუშაობა ირაკლი ბებუას გადმოცემისა და მისი უფლებების დაცვის მიზნით, გამოიყენოს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან კომუნიკაციის ყველა ფორმალური და არაფორმალური გზა ირაკლი ბებუას გათავისუფლებისა და თბილისისთვის გადმოცემის მიზნით.

ირაკლი ბებუას გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტამდე, მისი ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ წარმართოს მოლაპარაკებები აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს შესაბამისი სამედიცინო აპარატურის/მედიკამენტების მიწოდება და სხვა საჭირო ინტერვენციების განხორციელება” ,— აცხადებენ ორგანიზაციაში.

ირაკლი ბებუა გალის რაიონში 2020 წლის სექტემბერში დააკავეს. მას ბრალად წაუყენეს დე ფაქტო აფხაზეთის დროშის „შეურაცხყოფა”, სხვისი ქონების განზრახ დაზიანება ან განადგურება, რასაც გაუფრთხილებლობის გამო შესაძლოა მოჰყოლოდა ადამიანის სიკვდილი ან “მძიმე შედეგები”, და საბრძოლო მასალების უკანონო შენახვა.

ბებუამ თავი დამნაშავედ მხოლოდ ორ ბრალეულობაში ცნო. მას საბრძოლო მასალის შენახვა არ უღიარებია. დე ფაქტო სასამართლომ მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი