ახალი ამბები

ირაკლის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია, მთავრობა არაფერს აკეთებს — თამუნა ბებუა

13 ოქტომბერი, 2023 •
ირაკლის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია, მთავრობა არაფერს აკეთებს — თამუნა ბებუა

ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას ბიძაშვილის, თამუნა ბებუას განცხადებით, აფხაზეთში გამოცხადებული ამნისტია ირაკლი ბებუას არ შეეხება.

თამუნა ბებუას თქმით, ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია.

„რეალურად, მთავრობა არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას ირაკლის გასათავისუფლებლად“, — უთხრა „ნეტგაზეთს“ თამუნა ბებუამ.

თამუნა ბებუას თქმით, სუს-ის ანალიტიკურ სამსახურს ირაკლი ბებუას ოჯახთან აქტიურ კომუნიკაცია აქვს და სამი წელია აიმედებს, თუმცა, უშედეგოდ.

„რაღაც სახის კომუნიკაცია აქვთ მეორე მხარესთან და მიმდინარეობს მოლაპარაკებები. გვეუბნებიან — დღეს, ხვალ, დაგვაიმედებენ, მაგრამ რეალურად შედეგს ვერ დებენ. შეიძლება რესურსის არქონაა [მიზეზი], შეიძლება, სურვილის არქონა“, — აცხადებს თამუნა ბებუა.

ირაკლი ბებუა გალის რაიონში 2020 წლის სექტემბერში დააკავეს. მას ბრალად წაუყენეს დე ფაქტო აფხაზეთის დროშის “შეურაცხყოფა”, სხვისი ქონების განზრახ დაზიანება ან განადგურება, რასაც გაუფრთხილებლობის გამო შესაძლოა მოჰყოლოდა ადამიანის სიკვდილი ან “მძიმე შედეგები”, და საბრძოლო მასალების უკანონო შენახვა.

ბებუამ თავი დამნაშავედ მხოლოდ ორ ბრალეულობაში ცნო. მას საბრძოლო მასალის შენახვა არ უღიარებია.

დე ფაქტო სასამართლომ მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ირაკლი ბებუას ჯანმრთელობა საფრთხეშია – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

მასალების გადაბეჭდვის წესი