რუსი დეპუტატი ირწმუნება, რომ კონტაქტზეა საქართველოს პარლამენტის წევრებთან, რომლებიც ინფორმირებულნი არ იყვნენ „დონბასისა და ნოვოროსიის მკვიდრთათვის“ საქართველოში შესვლაზე უარის თქმის შემთხვევების შესახებ.
რუსეთის სახელმწიფო დუმაში დსთ-ის, ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვიქტორ ვოდოლაცკი აცხადებს, რომ საქართველოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ასეთი ქმედებების ინიციატორები, შესაძლოა, იყვნენ ძალოვან უწყებებში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან შემორჩენილი ევროინტეგრაციის მომხრეები.
„დღეისთვის საქართველოს პარლამენტის დეპუტატებთან კონტაქტები იმაზე მეტყველებს, რომ ისინიც არ არიან საქმის კურსში საზღვარზე მიმდინარე პროცესების შესახებ. ის დეპუტატები, რომლებსაც ჩვენ ვეკონტაქტებით, ამბობენ, რომ დღეისთვის თავად საქართველოს მთავრობაში, ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელობაში არსებობენ პირები, რომლებსაც სურთ ევროპულ თანამეგობრობაში ინტეგრირება. როგორც ჩანს, ნარჩენი მოვლენებია, რომლებიც საქართველოს წინა ხელმძღვანელობის დროს იყო, როდესაც საქართველოს სურდა დაეკარგა საკუთარი სუვერენიტეტი და უკრაინის მსგავსად სრულად განწირულიყო დასაშლელად, საკუთარი იდენტობის, ტრადიციული, კულტურული და ოჯახური ფასეულობების გასანადგურებლად“, — განაცხადა დეპუტატმა სააგენტო „ტასთან“ ინტერვიუში.
მისი თქმით, ესენი არიან თავად საქართველოს შიდა მტრები, რომლებსაც რუსეთთან სიტუაციის გაუარესება სურთ.
„საქართველოს ხელმძღვანელობა დღეს ხედავს, რომ რუსეთი მტერი არ არის, რუსეთი — ეს კეთილმეზობლური, პარტნიორული ურთიერთობებია“, — განაცხადა ვოდოლაცკიმ.
მისი თქმით, მსგავსი ქმედებები, უპირველეს ყოვლისა, ზიანს აყენებს თავად საქართველოს, რომლის მცირე და საშუალო ბიზნესისთვის რუსი ტურისტების ნაკადი საკვანძო საყრდენს წარმოადგენს.
„მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ გამოვნახავთ საერთო ენას არა მხოლოდ საქართველოს პარლამენტთან, არამედ საქართველოს ხელმძღვანელობა ზომებს მიიღებს იმის გასარკვევად, თუ ვინ არის ის იუდა, რომელმაც ასეთი განკარგულება გასცა. იმედი მაქვს, რომ მომავალში საქართველო თავად ჩამოყალიბდება და გააგრძელებს საკუთარი სუვერენიტეტის შენარჩუნებას, არ აიღებს ორიენტირს ევროატლანტიკურ ღირებულებებზე, სადაც იკარგება ღირსება და ოჯახური ფასეულობები“, — განაცხადა ვოდოლაცკიმ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში შვეიცარიის საელჩოში არსებულმა რუსეთის ინტერესების სექციამ გასული წლის დეკემბერში განაცხადა, რომ საქართველომ უფრო ხშირად დაიწყო რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმა დაბადების ადგილად მითითებული გარკვეული ტერიტორიების გამო.
საუბარია საქართველოს და უკრაინის იმ ტერიტორიებზე, რომლებიც დღეს რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.
„ბოლო დროს გახშირდა საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შემთხვევები რუსეთის ფედერაციის იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა პასპორტებშიც დაბადების ადგილად მითითებულია: უკრაინის სსრ, აფხაზეთის ასსრ, სამხრეთ ოსეთი, ყირიმი, დონეცკის სახალხო რესპუბლიკა, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქები. შექმნილ ვითარებაში, როდესაც საქართველოს სასაზღვრო უწყებების ქმედებებს საქართველოში დასვენებასთან დაკავშირებით რუსების გეგმებში გაურკვევლობის ელემენტი შეაქვს, დაბეჯითებით ვურჩევთ მოქალაქეებს, რომლებიც ამ ქვეყანაში გამგზავრებას გეგმავენ, გულდასმით აწონ-დაწონონ ყველა გარემოება და შესაძლო რისკი“, — ნათქვამია სექციის განცხადებაში.
