ახალი ამბები

“არ მოუსმინოთ!” — ბორელი “მეორე ფრონტის” ნარატივზე

8 სექტემბერი, 2023 • 2277
“არ მოუსმინოთ!” — ბორელი “მეორე ფრონტის” ნარატივზე

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი, დეზინფორმაციად და პროპაგანდად მოიხსენიებს განცხადებებს, რომელთა თანახმადაც დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა სურს. აღნიშნულთან დაკავშირებით მან თბილისში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ჟურნალისტმა ბორელს უთხრა:

“როდესაც საქართველო გამოეთიშა ასოცირებულ ტრიოს, უფრო სწორად, მივიღეთ უფრო ნაკლები ევროპული პერსპექტივა, ვიდრე უკრაინამ და მოლდოვამ, ამის შემდეგ იყო დასავლეთის მხარდამჭერი აქციები საქართველოში. ხელისუფლება ცდილობდა აქციის მონაწილეების დისკრედიტაციას. ამის შემდეგ იყო რუსულ კანონად წოდებული კანონპრეოქტი, ასევე, მუდმივი თავდასხმა ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე, ომში ჩართვის მცდელობაში დადანაშაულება, ასევე, რუსეთთან პირდაპირი ფრენების გახსნა, სანქცირებული პირების საქართველოში შემოშვება და პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი…”

საპასუხოდ, ჟოზეფ ბორელმა თქვა, რომ საქართველოში მომხდარ კონკრეტულ შემთხვევებს ვერ შეაფასებს, თუმცა მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე გაკეთებულ განცხადებებზე პასუხი მარტივია.

“ეს არის ხმაური, პროპაგანდა, დეზინფორმაცია. შეშლილობა იქნება, ევროკავშირში ვინმემ იფიქროს, რომ საქართველოში ვინმეს ომი უნდა. არ მოუსმინოთ. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი მცდარი ხმები ვრცედება, რადგან ეს ქმნის პრობლემას. ხალხის მოსაწამლად ხდება ეს ყველაფერი, რომ გზავნილები შეილახოს და უნდობლობა წარმოიქმნას ქვეყანაში. ქვეყანაში რუსული პროპაგანდა არის ძალიან ინტენსიური და ასეთი მიმართულებით მათ თავი აქვთ გამოჩენილი მთელ მსოფლიოში”, — დასძინა მან.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელების  მიერ “მეორე ფრონტის” გახსნის თემაზე აპელირება უკრიანაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის გაჩაღების შემდეგ დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ რიტორიკას აკრიტიკებს და დასძენს, რომ მეორე ფრონტის გახსნის თემა მოგონილი და ტყუილია, რითაც, პრეზიდენტის აზრით, ხელისუფლება ცდილობს, მოსახლეობა წნეხის ქვეშ მოაქციოს.

ამავე თემაზე:

3 არგუმენტი, რატომ არ სჭირდება დასავლეთს II ფრონტი საქართველოში | მარტივად ახსნილი

მასალების გადაბეჭდვის წესი