„პროგრესს განსაკუთრებით ველით დეოლიგარქიზაციაზე“, — განაცხადა დღეს, 14 სექტემბერს, ჟურნალისტებთან ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.
ის ამბობს, რომ ევროკომისიის ზეპირი შეფასების შემდეგ, ანუ მოყოლებული ივნისიდან, 12-დან ზოგიერთი პრიორიტეტის მიმართულებით გარკვეული პროგრესი მიღწეული იქნა და კიდევ არის დარჩენილი დრო სამუშაოს გასააქტიურებლად.
„ყველა რეკომენდაცია თანაბრად მნიშვნელოვანია, მაგრამ როგორც თქვენ მოისმინეთ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელისგან, ჩვენ განსაკუთრებით მოველით პროგრესს დეოლიგარქიზაციის საკითხზე. ძალიან კონკრეტული სამოქმედო გეგმაა, რომელიც მთავრობამ წინ უნდა წაწიოს. ასევე, სასამართლოს რეფორმაზე, მედიის თავისუფლების [მიმართულებით] და ზოგადად, [საჭიროა] მაქსიმალური პროგრესი, რაც შესაძლებელია ყველა ფრონტზე“, — განაცხადა ჰერჩინსკიმ.
მისი ინფორმაციით, გაფართოების ანგარიში ერთ თვეში, ოქტომბრის შუა რიცხვებში გამოქვეყნდება.
2022 წლის 17 ივნისს ევროკომისია გამოვიდა რეკომენდაციით, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდათ, საქართველოსთვის კი – მხოლოდ ევროპული პერსპექტივა.
ამ რეკომენდაციის საფუძველზე, 2022 წლის 24 ივნისს ევროპულმა საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭა კანდიდატის სტატუსი, საქართველოს – ევროპული პერსპექტივა. ამასთან, ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ საქართველოს, მას შემდეგ, რაც შეასრულებს ევროკომისიის განსაზღვრულ 12 პრიორიტეტს, ასევე მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდ რეკომენდაციაზე აქვს გარკვეული პროგრესი, შეზღუდულ პროგრესს მიაღწია დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციაში, ხოლო მედიის თავისუფლების პირობაში საერთოდ არ აქვს წინსვლა.