საზოგადოება

ვისთვის არის Starlink საქართველოში

3 ნოემბერი, 2023 • 5820
ვისთვის არის Starlink საქართველოში

პირველ ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა იქნება, სადაც Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდება. როგორც ცნობილია,  ამჟამად ქვეყანაში არსებულ ინტერნეტპროვაიდერების ფასებთან შედარებით მისი მომსახურება უფრო ძვირია როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის, შესაბამისად, გაჩნდა შეკითხვები: ვისთვის არის Starlink და ღირს თუ არა ამჟამინდელი ინტერნეტპროვაიდერების ჩანაცვლება მისი ინტერნეტით.

Starlink არის ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის სატელიტების ჯგუფი, რომელიც დედამიწის გარშემო დაბალ ორბიტაზე მოძრაობს. მისი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ინტერნეტი ისეთ ადგილებში ხდება ხელმისაწვდომი, სადაც სხვა ინტერნეტპროვაიდერების მომსახურება ძალიან ძვირი ჯდება, შეუძლებელია, ან ინტერნეტი მკვეთრი შეფერხებით მუშაობს.

საქართველოში ასეთი ადგილები უმეტესად მაღალმთიანი რეგიონებია.

“საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის” თავმჯდომარის, უჩა სეთურის თქმით, ასეთ რეგიონებში და სხვადასხვა ნაკლებად დასახლებულ ზონაში Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტი უალტერნატივოა, თუმცა ის მაინც არ უნდა განვიხილოთ, როგორც ქსელური და მობილური ინტერნეტის ალტერნატივა:

“ეს არის პრემიალური, ძვირადღირებული, მაღალტექნოლოგიური სერვისი, რომელიც არ უნდა განვიხილოთ, როგორც არსებული სადენიანი ქსელების ან მობილური ინტერნეტის ალტერნატივა, რადგან მასთან შედარებით ხარისხობრივად შეიძლება იგივე იყოს ან ოდნავ ჩამოვარდებოდეს, თუმცა უფრო ძვირია.

ოპტიკურ ინტერნეტს არ ვადარებ, რადგან ის ბევრად მაღალტექნოლოგიური და მაღალსიჩქარიანია. 4G-თან მისი შედარება შეიძლება არც ღირდეს. მაგრამ იქ, სადაც არ გვაქვს [ინტერნეტის] მიღების ალტერნატივები, ეს ტექნოლოგია საკმაოდ მარტივია. მარტივია მისი აწყობაც და ინტერნეტში ჩართვაც”, — განმარტა სეთურმა 2 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

უჩა სეთური

Starlink-ის ოფიციალური საიტის თანახმად, ინტერნეტის სტანდარტული პაკეტის ყოველთვიური გადასახადი 160 ლარი იქნება, თუმცა თანამგზავრული ინტერნეტის მისაღებად საჭიროა სპეციალური მოწყობილობა, ე.წ. თეფში, რომელიც 1 780 ლარი ღირს. ეს ფასები განკუთვნილია ფიზიკური პირებისთვის და რამდენჯერმე იზრდება იურიდიული პირების შემთხვევაში.

კერძოდ, იურიდიული პირებს SpaceX სამ პაკეტს სთავაზობს. მათ შორის ყველაზე მცირე 1 ტერაბაიტი ინტერნეტის ღირებულება თვეში 708 ლარია, ხოლო ყველაზე ძვირი — 6 ტერაბაიტის — 4 189 ლარი. ამ შემთხვევაში განსხვავებულია ინტერნეტის მიმღები სპეციალური დანადგარის ფასიც — ის 8 321 ლარს შეადგენს.

ეს ფასები და მომსახურება განსაზღვრულია იმ შემთხვევაში, თუ მოწყობილობა ერთ ადგილას იქნება განთავსებული, მაგრამ მცირედით განსხვავდება იმ შემთხვევაში, თუ Starlink-ის ინტერნეტის მიღება გადაადგილებისას გჭირდებათ.

სეთურის შეფასებით, Starlink შესაძლოა, ერთი შეხედვით ძვირად მოგვეჩვენოს, თუმცა, თუ მას შევადარებთ სხვა თანამგზავრულ ინტერნეტპროვაიდერებს, მაშინ უფრო იაფი გამოვა. ხოლო მისი შედარება არსებულ ოპტიკურ სიჩქარეებთან არ შეიძლება ტექნოლოგიურად, ხარისხობრივად და ფასის ჩანაცვლების მხრივ, რადგან Starlink განსხვავებული სერვისია:

“რაღაც პარამეტრებით არ არის შედარებადი და უალტერნატივო, მაგრამ არც იქნება მათი შედარება სწორი, რადგან ტექნოლოგიურად [ქალაქებში არსებული ინტერნეტი] არის მიწისზედა და ოპტიკური შეერთება, ეს არის თანამგზავრული ინტერნეტკავშირი, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებული, ძვირადღირებული და თავის მხრივ უნიკალურია იმიტომ, რომ არ სჭირდება მიწისზედა ქსელი და მომხმარებელი პირდაპირ თანამგზავრიდან იღებს მომსახურებას, შესაბამისად, ამათი შედარება არაკორექტულია.

მოლოდინი, რომ ამან შეიძლება ჩაანაცვლოს ოპტიკური ინტერნეტი, განსაკუთრებით ქალაქებში, უბრალოდ სასაცილოა. იქ სხვა პარამეტრებზე და სხვა სერვისებზეა საუბარი, აქ სხვაზე”, — განმარტავს სეთური.

თუმცა, ამ უპირატესობების მიუხედავად, Starlink-ს შესაძლოა, ჰქონდეს გარკვეული პრობლემებიც. მაგალითად, ფინურმა ონლაინ გამოცემამ გასულ თვეს გამოაქვეყნა სტატია, სადაც მოთხრობილი იყო “ოულუს უნივერსიტეტის” ცდა, რომლის თანახმადაც, Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტის სიჩქარე იკლებს ტყეებში და ასევე არ იჭერდა ფინეთის ჩრდილოეთით, რუსეთის საზღვართან.

რუსეთი ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელსაც SpaceX არ აძლევს წვდომას Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტზე.

“[ფინეთში რუსეთის] საზღვრიდან 10-20 კილომეტრის რადიუსში ვცადეთ რამდენიმე ადგილას და ვერ შევძელით სატელიტთან დაკავშირება”, — ამბობს ერთ-ერთი მკვლევარი.

ნეტგაზეთი შეეცადა გაერკვია, როგორი ვითარება იქნება ამ მხრივ საქართველოში, რადგან ქვეყნის არცერთ მეზობელ ქვეყანას ამ დროისთვის Starlink-ის თანამგზავრულ ინტერნეტზე წვდომა არ აქვს. ამისთვის დავუკავშირდით კომუნიკაციების კომისიას, თუმცა პრესსამსახურში გვითხრეს, რომ 1 ნოემბერს გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაზე მეტ ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან. მათ ოფიციალურ განცხადებაში კი ვკითხულობთ:

“Starlink მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელ მსოფლიოში, მათ შორის, იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია.

Starlink განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო მაღალმთიან რეგიონებში, ასევე ფართოზოლოვანი ინტერნეტ დაფარვის არმქონე დასახლებებშია. Starlink-ის დანერგვის შემდეგ, ყველა ასეთ გეოგრაფიულ არეალში მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა ნებისმიერი მსურველისთვის უკვე საქართველოშია შესაძლებელი”.

Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტის დაფარვის ზონები საქართველოში.

ამის დასადგენად ასევე დავუკავშირდით ეკონომიკის სამინისტროსაც, რომელიც SpaceX-თან მოლაპარაკებებში ერთ-ერთ მხარედ იყო ჩართული. თუმცა პრესსამსახურისგან ინფორმაცია სტატიის გამოქვეყნების მომენტში არ მიგვიღია. მათ ასევე ვკითხეთ, განიხილავს თუ არა სახელმწიფო Starlink-ის თანამგზავრულ ინტერნეტს მთავრობის მიერ გამოცხადებულ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გასულ წელს მეორედ დააანონსა.

კომუნიკაციების კომისიის მიმდინარე წლის 23 აგვისტოს მონაცემების თანახმად, საქართველოში 1 067 302 ინტერნეტ აბონენტია ფიქსირებული, მათ შორის- 474 144 აბონენტი (მათ შორის ფიზიკური და იურიდიული პირები) თბილისში, დანარჩენი კი სხვადასხვა რეგიონშია გადანაწილებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი