ახალი ამბები

“ოცნების” ხელისუფლება მოსახლეობას საყოველთაო ინტერნეტიზაციას მეორედ ჰპირდება

14 მაისი, 2021 • 1382
“ოცნების” ხელისუფლება მოსახლეობას საყოველთაო ინტერნეტიზაციას მეორედ ჰპირდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იწყება საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი. ამის შესახებ მან დღეს, 14 მაისს, გურიაში, სოფელ ბახვის სკოლაში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. ბოლო 9 წლის განმავლობაში ეს არის მეორე შემთხვევა, როდესაც “ქართული ოცნების” ხელისუფლება მოსახლეობას საყოველთაო ინტერნეტიზაციას ჰპირდება.

ღარიბაშვილის განცხადებით, მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა პროექტი “Log in Georgia”, რომელიც „ოუფენ ნეტის“ მიერ ხორციელდება და რეგიონებში ფართოზოლოვან ინტერნეტქსელებთან ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

მისივე თქმით, ქვეყანაში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო და დღეიდან 49 დასახლებულ პუნქტში 29 000 მოქალაქეს უკვე შეუძლია, ისარგებლოს სხვადასხვა სერვისით.

„მოგეხსენებათ, რომ ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი გამოწვევაა და სწორედ ქვეყანაში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი გურიიდან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან დავიწყეთ. ამ პროგრამის განხორციელებით 49 დასახლებული პუნქტის 29 000-მდე ჩვენს მოქალაქეს მიეცა შესაძლებლობა, ისარგებლონ ისეთი პროგრამებით და სერვისებით, როგორებიცაა: ელექტრონული ჯანდაცვა, ელექტრონული განათლება, ელექტრონული მმართველობა, ელექტრონული კომერცია და ა.შ.

მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა პროექტი “Log in Georgia”. პროექტი, რომელიც „ოუფენ ნეტის“ მიერ ხორციელდება, ჩვენს რეგიონებში ფართოზოლოვან ინტერნეტქსელებთან ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ნებისმიერი ოპერატორისთვის თავისუფალი, მე ვიტყოდი, არადისკრიმინაციული პირობებით მომსახურების მიწოდებას. ამდენად, ეს არის შესაძლებლობა კერძო სექტორისთვისაც, განავითარონ საკუთარი ბიზნესი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის წევრების განცხადებით, „ოუფენ ნეტის“ პროექტი უახლოეს მომავალში ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მოგვიანებით კი სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაგრძელდება. 2025 წლისათვის პროექტი დაახლოებით 1 000 დასახლებულ პუნქტს, მათ შორის, მაღალმთიან სოფლებს მოიცავს. მთავრობის დაპირების მიხედვით, ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდება დაახლოებით 500 000 ადამიანისთვის.

საყოველთაო ინტერნეტიზაციის იდეა და დაპირება

რეგიონებში ინტერნეტის გავრცელების აუცილებლობის საკითხზე პირველად განცხადება ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა 2014 წლის ნოემბერში, “პირველი არხის” ეთერით გააკეთა, როდესაც თქვა, რომ ამ საკითხზე “საზოგადოება 2030” მუშაობდა. მოგვიანებით საქმეში ეკონომიკის სამინისტრო ჩაერთო, რომელმაც ა(ა)იპ “ოუფენ ნეტი” დააარსა.  საბოლოოდ პროექტის მთავარი ფინანსური მხარდამჭერი ფონდი ”ქართუ” გახდა.

იმ დროს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2015 წელს განაცხადა, რომ ივანიშვილის გარეშე ინტერნეტიზაციის პროექტი ვერ განხორციელდებოდა. ინტერნეტიზაციის პროექტზე “ქართული ოცნების” 2016 წლის საარჩევნო პროგრამაშიც იყო საუბარი, სადაც წერია: “აშენდება 8000-კილომეტრიანი ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც დამატებით 800 ათასი ადამიანი მიიღებს ინტერნეტს. შედეგად, ქვეყნის მოსახლეობის 90%-ზე მეტს ექნება ინტერნეტზე წვდომა”.

თავდაპირველი გეგმით, “ოუფენ ნეტს” საკაბელო სისტემა უნდა მიეყვანა იმ ადგილებამდე (საქართველოს სხვადახვა რეგიონში),  სადაც ინტერნეტპროვაიდერს შესვლა ძვირი უჯდება ან დაბალი მოთხოვნის გამო არ თვლის მომგებიანად ტერიტორიის ათვისებას. სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, აშენებულ მაგისტრალის გაქირავება კერძო პროვაიდერზე უნდა მომხდარიყო. “ოუფენ ნეტის” ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში შექმნილი ქსელის სატელეკომუნიკაციო ოპერატორებზე მიქირავება ხარჯზე ორიენტირებული ტარიფით მოხდებოდა. რაც შეეხება ინტერნეტის საფასურს, ამ საკითხში “ოფენ ნეტი” არ ჩაერეოდა და სამომხმარებლო ტარიფს პროვაიდერები განსაზღვრავდნენ.

ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დასრულების შემდეგ 2000-მდე დასახლებულ პუნქტს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი უნდა ჰქონოდა. მეტიც, 2015 წელსვე ცნობილი გახდა იმ 400-ზე მეტი სოფლის დასახელება, სადაც საწყის ეტაპზე ოპტიკური ქსელი უნდა აშენებულიყო. 2015 წლის გეგმით, დასახლებების ჩამონათვალში არ შედიოდა სოფელი ბახვი, სადაც დღეს, 14 მაისს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი იმყოფებოდა.

პროექტის დასრულების შემდეგ, რასაც სახელმწიფო 2020 წლისთვის ვარაუდობდა, მაღალხარისხიანი ინტერნეტი 2000 დასახლებამდე უნდა მისულიყო, თუმცა დღეს გამოცხადებული ინფორმაციით, პროექტი “დაახლოებით 1 000 დასახლებულ პუნქტს” მოიცავს.

რა ბედი ეწია დაპირებულ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტს

მასალების გადაბეჭდვის წესი