საზოგადოება

ღაზაში ინტერნეტი და ტელეფონი ჩაირთო, ისრაელი სახმელეთო ოპერაციას აფართოებს

29 ოქტომბერი, 2023 • 1329
ღაზაში ინტერნეტი და ტელეფონი ჩაირთო, ისრაელი სახმელეთო ოპერაციას აფართოებს

ისრაელი აცხადებებს, რომ 27 ოქტომბერს, ღამით დაწყებული სახმელეთო ოპერაცია ღაზის სექტორში, „ჯერ მხოლოდ დასაწყისია“. ისრაელის არმიის განცხადებით, ომის მეორე ფაზა დაწყებულია და მისი მთავარი მიზანი, მძევლების გათავისუფლებასთან ერთად, ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ სრული განადგურებაა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში მათ ღაზაში „ჰამასის“ 450 ობიექტი გაანადგურეს, მათ შორის, მართვის ცენტრები, სათვალთვალო პოსტები, ანტისატანკო რაკეტების გამშვები პოზიციები.

ისრაელის არმიის სპიკერმა დანიელ ჰაგარმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი) გამოაქვეყნა მორიგი გაფრთხილების ვიდეო. მან ღაზის მოსახლეობას მოუწოდა, სამხედრო ოპერაციის გაფართოების გამო, დროულად დატოვონ ღაზის სექტორის ჩრდილოეთი ნაწილი და გადაინაცვლონ სამხრეთისკენ. თავად ღაზაში აღნიშნულს შეუსრულებელ მისიას უწოდებენ, რადგან ღაზა 7 ოქტომბრის შემდეგ განუწყვეტლივ იბომბება და სამხრეთის მიმართულებით გადაადგილება უსაფრთხო არ არის. ღაზის სექტორი, სადაც 2 მილიონზე ადამიანი ცხოვრობს, სიგანეში, დაახლოებით, 10 კილომეტრია, სიგრძეში კი — 41 კმ-მდე.

27 ოქტომბრიდან მობილური კავშირისა და ინტერნეტის გათიშვას ღაზაში და მის გარეთ პანიკა მოჰყვა. საერთაშორისო მედიასაშუალებები, ასევე ჰუმანიტარული ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ პარასკევი საღამოდან, შაბათის ჩათვლით, გაწყვეტილი იყო ნებისმიერი სახის კავშირი ღაზის როგორც თავიანთ თანამშრომლებთან, ისე ღაზის დანარჩენ მოსახლეობასთან. მედიის ნაწილი მხოლოდ შეზღუდულად, სატელიტური კავშირის გამოყენებით ახერხებდა დაკავშირებას იქ მყოფ თავის რეპორტიორთან.

გაერო და საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების განცხადებით, კომუნიკაციების მსგავსი მოშლა კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს ღაზაში, რადგან ადამიანები ვერ დაუკავშირდებიან ახლობლებს, ვერ ითხოვენ დახმარებას და შესაბამისად, ვერც მიიღებენ.

თუმცა სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ღაზაში სატელეფონო კავშირი და ინტერნეტი 29 ოქტომბრის დილიდან ეტაპობრივად ჩაირთო.

გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა ორგანიზაციამ (UNRWA), რომელიც ღაზაში მუშაობს, განაცხადა, რომ ათასობით ადამიანი შეიჭრა ორგანიზაციის საწყობებში, საიდანაც გაიტაცეს საკვები და პირველადი მოხმარების სხვა პროდუქტი.

„ეს არის შემაშფოთებელი ნიშანი იმისა, რომ სამკვირიანი ომისა და ალყის შემდეგ სამოქალაქო წესრიგმა მოშლა დაიწყო“, — განაცხადა 29 ოქტომბრის დილით UNRW-მ.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ჯოზეფ ბორელიმ, ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების შეჩერება მოითხოვა, რათა შესაძლებელი გახდეს იქ ჰუმანიტარული დახმარების შეტანა.

კომუნიკაციების შეწყვეტის გამო ღაზაში ეგვიპტიდან 28 ოქტომბერს ჰუმანიტარული დახმარება არ შესულა. ისრაელი ამბობს, რომ ჰუმანიტარული დახმარების შესვლა ღაზაში ეგვიპტიდან ორშაბათიდან აღდგება. ღაზაში, რომელიც სრულ ბლოკადაშია მოქცეული, 7 ოქტომბრიდან ჰუმანიტარული პროდუქტით სავსე 90-მდე სატვირთო შევიდა. ჰუმანიტარული ორგანიზაციები აღნიშნულს არასაკმარისად მიიჩნევენ და ღაზაში მოსალოდნელ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე საუბრობენ.

თავის მხრივ, ისრაელი მიიჩნევს, რომ „ჰამასი“ ღაზის მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს. მათი თქმით, ღაზაში შესულ საწვავის მარაგებს ტერორისტული ორგანიზაცია რაკეტების დასამზადებლად და ისრაელზე თავდასხმისთვის იყენებს და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ისინი მკაცრ ბლოკადაში აქცევენ ღაზის სექტორს.

ამასთანავე, ისრაელის არმის სპიკერმა, დანიელ ჰაგარმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ღაზის უდიდესი, „ალ შიფას“  ჰოსტპიტლის ქვეშ, გვირაბებსა და ბუნკერებში ტერორისტულ ორგანიზაციას მართვის უდიდესი სისტემა აქვს მოწყობილი, რასაც ისრაელის წინააღმდეგ კოორდინაციისა და თავდასხმისთვის იყენებს, ასევე, მოიხმარს საავადმყოფოს რესურსებს. ჰაგარის თქმით, მათ აღნიშნული ინფორმაცია დაზვერვითა და „ჰამასის“ დაპატიმრებული მებრძოლების ჩვენებებიდან შეიტყვეს.

ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ ისრაელს 7 ოქტომბერს დაესხა თავს, განურჩევლად დახოცა 1400-მდე ადამიანი, ძირითადად, მშვიდობიანი მოქალაქეები, 230-მდე კი გაიტაცა. მოკლულთა და გატაცებულთა შორის არიან ბავშვები, ქალები, მოხუცები და შშმ პირები.

ისრაელმა საპასუხოდ „ჰამასს“ ომი გამოუცხადა, ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია და მისი განუწყვეტელი დაბომბვა დაიწყო, მიზნად კი „ჰამასის“ განადგურება დაისახა. შედეგად, „ჰამასს“ დაქვემდებარებული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაიღუპა 8 ათასზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა, მათ შორის, 3 ათასზე მეტი ბავშვია.

საერთაშორისო უფლებადაცვითი და ჰუმანიტარული ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ისრაელის სამხედრო ოპერაცია ღაზაში პალესტინელთა „კოლექტიური დასჯაა“ და საუბრობენ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე, რომელიც 2 მილიონზე მეტ ადამიანს ეხება.

მთავარ ფოტოზე: დაბომბილი ღაზა. EPA-EFE/HANNIBAL HANSCHKE

მასალების გადაბეჭდვის წესი