საზოგადოება

ძველი და ახალი დევნილები მორიგ საპროტესტო აქციაზე

16 აგვისტო, 2010 • • 2109
ძველი და ახალი დევნილები მორიგ საპროტესტო აქციაზე

 

 

 

დღეს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შენობის წინ დევნილებმა მორიგი საპროტესტო აქცია  გამართეს. სამინისტროსთან დაახლოებით 150 დევნილი შეიკრიბა. მათ შორის იყვნენ როგორც აფხაზეთიდან, ასევე სამაჩაბლოდან სხვადასხვა დროს იძულებით გადაადგილებული პირები. აქციას რუპორით ხელში კონსერვატული პარტიის წარმომადგენელი, ლაშა ჩხარტიშვილი უძღვებოდა.

ბოლო დროს დროებითი თავშესაფრებიდან ბევრი დევნილი გამოასახლეს. სამინისტროს წინ ნეტგაზეთი ესაუბრა იმ ადამიანებს, რომლებსაც უკანასკნელ ხანებში დაატოვებინეს ისნის რაიონში მდებარე ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სამხედრო ნაწილის და გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობები. აქვე იმყოფებოდნენ დევნილები, რომელთაც გამოსახლება სხვადასხვა შენობებიდან აგვისტოს ბოლოს ელით.  

იურისტი ეკა ფოფხაძე (ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია) ამბობს, რომ დევნილთა გამოსახლების პროცედურებში დარღვევები აღინიშნებოდა. ნებაყოფლობითი გამოსახლებისთვის იძულებით გადაადგილებულ პირებს ხუთდღიანი ვადა უნდა მიეცეთ. ფოფხაძის თქმით, დევნილები ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშაც იმყოფებიან, ვინაიდან შენობიდან გამოსვლაზე უარის შემთხვევაში, პოლიცია მათ ნივთების ფანჯრიდან გადაყრით ემუქრება.

ისინი, ვისაც გამომცემლობა „სამშობლო“ დაატოვებინეს, გამოსახლების პროცესის განსხვავებულ ვერსიებზე საუბრობენ. ზოგი აცხადებს, რომ გამოსახლება წინასწარი გაფრთხილების გარეშე მოხდა, ნაწილი კი ამბობს, რომ მომავალი ბედის შესახებ იცოდნენ.

ახალგაზრდა ქალბატონი მთვარისა ქოჩქიანი, რომელსაც ისნის სამხედრო ჰოსპიტალი 15 აგვისტოს დაატოვებინეს, აცხადებს, რომ შენობის დაცლა ნახევარი თვით ადრე მოსთხოვეს. ქოჩქიანი მარტოხელა დედაა. თავის ორ შვილთან და მეგობარ ქალთან ერთად იგი ნაცნობთან ცხოვრობს. „არავინ მყავს საერთოდ,  როცა ჰოსპიტლიდან გამომაგდეს, მერიის საწყობში წავიღე ბარგი და ვიჯექი ქუჩაში. შემთხვევით ქალმა გამოიარა, რომელიც ოთხჯერ თუ ხუთჯერ მყავდა ნანახი და თავისთან წამიყვანა სახლში. თვითონაც ძველი ლტოლვილია. ნახალოვკაში პატარა ოთახი აქვს, ბეტონის მტვრიანი იატაკით, ტუალეტი შიგნითაა, გამოყოფილიც არ არის. ამ ოთახში ცხოვრობს ქმართან ერთად, ასე ვართ– მე, ჩემი დაქალი, რომელიც ჩემთან ერთად  იჯდა ქუჩაში და წასასვლელი არსად ჰქონდა და ჩემი ორი შვილი“, – ამბობს კოდორის ხეობიდან დევნილი მთვარისა.

ეკა ფოფხაძის თქმით, ე.წ. ახალი დევნილებისთვის სახელმწიფოს კოტეჯები ან საკომპენსაციო თანხა 10 ათასი ლარის ოდენობით აქვს გამოყოფილი. „მაგრამ პრობლემაც ის არის, რომ ხალხს ჯერ ასახლებენ და შემდეგ აძლევენ კომპენსაციებს, – ამბობს ის, – თუ ეს არის კოლექტიური ცენტრი, სადაც რეგისტრირებული არიან დევნილები, ამ შემთხვევაში დევნილთა გამოსახლების საკითხი რეგულირდება იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ კანონით,  რომლის მიხედვითაც,  არ შეიძლება დევნილი გამოასახლო, თუ მას არ მისცემ  კომპენსაციას ან ალტერნატიულ ფართს“.

თამარაშვილის ქუჩაზე არსებულ ყოფილ სამხედრო ნაწილში როინ გერსამიას ფართი 2008 წლის აგვისტოში მისცეს, როდესაც აგვისტოს მოვლენების შემდეგ ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალი კახათის დატოვება და ექვსსულიან ოჯახთან ერთად საცხოვრებლად თბილისში გადმოსვლა მოუწია. იგი გალის რაიონიდანაა. გარდა იმისა, რომ დევნილია, გერსამია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. როგორც თავად ამბობს, უშიშროების სპეცნაზში მსახურობდა და  2002 წელს, პარტიზანულ ბრძოლებში  მონაწილეობისას ნაღმზე აფეთქების შედეგად, ორივე ფეხი დაკარგა. ყოფილი სამხედრო ნაწილიდან გამოსახლებულს წასასვლელი არსად ჰქონდა, ამიტომაც მისი ოჯახი რამდენიმე დღეა ვარკეთილში, ბლოკების საამქროში, ცხოვრობს. შენობაში, რომელიც მათ წვიმისაგანაც ვერ იცავს.

ასეთივე ბედი ელის გაგრელ თამარ ჯობავას, რომელიც აქციაზე ტრანსპარანტით მივიდა. 16 წლის განმავლობაში ოჯახთან ერთად მან  რამდენიმე  ბინა გამოიცვალა, სადაც ქირით ცხოვრობდა. 2008 წლის აგვისტოში კი ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში მდებარე ყოფილი ბაგა– ბაღის შენობაში მას შემდეგ შესახლდა, რაც ამ შენობიდან სამაჩაბლოდან და გორიდან დევნილები გამოასახლეს. ბაღში სულ 18 ოჯახი ცხოვრობს. არც ერთ მათგანს შენობაში ცხოვრების ნებართვა არ აუღია. „2008 წლის აგვისტოში თავის სატელევიზიო გამოსვლაში ბატონმა პრეზიდენტმა ყველა დევნილს უფლება მისცა,  უმოქმედო სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფ შენობაში შესულიყო. ჩვენთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავდა. ოთხი თვის გადაუხდელი გვქონდა ბინის ქირა, უკვე გვაგდებდნენ. როგორც კი ბაღში შევედით, მეორე დღესვე წერილობითი განაცხადი გავუგზავნეთ დევნილთა და განსახლების სამინისტროს და ისანი–სამგორის გამგეობას“, – ამბობს თამარ ჯობავა.  

თვრამეტივე ოჯახი გაფრთხილებულია, რომ აგვისტოს ბოლომდე შენობა უნდა გაათავისუფლონ. დევნილებს არც ალტერნატიულ ფართს სთავაზობენ და არც ფულად კომპენსაციას.

იურისტი ეკა ფოფხაძე განმარტავს: „ყველა საცხოვრებელი არ არის კოლექტიურ ცენტრად რეგისტრირებული და იქ ახალ დევნილებთან ერთად ძველი დევნილებიც შევიდნენ, რომლებიც მანამდე ქირით ან ნათესავებთან ცხოვრობდნენ. მათ ისარგებლეს ამ ვითარებით, რაც უკანონოა, მაგრამ ჩვენი პოზიცია არის ის, რომ დევნილთა შესახებ კანონის მიიხედვით,  სახელმწიფო  ვალდებულია, ყველა დევნილი დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოს. სახელმწიფომ მათი (ე.წ. ძველი დევნილების) მდგომარეობაც უნდა გაითვალისწინოს. ეს მისი ვალდებულებაა“.

სამინისტროსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე  კონსერვატული პარტიის წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა  განცხადება წაიკითხაა, რომელსაც დევნილთა ნაწილი აწერდა ხელს.  დევნილები განცხადებაში ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს, კობა სუბელიანს მიმართავენ თხოვნით, რომ თბილისში მცხოვრები დევნილების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა თბილისის ფარგლებშივე მოხდეს და საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემამდე,  კოლექტიური საცხოვრებლებიდან არ გამოასახლონ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც თბილისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს აწუხებთ, თბილისის გარეთ  მათი შესაძლო გადასახლებაა. აფხაზეთიდან დევნილმა ვერა ქობალიამ, რომელიც სხვა დევნილებთან ერთად მიწისძვრის შედეგად დაზიანებულ შენობაში ცხოვრობს, სამინისტროს ახალი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თხოვნით მიმართა. ის შეშფოთებულია სამინისტროსგან მიღებული პასუხით, რომელშიც დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმაა განმარტებული. გეგმის მიხედვით, დევნილთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის პროცესი რამდენიმე ეტაპისაგან შედგება. პირველი ეტაპი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული დევნილთა კოლექტიური ჩასახლების ცენტრების რეაბილიტაციას, დევნილთათვის საკუთრებაში გადაცემას და დაკანონებას ითალისწინებს. მეორე ეტაპი, რომელიც 2010-2011 წლებში უნდა განხორციელდეს, იმ დევნილებს ეხებათ, რომლებიც ქირით ან ნათესავებთან ცხოვრობენ. გეგმის ამ ნაწილის მიხედვით, მოხდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და გამოუყენებელი შენობების რეაბილიტაცია და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (არა თბილისში) ახალი საცხოვრებელი სახლების აშენება, შემდგომში  დევნილთათვის მათი კერძო საკუთრებაში გადაცემი მიზნით.

ეკა ფოფხაძე ამ საკითხთან დაკავშირებპთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პოზიციაზე საუბრობს: “ჩვენ ვთვლით, რომ უნდა იქნეს გათვალიწინებული ტერიტორიული პრინციპი. თუ დევნილი ათი ან მეტი წელი ცხოვრობს თბილისში, კერძო სექტორში,  მას შორს, რაიონებში (როგორც ვიცით, ზუგდიდის რაიონებზე იყო საუბარი) არ უნდა შესთავაზონ საცხოვრებელი. ჩვენ ვთვლით, რომ  ამ შემთხვევაში ესეც გამოიწვევს დევნილის მდგომარეობის გაუარესებას და მისი უფლებების  შელახვას. თუ წლების განმავლობაში დევნილი თბილისში ცხოვრობდა, ზუგდიდის რაიონის რომელიღაც სოფელში არ უნდა შესთავაზო ბინა, არა იმიტომ, რომ ის რაიონი ცუდია ან სოფელია ცუდი, არამედ იმიტომ, რომ გამოდის, ეს ხალხი სრულიად თავიდან, მესამედ იწყებს ცხოვრებას, რაც ფსიქოლოგიურად და მატერიალურად მძიმე პროცესია”.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი