ახალი ამბები

GDI: მაუწყებლობის კანონში ცვლილებების მიზანი განსხვავებული აზრის შეზღუდვაა

19 ოქტომბერი, 2023 • 914
GDI: მაუწყებლობის კანონში ცვლილებების მიზანი განსხვავებული აზრის შეზღუდვაა

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI) მიიჩნევს, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები კიდევ უფრო შეზღუდავს მედიის თავისუფლებას.

GDI-ის განცხადება ეხება რეგულაციას, რომლითაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას უფლება ექნება, სიძულვილის ენის გამოყენებისა და უხამსობისთვის მედიასაშუალებები დააჯარიმოს. უხამსობა და სიძულვილის ენა აქამდეც არ იყო დაშვებული, თუმცა მასზე თავად მაუწყებლები რეაგირებდნენ თვითრეგულირების მექანიზმის საშუალებით.

საკითხის თვითრეგულირებიდან რეგულირების სფეროში გადასვლა კი, უფლებადამცველების აზრით, ხელისუფლების ხელში აჩენს დამატებით ბერკეტს მისთვის არასასურველი მედიის წინააღმდეგ.

სიძულვილის ენის რეგულირება

GDI ხაზს უსვამს, რომ საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (კომკომი) გაასაჩივრონ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც ეხება მაუწყებლის ეთერში სიძულვილის ენის ან ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის გადაცემას.

ცვლილებების მოტივად დასახელებულია ევროკავშირის მოთხოვნებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია, მათ შორის, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის დადგენილი 12 პრიორიტეტის შესრულება.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მართალია, „აუდიოვიზუალური მედიასერვისების შესახებ“ ევროკავშირის დირექტივის მიხედვით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვალდებული არიან უზრუნველყონ, რომ აუდიო-ვიზუალური მედიასერვისი არ შეიცავდეს სიძულვილის ან ძალადობისკენ წაქეზებას, თუმცა თავად დირექტივიდან არაორაზროვნად იკვეთება, რომ ის არ აწესებს მარეგულირებელი ორგანოს მიერ სიძულვილის ენის გამოყენების რეგულირების ვალდებულებას. „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ განცხადებით, ეს საკითხი შეიძლება მოწესრიგდეს როგორც მარეგულირებელი ორგანოს, ისე თანარეგულირების მექანიზმით:

„აღსანიშნავია, რომ საქართველოში არსებული კონტექსტის, კომკომზე (კომუნიკაციების კომისიაზე) შესაძლო პოლიტიკური ზეწოლის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით არსებული მაღალი რისკების გათვალისწინებით, ევროპის საბჭოს ექსპერტებმა შეიმუშავეს მკაფიო რეკომენდაცია, რომ საქართველოში დანერგილიყო თანარეგულირების მექანიზმი. თუმცა საქართველოს პარლამენტმა უგულებელყო აღნიშნული რეკომენდაცია. ამასთან, არ გაითვალისწინა არც თავად მედიაკომპანიების და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ადგილობრივი ორგანიზაციების მოწოდება, ამ საკითხზე მსჯელობა და ცვლილებების მიღება მათი ჩართულობით მომხდარიყო“, — ვკითხულობთ განცხადებაში.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არის განსაკუთრებით პრობლემური სიძულვილის ენის რეგულირება და კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილებების გაზრდა ამ მიმართულებით, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები წლებია უკვე საუბრობენ და აქცენტს აკეთებენ რამდენიმე საკითხზე:

განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ კომუნიკაციების კომისიის პოლიტიზირებასა და მის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული პრობლემებზე არა მხოლოდ ადგილობრივი ორგანიზაციები, არამედ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიც კი საუბრობს.

ორგანიზაციის თქმით, აღნიშნული გამოიხატება კომისიის მიერ მიღებულ კონსტიტუციურ სტანდარტებთან შეუსაბამო გადაწყვეტილებებში და მიდრეკილებაში, პერმანენტულად, მათ შორის საკანონმდებლო საფუძვლის გარეშე გაიფართოოს უფლებამოსილებათა წრე. შესაბამისად, GDI მიიჩნევს, რომ მისი მანდატის გაზრდის შემთხვევაში არსებობს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ კომისია არ იქნება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანო, არამედ შეასრულებს რეპრესიული მანქანის როლს.

ამასთან, განცხადების ავტორების თქმით, პრობლემურია სასამართლოს დემოუკიდებლობის საკითხიც, რომელიც საქართველოს რეალობაში ვერ დააბალანსებს/გამოასწორებს კომისიასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებს.

„მმართველი ძალის მუდმივი მიდრეკილება, გააქროს თავისუფალი სივრცეები ქვეყანაში და ყველაფერი (მათ შორის საჯაროდ ცირკულირებადი ინფორმაცია) დაუქვემდებაროს მის კონტროლს. შესაბამისად, არსებობს მოლოდინი იმისა, რომ ხელისუფლება და მისი მხარდამჭერები დაიწყებენ ახალი საკანონმდებლო საფუძვლის ბოროტად გამოყენებას მედიის წინააღმდეგ საბრძოლველად, რომლის წინააღმდეგაც უკვე ისედაც აქტიურადაა გაჩაღებული ბრძოლა (ფიზიკური და ვერბალური თავდასხმები ჟურნალისტებზე, SLAPP საქმეები ტელეკომპანიების წინააღმდეგ, დისკრედიტაციის კამპანია და სხვა)“, — ვკითხულობთ განცხადებაში.

GDI აღნიშნავს, რომ ასევე საფრთხის შემცველია სიძულვილის ენის დეფინიციისადმი არსებული განსხვავებული ხედვები, რომელიც მიუხედავად საკანონმდებლო განმარტებისა, აფართოებს იმ შემთხვევათა რიცხვს, რომელიც ხელისუფლებამ შეიძლება სანქცირებას დაუქვემდებაროს.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ხელისუფლების მიერ ხდება თანასწორობის საკითხების და უმცირესობათა ჯგუფების საჭიროებების მუდმივი უგულებელყოფა (მაგ. ლგბტქი თემის სრული იგნორირება ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიაში, 5 ივლისის ორგანიზატორთა დაუსჯელობა და სხვა), ზოგიერთ შემთხვევაში კი მიზანმიმართული დისკრიმინაციული პოლიტიკის წარმოება (მაგ. პრივილეგიების დაწესება დომინანტური რელიგიური გაერთიანებისადმი).

GDI მიიჩნევს, რომ სიძულვილის ენის რეგულირება პირველ რიგში სწორედ უმცირესობათა დაცვით უნდა იყოს ნაკარნახევი, თუმცა საქართველოს ხელისუფლების ზოგადი პოლიტიკის ფონზე, არადამაჯერებლად გამოიყურება ცვლილებების ამოქმედება მათ სასარგებლოდ.

ამასთან, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ განცხადებით, საყურადღებოა გამოხატვის თავისუფლების ზოგადი ღირებულება და მნიშვნელობა საქართველოს ტიპის მქონე ქვეყნებში, რომელიც ავტორიტარიზმის ზღვარზეა.

ყოველივე აღნიშნულის ფონზე,  ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ სიძულვილის ენის რეგულირება საქართველოში სავალალო შედეგების მომტანი იქნება.

უხამსობის რეგულირება

GDI ხაზს უსავმს, რომ კანონპროექტს პირველი მოსმენით მიღებამდე დაემატა კიდევ ერთი ცვლილება. კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობით იკრძალება “პორნოგრაფიის, აგრეთვე ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას.”

ორგანიზაციის თქმით, ამ მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში მისი გასაჩივრება შესაძლებელია მხოლოდ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოში, აგრეთვე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2009 წლის 10 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, სასამართლოშიც.

განცხადების ავტორების თქმით, კომუნიკაციების კომისიას ამ დრომდე არ ჰქონია საკანონმდებლო უფლებამოსილება, შეეფასებინა, მაუწყებლის ეთერში გადაცემული პროგრამა ხომ არ არის ადამიანის უფლებათა შემლახველი და უხამსობის შემცველი.

საკანონმდებლო ცვლილებებით კი დაგეგმილია, რომ კომუნიკაციების კომისიას დაემატოს ასეთი უფლებამოსილება, რაც მას გაუხსნის შესაძლებლობას, კიდევ უფრო აქტიურად გააკონტროლოს მაუწყებელთა ეთერში გასული პროგრამების შინაარსი და მათი პოლიტიკური, ლიტერატურული თუ სხვა ღირებულების იგნორირების გზით, დაასანქციროს მაუწყებლები არასასურველი შინაარსის გამო:

„აღსანიშნავია, რომ პრაქტიკაში მოიძებნება მაგალითი, როდესაც კომუნიკაციების კომისიამ, კანონის საწინააღმდეგოდ, 2021 წელს უკვე განიხილა მთავარი არხის ეთერში გასული სიუჟეტი ზემოთ აღნიშნულ ნორმებთან მიმართებით. სიუჟეტი პოლიტიკური სატირის შემცველი იყო და აქცენტს აკეთებდა პარლამენტის უფუნქციობაზე. თუმცა კომისიამ, ერთი მხრივ ,იმოქმედა უკანონოდ, როდესაც საერთოდ განიხილა ეს საკითხი, მეორე მხრივ კი, თვალები დახუჭა სადავო კადრებისა და განცხადებების პოლიტიკურ ღირებულებაზე. შედეგად, მთავარი არხი სამართალდამრღვევად ცნო“, — აცხადებენ ორგანიზაციაში.

ამგვარი გამოცდილების ფონზე, ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ გარდაუვალია მსგავსი შემთხვევების განმეორება და მაუწყებელთა დაჯარიმება არასასურველი შინაარსის გადაცემის გამო. GDI აღნიშნავს, რომ აღნიშნული ცვლილებები ხდება არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, ხოლო წარსული გამოცდილებით კომუნიკაციების კომისია აქტიურობას სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში იწყებს ხოლმე:

„გასათვალისწინებელია ისიც, თუ რის ფონზე და რა კონტექსტში ხდება აღნიშნული ცვლილებების მიღება. 2023 წლის მარტში განვითარებული მოვლენების შემდგომ, ქართულმა ოცნებამ ფაქტობრივად დააანონსა, რომ ისინი შეცვლილი სტრატეგიით გააგრძელებდნენ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ბრძოლას. შედეგად, ბოლო თვეებში უკვე მივიღეთ არაერთი უფლების შემზღუდველი სამართლებრივი ნორმა (დროებითი კონსტრუქციების, მათ შორის კარვების გამოყენების აკრძალვა აქციებზე; პარლამენტის შენობაში პოსტერების შეტანის აკრძალვა და სხვა), რომელიც ლახავს ჩვენს კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს“ ,— აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ზემოთ განხილული ცვლილებები აღნიშნული ტენდენციის გაგრძელებაა, რომელიც მოსალოდნელია, რომ კიდევ უფრო ინტენსიურ სახეს მიიღებს საარჩევნო წელს.


პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილები, რომელსაც ინიციირებული კანონპროექტისგან განსხვავებით, უხამსობის რეგულირება დაემატა.

კანონპროექტს 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 4-ის წინააღმდეგ.

კანონპროექტით, „იკრძალება პორნოგრაფიის, აგრეთვე ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“.

ამ პუნქტით გათვალისწინებული პროგრამა ან რეკლამა, გარდა ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა შემლახავი პროგრამისა ან რეკლამისა, შეიძლება განთავსდეს მხოლოდ კოდირებული ფორმით, მომხმარებელთან ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტს, რომლითაც სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამა და რეკლამა კომუნიკაციების კომისიის რეგულირების სფეროში ექცევა.

გაიგეთ მეტი ამ ამბავზე:

სადავო ცვლილებები სიძულვილის ენის რეგულირებაზე პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

მასალების გადაბეჭდვის წესი