საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის ინტერესებს იურისტები, თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი დაიცავენ.
ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თვითონ გაავრცელა დღეს, 3 ოქტომბერს. სწორედ დღეს უნდა გაიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომა, სადაც იმსჯელებენ, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც უცხოეთში ვიზიტებით გაემგზავრა მთავრობასთან შეუთანხმებლად.
როგორც ჩანს, თავად პრეზიდენტი სხდომას არ დაესწრება.
მაია კოპალეიშვილი თავად არის საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრი, ხოლო თამარ ჩუგოშვილი საიას ყოფილი თავმდჯომარეა. ის წინა მოწვევის პარლამენტის წევრი იყო “ქართული ოცნების” სიით, რომელიც შემდგომში დატოვა.
პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს “ქართული ოცნების” დეპუტატებმა მიმართეს. მათ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა აქვთ წამოწყებული. თავად პრეზიდენტის პოზიციაა, რომ უცხოეთში ვიზიტებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საქმეში მხარდაჭერის მოსაპოვებლად მართავს.
საკონსტიტუციო სასამართლომ რომც დაადგინოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა, იმპიჩმენტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს, სადაც ამისათვის 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. “ქართულ ოცნებას” და მის მოკავშირეებს ამ ეტაპზე 100 მანდატი არ აქვთ.