საზოგადოება

“მხოლოდ თქვენ წინაშე ვარ ანგარიშვალდებული” – პრეზიდენტის მიმართვა ხალხს

7 სექტემბერი, 2023 • 2615
“მხოლოდ თქვენ წინაშე ვარ ანგარიშვალდებული” – პრეზიდენტის მიმართვა ხალხს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით მოსახლეობას მიმართა. პრეზიდენტმა უარყო ხმები მისი გადადგომის შესახებ და იმ ფაქტორებზე ისაუბრა, რის გამოც ის უცხოეთში მთავრობასთან შეუთანხმებელ ვიზიტებს ახორციელებს.

პრეზიდენტის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.


მინდა მოგმართოთ თქვენ, საქართველოს საზოგადოებას, რადგანაც მე მხოლოდ თქვენ წინაშე ვარ ანგარიშვალდებული, რამეთუ თქვენ ამირჩიეთ და ამის მიმართ ვგრძნობ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას.

მე ვიცი, თქვენ ამირჩიეთ იმისთვის, რაც მე ვარ, რაც ვიყავი მთელი ცხოვრება, ანუ ევროპის, საქართველოს ევროპული მომავლის მომხრე, ნაწილობრივ ევროპელი. ეს არის ის, რის გამოც თქვენ გააკეთეთ არჩევანი. ამის მიმართ ვარ ანგარიშვალდებული.

მე ვიცი, თქვენ როგორი მომავალი გინდათ საქართველოსთვის, როგორი მომავალი უნდა მომავალ თაობას, ახალგაზრდებს. მე ვიცი, რომ ყველა იმ პრობლემის გადაჭრა, რაც დღეს დგას ქვეყნის წინაშე, ეს იქნება კორუფცია, ადამიანების გადინება, რუსების უკონტროლო შემოსვლა – ეს ყველაფერი იქნება, შეიძლება, არა გადაჭრილი, მაგრამ მოგვარებული ნაბიჯ-ნაბიჯ, როცა ჩვენ შევუერთდებით ევროკავშირს. ეს არის ჩვენი ერთადერთი პერსპექტივა.

მე არსად მივდივარ, ჩემს გადადგომაზე ოცნება, მგონი, ყველამ უნდა დაივიწყოს. მე აქ ვარ, სადაც ვარ, მაგრამ ყველგან ვივლი, სადაც წასასვლელი ვარ – ეს არის ჩემი უმაღლესი კონსტიტუციური ვალდებულება. მე ვიცავ ამ ქვეყნის კონსტიტუციას. რამეთუ მე ეს ფიცი დავდე პრეზიდენტად ინაუგურაციის დღეს და ამ ფიცის ერთგული ბოლომდე ვიქნები.

ეს ნიშნავს, რომ კონსტიტუცია, რომელიც გვიკარნახებს და რომელიც მეც მივიღე იმ დროს, როცა ცვლილებები შევიდა მასში, რომ საქართველოს ყველა ინსტიტუტი უნდა აკეთებდეს ყველაფერს, რაც მის შესაძლებლობებშია იმისთვის, რომ ევროპულ ინტეგრაციას ხელი შეუწყოს… მე ეს მიმაჩნია როგორც ჩემი უმაღლესი და უპირველესი ვალდებულება.

ამიტომ დავდივარ: ახლა ვიყავი ბერლინში, ბრიუსელში, პარიზში. ვსარგებლობ ჩემი კონტაქტებით, ვსარგებლობ იმით, რაც არის ჩემს მიმართ ნდობა, მაგრამ ეს პირველ რიგში თქვენს მიმართ ნდობაა. თქვენ რომ არ გამოსულიყავით და არ გეჩვენებინათ მთელი ევროპისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს [ევროპული] პერსპექტივა, მაშინ ალბათ, მეც არ მექნებოდა ასეთი ნდობა. როცა სხვადასხვა ლიდერს ვხვდები, მათ იციან, რომ მე ვარ თქვენი არჩეული და რომ ეს პერსპექტივა, ეს მომავალი არის თქვენი არჩეული.

ამისთვის არის, რომ მხარს გვიჭერენ, რომ ასე პატივისცემით მხვდებიან. ეს მე კი არ დავიმსახურე, თქვენ დაიმსახურეთ და მე ამაყი ვარ, რომ თქვენ წარმოგადგენთ სხვადასხვა დედაქალაქში. მე ვარ ამაყი, რომ ამას ვაკეთებ დღეს ჩემი სახსრებით, თუმცა სახელმწიფოსთვის ეს არ არის სწორი, ქვეყნის პრეზიდენტი არ უნდა დადიოდეს თავის სახსრებით ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრებზე, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, გავაგრძელებ…

მაქვს გეგმა შემდეგი ქვეყნების, სადაც უნდა ჩავიდე. ვიმედოვნებ, რომ შევძლებ ამ სამ თვეში, მოვიარო მთავარი და შეიძლება, ევროპის ყველა დედაქალაქი, რათა იქ მივიტანო თქვენი სურვილი, თქვენი ოცნება. ყველამ იცის, რომ საქართველოს ეს უნდა, რომ საქართველო არასდროს რუსეთის ფეხქვეშ არ დადგება, ეს არის ის, რაც ჩვენ გვაქვს ერთად დასაცავი. ერთად დავიცავით… თქვენ დაიცავით და მე მხარი დაგიჭირეთ 8 მარტს. ეს იქნება ჩვენი ერთიანი, მუდმივი სვლა, სანამ ჩვენ არ გავალთ ფონს და არ მივალთ იქ, სადაც არის საქართველოს ადგილი.

ამაში მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი ერთად ვართ და თუ ხელისუფლება ამას გაიგებს და შეეგუება, ეს იქნება ძალიან კარგი… თუ არადა, ალბათ, მისი მომავალიც ამაზე არის დამოკიდებული.

მე თქვენი იმედი მაქვს და თქვენ ჩემი იმედი გქონდეთ: ერთად წავალთ და გავალთ ბოლოს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი