საზოგადოება

ვინ (არ) ჩადის კიევში, ყირიმის პლატფორმის სამიტზე

23 აგვისტო, 2023 • 1121
ვინ (არ) ჩადის კიევში, ყირიმის პლატფორმის სამიტზე

23 აგვისტოს უკრაინის დედაქალაქ კიევში ყირიმის პლატოფრმის სამიტი გაიხსნა. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, მას არაერთი სხვა ქვეყნის და ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

სამიტის მეორე დღე გაიმართება 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს და რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის 18 თვის თავზე.

ამ დროისთვის უცნობია, ჩავა თუ არა საქართველოს წარმომადგენელი უკრაინაში სამიტზე პირადად დასასწრებად. თუმცა, წინა წლის მსგავსად, სამიტზე დისტანციურად გამოვიდა სიტყვით პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

რა სამიტზეა საუბარი?

ყირიმის პლატფორმის სამიტი 2021 წელს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივით დაარსდა და თავდაპირველად ემსახურებოდა ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთის მიერ ანექსიის ფაქტის მსოფლიო დღის წესრიგში აქტუალიზებას. ამჟამად პლატფორმა, სხვა მიზნებთან ერთად, მიმართულია დაეხმაროს უკრაინას რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევაში და საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაში.

ვინ არის სამიტის წლევანდელი სტუმარი?

უკრაინული მედიის ცნობით, წლევანდელ სამიტში მონაწილეობას 67 სახელმწიფო თუ ორგანიზაცია იღებს. მათ შორის არიან:

  • ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე;
  • პორტუგალიის პრეზიდენტი;
  • უნგრეთის პრეზიდენტი;
  • ლიეტუვის პრეზიდენტი;
  • ბოსნიის პრეზიდიუმის [მმართველი ორგანოს] თავმჯდომარე;
  • ფინეთის პრემიერ-მინისტრი;
  • მოლდოვის პრემიერ-მინისტრი.

სამიტზე წარმოდგენილნი არიან ევროკავშირის ქვეყნები, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის სახელმწიფოები, ასევე, აფრიკისა და აზიის სახელმწიფოები. დისტანციურად კი სამიტს ჩაერთო არაერთი სახელმწიფოს ლიდერი.

იქნება თუ არა წარმოდგენილი საქართველო?

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, 2022 წლის მსგავსად, დისტანციურად მიმართა სამიტის მონაწილეებს.

„ნეტგაზეთი“ დაინტერესდა, იქნება თუ არა სამიტზე საქართველო პირადად წარმოდგენილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ან საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის მიერ. მასალის გამოქვეყნების მომენტისთვის ამ კითხვებზე ველოდებით პასუხს მთავრობის ადმინისტრაციისგან და საგარეო უწყებიდან.

„უკრაინისა და საქართველოს მეგობრობის ხანგრძლივი ისტორია“

ბოლო ორი წელია, საქართველოს წარმომადგენელი პირადად არ ესწრება სამიტს. თუმცა 2021 წელს, ყირიმის პლატფორმის პირველ სამიტზე, თბილისს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარმოადგენდა. თავის გამოსვლაში 2021 წელს მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ „უკრაინელები ქართველებთან ერთად იბრძოდნენ რუსი აგრესორების წინააღმდეგ 90-იან წლებში“ და აღნიშნა, რომ „უკრაინასა და საქართველოს მეგობრობის ხანგრძლივი ისტორია აკავშირებს. ჩვენ მხარდამხარ ვმდგარვართ მშვიდობისა და ომიანობის ჟამს“.

ბოლო პერიოდში ორი ქვეყნის ხელისუფლებას შორის ურთიერთობა დაძაბულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი