ახალი ამბები

„მსოფლიოს უნდა შევახსენოთ, რომ ყირიმი უკრაინაა“ — ღარიბაშვილი „ყირიმის პლატფორმაზე“

23 აგვისტო, 2021 • 1193
„მსოფლიოს უნდა შევახსენოთ, რომ ყირიმი უკრაინაა“ — ღარიბაშვილი „ყირიმის პლატფორმაზე“

„ყირიმის პლატფორმის შექმნა საოკუპაციო ძალების მიერ ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი საშინელებების შესახებ საუბრის შესაძლებლობას იძლევა. მსოფლიოს უნდა შევახსენოთ, რომ ყირიმი უკრაინაა“, — ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა “ყირიმის პლატფორმის” სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და უკრაინის მეგობრობაზე.

„უკრაინასა და საქართველოს მეგობრობის ხანგრძლივი ისტორია აკავშირებს. ჩვენ მხარდამხარ ვმდგარვართ მშვიდობისა და ომიანობის ჟამს. საერთო მტრის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის ბრძოლის წყურვილისა და მთავარი ღირებულებებისთვის – თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლა ყოველთვის გვაძლიერებდა ნებისმიერი სხვა ძალის წინააღმდეგ, რაც ჩვენი ერთობის რღვევის მცდელობისკენ იყო მიმართული.

უკრაინელები ქართველებთან ერთად იბრძოდნენ რუსი აგრესორების წინააღმდეგ 90-იან წლებში რუსეთის მიერ ინსპირირებული და რუსეთის მონაწილეობით მიმდინარე შეიარაღებულ ბრძოლებში.

ლეონიდ ტკაჩუკი, რომლის დანაწევრებული ცხედარი ნაპოვნი იქნა და ოჯახს სულ რამდენიმე დღის წინ გადაეცა, იმ მამაცი უკრაინელების სიმბოლოდ წარმოჩინდება, რომლებიც იბრძოდნენ და დაიღუპნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. მისი თავგანწირვა ქართველებმა სახელმწიფო ჯილდოთი დააფასეს“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


„ყირიმის პლატფორმის“ შექმნა ემსახურება ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთის მიერ ანექსიის ფაქტის მსოფლიო დღის წესრიგში აქტუალიზებას.

პლატფორმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის ინიციატივით შეიქმნა.

„ყირიმის პლატფორმის“ დამფუძნებელი სამიტი ამჟამად უკრაინის დედაქალაქ კიევში იმართება, რომელსაც 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი