ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, იმ 50 ადამიანს შორის, ვისთან კონტაქტიც დღის ბოლომდე ვერ ხერხდებოდა, 6-თან დაკავშირება მოხერხდა და ისინი უსაფრთხოდ არიან. ამის შესახებ მინისტრმა ტელევიზიებთან საუბრისას თქვა.
“ძალიან დიდი სტიქია განვითარდა. მდინარის სტიქიურმა დაგუბებამ გამოიწვია მეწყრული პროცესი, რომელიც ძალიან მცირე დროში განვითარდა და დიდი გეოგრაფიული არეალი დაფარა…
არიან ადამიანები, რომელთაც ვერ ვუკავშირდებით. დაახლოებით 50 ადამიანამდე იყო, თუმცა უახლესი ინფორმაციაა, რომ 6 ადამიანი, ვისაც ვერ ვუკავშირდებოდით, უკვე კავშირზეა და უსაფრთხოდ არიან.
ბუნებრივია, ეს პროცესი გრძელდება, მიუხედავად ღამის საათებისა, 150 მაშველი უშუალოდ სტიქიის არეალში იმყოფება. როგორც უსაფრთხო ადგილას გამოყვანილი ადამიანების მხარდასაჭერად, ასევე იმ არეალში, შესაძლებლობის ფარგლებში, საძიებო სამუშაოების ჩასატარებლად”, — განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით სამაშველო ოპერაციაში ჩართულია 400 მაშველი, ორი ვერტმფრენს, რომლითაც 3 აგვისტოს სტიქიის ზონიდან 70-მდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა, 4 აგვისტოს კიდევ დაემატება ვერტმფრენები.
ქარსელაძის განცხადებით, 152 ადამიანი, ვინც სტიქიის ზონაში უსაფრთხო ადგილას იმყოფება, უზრუნველყოფილია ყველაფრით, რაც შეიძლება ღამის განმავლობაში დასჭირდეთ. მათ ხვალ, ამინდის შესაბამისად, ვერტმფრენებით გამოიყვანენ.
ამასთან, მინისტრის თქმით, ხვალვე იგეგმება სტიქიის შედეგად დაღუპული ორი ადამიანის გადმოსვენება, რის შემდეგაც მათი იდენტიფიცირება მოხდება.
“იმ მოკლე პერიოდის განმავლობაში ყველაფერი გაკეთდა, რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო. მობილიზაცია, დაწყებული პრემიერ-მინისტრის ჩართულობით და ყველა იმ რგოლის ჩართულობით, რომელიც აქ არის წარმოდგენილი და ჩართულია ამ სამაშველო ოპერაციაში, მაქსიმალურად არის.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ რაც გაკეთდა და კეთდება, არის ის მაქსიმუმი, რაც შეიძლება ამ ვითარებაში გაკეთებულიყო”, — განაცხადა მან.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ რატომ დაიგვიანა ვერტმფრენმა სტიქიის ზონაში ჩაფრენა და რატომ არ ჰყავს ქვეყანას ვერტმფრენი, რომელიც ღამის საათებში შეძლებდა მუშაობას, ქარსელაძემ უპასუხა:
“პირველ რიგში იმისკენ მოგიწოდებთ, რომ სიტუაცია ისედაც მძიმეა და ნუ შევეცდებით მიზეზების მოძებნას.
ყველას მოგიწოდებთ, რომ შევიკავოთ თავი და გავავრცელოთ დაზუსტებული ინფორმაცია, ვინაიდან საუბარია ადამიანებზე. და გთხოვთ, მიზეზ-მიზეზ ნუ ვიქნებით, როდესაც მაქსიმალური ძალისხმევით კეთდება.
რაც შეეხება ვერტმფრენს, მე არ ვარ ვერტმფრენის სპეციალისტი, მაგრამ ყველაფერს და მათ შორის ვერტმფრენსაც გააჩნია თავისი სამობილიზაციო პერიოდი და შეტყობინების შემოსვლიდან სამობილიზაციო პერიოდის გათვალისწინებით პირველი ვერტმფრენი უმოკლეს ვადაში იყო ადგილზე.
შეტყობინების შემოსვლიდან მყისიერად მოხდა რეაგირება, 2-წუთიან ინტერვალზეა საუბარი, როდესაც ადგილობრივი სამაშველო ჯგუფი უკვე იმყოფებოდა სტიქიის ზონაში. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ 400 მაშველი არის ჩართული ამ ოპერაციაში. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ თითქოს რაღაცამ დაიგვიანა, ჩვენც ვისურვებდით, რომ საერთოდ წინასწარ გვცოდნოდა ეს ყველაფერი და საერთოდ არ მომხდარიყო, ყველაზე კარგი იქნებოდა”, – განაცხადა ქარსელაძემ.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, მინისტრის თქმით, წაღებულია ორი ხიდი, ასევე, გზის რამდენიმეკილომეტრიანი მონაკვეთი მეწყრით არის დაფარული. აქტიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.
4 აგვისტოდან ასევე დაიწყება დროებითი გადასასვლელი ხიდების მონტაჟი.
