საზოგადოება

“ომი რუსეთის ტერიტორიაზე ბრუნდება, ეს სამართლიანი პროცესია” — ზელენსკი

30 ივლისი, 2023 • 3544
“ომი რუსეთის ტერიტორიაზე ბრუნდება, ეს სამართლიანი პროცესია” — ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ომი რუსეთის ტერიტორიაზე გრძელდება და ამას სამართლიან და გარდაუვალ პროცესს უწოდებს. ამის შესახებ მან დღეს, 30 ივლისს საჯარო მიმართვაში განაცხადა.

“რუსული აგრესია ბრძოლის ველზე ჩავარდა. დღეს უკვე 552-ე დღეა, რაც ე.წ. “სპეციალური სამხედრო ოპერაცია” გრძელდება, რომლის ხანგრძლივობაც რუსეთის ხელისუფლებას ორი კვირის განმავლობაში ჰქონდა გათვლილი.

უკრაინა უფრო ძლიერდება. თანდათან ომი ბრუნდება რუსეთის ტერიტორიაზე — მის სიმბოლურ ცენტრსა და საბრძოლო ბაზებზე, და ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და სრულიად სამართლიანი პროცესია”, — განაცხადა ზელენსკიმ.

დღეს, 30 ივლისს გვიან ღამით მოსკოვის ცენტრში, 50-სართულიან ბიზნეს ცენტრის მეხუთე-მეექვსე სართულებზე აფეთქება მოხდა. რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, აფეთქება უკრაინული დრონების შეჯახებამ გამოიწვია. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა TASS-ის ინფორმაციით, დაშავდა ერთი ადამიანი. უკრაინულ მხარეს ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

BBC-ის თანახმად, მიმდინარე წელს რუსულ მედიაში გაშუქებული ინფორმაციების მიხედვით, რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე 120-ზე მეტი საეჭვო საჰაერო თავდასხმა განხორციელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი