საზოგადოება

ნოდარ მელაძის თქმით, მანქანიდან მეხსიერების ბარათი მოჰპარეს

13 ივლისი, 2023 • 1089
ნოდარ მელაძის თქმით, მანქანიდან მეხსიერების ბარათი მოჰპარეს

„ტვ პირველის“ ჟურნალისტი ნოდარ მელაძე აცხადებს, რომ მანქანიდან გარე მყარი დისკი მოჰპარეს.

მელაძე ამ ფაქტს ძარცვის იმიტაციად აფასებს, რისი რეალური მიზეზიც დაშინებაა და საკუთარ ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს.

„შემთხვევა მოხდა წუხელ, თავისუფლების მოედანთან, კოტე აფხაძის ქუჩაზე, სამი კამერის თვალთახედვის არეალში. წუხელ ღამის 12 საათი იყო, როდესაც ავედი მშობლების სახლში. სამი საათი იყო, რომ ჩამოვედი და მანქანა დამხვდა ასეთ მდგომარეობაში. საათები, სათვალეები, პირადი ნივთები ადგილზეა, დამტენიდან გამოერთებულია და წაღებულია მხოლოდ ვინჩესტერი, რომელზეც სამსახურებრივ მასალებს ვინახავ. იცოდა, რაც მიჰქონდა. ქურდი რომ ყოფილიყო, სხვა ნივთებს წაიღებდა“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ ნოდარ მელაძემ.

მელაძე მომხდარს თავის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ მომხდარს წინ უძღოდა მუქარები, მათ შორის ვატო შაქარაშვილმა მიშა მშვილდაძის ცემის შემდეგ თქვა, რომ შემდეგი ნოდარ მელაძე იქნება. მელაძის თქმით, აღნიშნულზე საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო, თუმცა ამ დრომდე – უშედეგოდ.

„ჯერ ვერბალური მუქარები იყო და ახლა საქმეზე გადავიდნენ. ეს არის სიგნალი, რომ თბილისის ცენტრში, კამერების არეალშიც, ყველაზე დაცულ ადგილასაც არ ხარ დაცული“, — დასძენს მელაძე.

მისი თქმით, გუშინ ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, რომლებმაც ამოიღეს ვიდეოჩანაწერები და ნახეს ისინი, თუმცა მელაძეს მოატყუეს, რომ ჯერჯერობით არ უნახავთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი