ახალი ამბები

სასამართლომ უკანონოდ ცნო მელაძის გათავისუფლების ბრძანება და კომპენსაციის გადახდა დააკისრა რ2-ს – ადვოკატი

4 მაისი, 2022 • 1401
სასამართლომ უკანონოდ ცნო მელაძის გათავისუფლების ბრძანება და კომპენსაციის გადახდა დააკისრა რ2-ს – ადვოკატი

თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო ბრძანება, რომლითაც ჟურნალისტი ნოდარ მელაძე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-დან გაათავისუფლეს. აღნიშნულის შესახებ მელაძე და მისი ადვოკატი საუბრობენ.

ნოდარ მელაძე “რუსთავი 2”-დან 2019 წელს, ტელეარხის მენეჯმენტის ცვლილების შემდეგ გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება იმავე წელს გასაჩივრდა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს იურისტი თეო ზაქარაშვილი, რომელიც მელაძის ინტერესებს იცავდა, აღნიშნავდა, რომ საქმეში არ არსებობს რაიმე სახის უხეში დარღვევა, რომელიც ჟურნალისტის გათავისუფლებას საფუძვლად დაედებოდა.

ზაქარაშვილის თანახმად, 3 წლის შემდეგ მოსამართლე თეა ბერაიამ უკანონოდ ცნო მელაძის გათავისუფლების ბრძანება და კომპენსაციის სახით რუსთავი 2-ს 80 000 ლარის გადახდა დააკისრა.

მისივე თქმით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მელაძისთვის განაცდურის ანაზღაურებისა და მისი სამსახურში აღდგენის მოთხოვნები.

“დღეის მდგომარეობით სასამართლომ დააკმაყოფილა მთავარი: თქვა, რომ გათავისუფლების ბრძანება უკანონოა და დააკისრა “რუსთავი 2-ს” კომპენსაციის გადახდა.

მოგეხსენებათ, რომ ნოდარ მელაძე უკვე სხვა ტელევიზიის თანამშრომელია და, შესაბამისად, ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ ცნობა და კომპენსაციის დაკისრება ტელეკომპანიისთვის”, — დასძინა მან “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

განახლება[18:04] — “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას თქმით, ტელეკომპანია გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, თუმცა ჯერ მის დასაბუთებას უნდა გაეცნოს.


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, აღსრულდა საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილება და „რუსთავი 2-ის“ მფლობელი გახდა ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში.

ახალმა მენეჯმენტმა დაახლოებით ერთ თვეში, 20 აგვისტოს, ტელეარხიდან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და არხის სხვა სახეები: ეკა კვესიტაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, გიორგი ლაფერაშვილი და გიორგი გაბუნია.

ამ გადაწყვეტილებას სხვადასხვა თანამშრომლის პროტესტი მოჰყვა — არხი ათობით ჟურნალისტმა დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი