საზოგადოება

ანა უთანასწორო გარემოში

18 ივლისი, 2023 • 1882
ანა უთანასწორო გარემოში

ანა სიხაშვილი 21 წლისაა. ის უსინათლოა. როგორც მისი ასაკის ახალგაზრდების უმეტესობა, ანაც აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს — ჰყავს ფართო სანაცნობო წრე, არაერთი მეგობარი და ამჟამად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. 

გარდა ამისა, ანა აქტივისტია, რომელიც საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის იბრძვის.

ეს ბრძოლა მისთვის პირადია, რადგან მას ყოველდღე უწევს უთანასწორო, მხოლოდ მხედველ ადამიანზე მორგებულ გარემოში უწევს გადაადგილება. ამის მიუხედავად, ანა დამოუკიდებელი და თავისუფალი ახალგაზრდა ქალია. ამ დამოუკიდებლობის საფასური კი მუდმივი დაძაბულობა და დიდი ემოციური სტრესია, რადგან უსინათლოებისთვის არაადაპტირებულ და შესაბამისად, სახიფათო ქუჩებს, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპებიც ემატება.

ანას ვთხოვეთ, ექსპერიმენტის სახით თან გავყოლოდით უნივერსიტეტიდან სახლამდე, გზად კი იმ პრობლემებზე მოეყოლა, რომელსაც უსინათლო ადამიანი დედაქალაქში გადაადგილებისას აწყდება. ასეთი არაერთია. მაგალითად, ქუჩებში არ არის ტაქტილური ბილიკები, რომელიც უსინათლო ადამიანს გადაადგილების მიმართულებას მიანიშნებდა, ქვეითა გადასასვლელების დიდ ნაწილთან არ დგას ხმოვანი შუქნიშნები, კიბეებთან არ არის სპეციალური რელიეფური ფილები, რომ ადამიანი მიხვდეს, წინ კიბეა, გაჩერებებზე არ ცხადდება, თუ რა ნომერი ავტობუსი მოვიდა, გაჩერებებს კი მუნიციპალური ავტობუსების მხოლოდ ნაწილში აცხადებენ. ეს არ არის პრობლემების სრული სია.

ანასთან ერთად გზა უნივერსიტეტიდან მის სახლამდე ერთად გავიარეთ. დამატებით მივედით მეტროსადგურ „გოცირიძეზეც“, რომლის რეაბილიტაციაც თითქმის 3 წელი გაჭიანურდა. ეს არის ერთადერთი მეტროსადგური თბილისში, რომელიც მეტ-ნაკლებად მორგებულია უსინათლო ადამიანთა საჭიროებებზე.

ანას გზა უნივერსიტეტიდან სახლამდე კი ასეთია:

„თუ თავისუფლებას ვერ ვიგრძნობ, იმასაც ვერ ვიგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ“

„მეტრო „300 არაგველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ვცხოვრობ. სახლიდან ვაკეში, უნივერსიტეტამდე და პირიქით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით თითქმის ყოველდღე დავდივარ. გზა, რომელსაც გავდივარ, ჩემთვის ძნელად მისაწვდომი და სახიფათოა.  გამოწვევებს — დიდსა თუ პატარას — ვაწყდები ყველგან. მაგალითად, მართალია, უნივერსიტეტის ეზოში განსაკუთრებული პრობლემა არაფერია, თუმცა კარგი იქნებოდა, ეზოში გასასვლელ კიბემდე დაგებული ყოფილიყო სპეციალური რელიეფური ფილა, რომელიც მიმანიშნებდა, რომ აქ კიბეა. ან მაგალითად, უნივერსიტეტის შემოსასვლელ ჭიშკართან ყოფილიყო სპეციალური ტაქტილური ბილიკი, რომელიც უსინათლო ადამიანს გზას მიანიშნებდა „ზებრა“ გადასასვლელამდე.

ტაქტილური ბილიკის გარეშე ძალიან რთულია გამოიცნო, ზუსტად სად მიდიხარ, რადგან რეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზეც კი, მე, უსინათლო ადამიანი, მკაფიოდ ვერ ვარჩევ, სად მივდივარ, რაც დამატებით რისკს მიქმნის. მაგალითად, ტროტუართან არსებული ველობილიკის ზედაპირი მინიმალურად განსხვავდება სავალი ნაწილის ზედაპირისგან, განსაკუთრებით კი წვიმის დროს. ასეთ პატარა დეტალებში იკვეთება იმის ნიშნები, რომ თავის დროზე ეს ყველაფერი არ დაიგეგმა ისე, რომ მაქსიმალურად გათვალისწინებულიყო უსინათლო და მცირემხედველ პირთა საჭიროებები.

ანა სიხაშვილი უნივერსიტეტთან. ფოტო: სოფო აფრიამაშვილი/ნეტგაზეთი

ჭავჭავაძის გამზრზე არის ადგილები, რომელიც უფრო მეტად არის ადაპტირებული — მოწყობილია ხმოვანი შუქნიშნები და რელიეფური ფილები „ზებრა“ გადასასვლელებთან.

თუმცა ჩემთვის პრობლემურია, რომ არ არის რაიმე მანიშნებელი, რომელიც ავტობუსის გაჩერებისკენ მიმითითებდა. კარგი იქნებოდა გაჩერებამდე ტაქტილური ბლიკის მოწყობა. ჩემთვის ასევე მთავარი გამოწვევა, რომ ავტობუსის გაჩერებაზე არ არსებობს არანაირი მექანიზმი, რომლითაც მე გავიგებდი, როდის მოდის ჩემი სასურველი ავტობუსი. თუ ადამიანს ვერ ვიპოვი, რომელიც ახედავს ტაბლოს და მეტყვის, როდის მოდის ჩემი ტრანსპორტი, ვერ ვიმგზავრებ.

როცა ავტობუსი მოდის, რა ნომერია, ესეც სხვას უნდა ვკითხო და უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენო სხვა მოქალაქე.

რაიმე ისეთი მექანიზმია მოსაფიქრებელი, ისე დასაგეგმი, რომ უსინათლო ადამიანზე იყოს მორგებული, რადგან უსინათლო ადამიანი, სამწუხაროდ, პირიქით ვერ მოერგება ამ სისტემას.

ანა ადის ავტობუსში. ფოტო: სოფო აფრიამაშვილი/ნეტგაზეთი

როდესაც ავტობუსში ამოვდივარ, აქაც არ წყდება პრობლემები. ჯერ უნდა მოვძებნო, გრძელ გაჩერებაზე სად გაჩერდა ტრანსპორტი, შემდეგ მოვძებნო კარი, ამოსვლისთანავე კი ბარათის გატარება უნდა ვთხოვო ვინმეს.

თავიდანვე იგრძნობა, რომ ბევრ ადამიანს სტერეოტიპული დამოკიდებულება აქვს — ეგრევე დგებიან და მითმობენ ადგილს, არ მეკითხებიან, მინდა თუ არა. ერთია, რომ დაჯდომა არ მჭირდება, მეორე ამბავია, რომ როდესაც ავტობუსი გადატვირთულია, როდესაც ჭედვაა, დაჯდომა და შემდგომ ჩამოსვლა ჩემთვის უფრო პრობლემურია. ადამიანები ვერ იაზრებენ, რომ რეალურად, დისკომფორტს მიქმნიან.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ ბოლო დროს ავტობუსების ნაწილში გაჩერებები ცხადდება — ეს ძალიან კარგია. იმედი მაქვს, რომ როგორც გვპირდებიან, წლის ბოლომდე ეს ყველა ავტობუსში მოხდება. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ეს ხმოვანი მექანიზმი გაფუჭებულია, მძღოლები კი თავს არ იწუხებენ, რომ გამოასწორონ. ეს ძალიან პრობლემურია, რადგან, როდესაც ამოდიხარ და გაქვს მოლოდინი, გაჩერება უნდა გამოცხადდეს და უეცრად, ეს ასე არ ხდება, შეიძლება, დაიკარგო. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ამ კუთხით ავტობუსის მძღოლებს დაატრენინგებენ, რათა უფრო სენსიტიურები იყვნენ. გაჩერებები საერთოდ არ ცხადდება მიკროავტობუსებში და თბილისში არაერთი უბანია, სადაც მხოლოლოდ მიკროავტობუსით შეგიძლია მისვლა.

მძღოლების გარდა ადამიანებისგანაც გამიგია, რომ წუხდებიან ამ ხმით. მე ეს საერთოდ არ მესმის. უპირველესად იმიტომ, რომ გახმოვანება მხოლოდ უსინათლო ადამიანებისთვის არ კეთდება, კეთდება იმისთვისაც, რომ მაგალითად, ზამთარში ან ღამით წვიმაში, როდესაც რთულია ფანჯრიდან ქუჩების დანახვა, გატყობინებს, თუ რა გაჩერებაზე ხარ.

სახლში წასასვლელად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მეტრო „რუსთაველამდე“ ჩამოვდივარ, შემდეგ მივდივარ „300 არაგველზე“, აქედან კი ავტობუსით ჩემს სახლამდე ერთი გაჩერებაა.

მონაკვეთი რუსეთაველის გამზირზე — „მეცნიერებათა აკადემიიდან“ მეტროს ჩასასვლელამდე — საერთოდ არაა ადაპტირებული. არც რაიმე მანიშნებელია, არც ტაქტილური ფილა — საერთოდ არაფერი. ფაქტობირვად, უნდა გამოიცნო, სწორად მიდიხარ თუ არა, ჰაერში ხარ გამოკიდებული.

განსაკუთრებით პრობლემაა „რუსთაველის“ მეტრომდე მისასვლელი „ზებრა“ გადასასვლელი. მიუხედავად იმისა, რომ ეს გადასასვლელი, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დატვირთულია ქალაქში, აქ არც რაიმე მანიშნებელია, რომ უნდა გადახვიდე, არც ხმოვანი შუქნიშანი — აქაც, უნდა გამოიცნო, როდის გადახვიდე. იშვიათად გამომდის მისი უსაფრთხოდ გადაკვეთა, ამიტომ სულ ვინმეს ვთხოვ, რომ დამეხმაროს.

მე მყავს მობილობა-ორიენტაციის ტრენერი — სპეციალისტი, რომელიც ქალაქში უსაფრთხო მარშრუტებს მასწავლის. მან სახლამდე მისასვლელი სხვა გზა მასწავლა, თუმცა ის უფრო გრძელია. შესაბამისად, მარშრუტი რუსთაველის მეტროს გავლით ჩემით ვისწავლე. ეს არასწორია ჩემი მხრიდან, მაგრამ დროს ვზოგავ. მე კი მიყვარს, როდესაც დღის განმავლობაში ბევრ რაღაცას ვასწრებ.

მარშრუტის გარდა, ტრენერი გასწავლის, რომ ასევე გაითვალისწინო სხვადასხვა ორიენტირი. მაგალითად, მე ვიცი, რომ მეტროსთან არის შადრევანი, შესაბამისად, მისი ხმის მეშვეობით გადავაადგილდები. ასევე, ორიენტირია მეტროსადგურის სპეციფიკური სუნი — მოკლედ, ისეთი პატარა დეტალები, რომელსაც მხედველი ადამიანი შეიძლება, საერთოდ არც აკვირდება.

ორიენტაცია-მობილობის ტრენერის საფასური მე თბილისის მერიმ გადამიხადა. მინდოდა, ჩემი მაგალითი ყოფილიყო საპილოტე, შექმნილიყო სპეციალური პროგრამა, თუმცა დღემდე არ არსებობს ეს სერვისი. იმედი მაქვს, რომ მალე სხვებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.

ანა რუსთაველის გამზირზე. ფოტო: სოფო აფრიამაშვილი/ნეტგაზეთი

უშუალოდ მეტროში ჩასვლის დროს ძალიან ბევრ დაბრკოლებას ვაწყდები იმიტომ, რომ არ არსებობს სპეიცალური ტაქტილური ბილიკები, რომელიც მე მიმიყვანს კონკრეტულ ადგილამდე, მაგალითად, ტურნიკეტამდე ან ესკალატორამდე. აქაც მჭირდება ხოლმე ადამიანების დახმარება, ან მივყვები ხმას.

სტანდარტის თანახმად, ესკალატორის ბოლოსაც უნდა იყოს ტაქტილური ბილიკი, რომელიც მიმიყვანდა ბაქანამდე, მაგრამ ეს არ არის. „რუსთაველის“ მეტროსადგური, რომელიც ცენტრალური სადგურია, არაა ადაპტირებული. ირონიულია, რომ ბაქანზე არის დეკორატიული ხაზი და მას ვიყენებ, როგორც ტაქტილური ბილიკის ალტერნატივას. ვხუმრობ, გაგვიმართლა-მეთქი. ბევრ სადგურში ესეც არ არის.

მეტროს სადგურებს შორის განსხვავებულია ახლადრეაბილიტირებული „გოცირიძე“, რომელიც ადაპტირებულია. აქ ყოფნისას თავს ვგრძნობ თავისუფლად, არ ვგრძნობ საფრთხესა და რისკს. ზემოთ რომ აღვნიშნე, ჰაერში გამოკიდებულივით ვარ-მეთქი, ეს განცდა აქ მიქრება.

აქ დაგებულია ტაქტილური ბილიკი, ასევე სპეციალური მანიშნებლები, მაგრამ მიუხედავად ამისა, აქაცაა პრობლემები. მაგალითად, კიბეს ბოლომდე არ მიუყვება რელიეფური ფილები. მნიშვნელოვანია, კიბის დასაწყისთან მთელს გაყოლებაზე იყოს ეს მანიშნებელი.

„გოცირიძისგან“ განსხვავებით, „300 არაგველი“ საერთოდ არაა ადაპტირებული. იმდენად ხელმიუწვდომელია მეტრო და მისი მიმდებარე ტერიტორია, რომ აქ გადაადგილება ჩემთვის განსაკუთრებით რთულია. ეს იმის ფონზე, რომ ამ ტერიტორიაზე ბევრი უსინათლო ცხოვრობს, აქვე არის უსინათლოთა კავშირის ფილიალი და თბილისის 202-ე, უსინათლო ბავშვთა სკოლა.

ამის მიუხედავად, აქ არც რელიეფური ფილებია, არც ტაქტიკური ბილიკები. მეტროს მიმდებარედ, ტროტუარზე, ძალიან ბევრი აბრაა დადგული. პრობლემა ისიცაა, რომ ეს აბრები ყოველდღე იცვლება — ყოველდღე სხვადასხვა ადგილზე დგას, შესაბამისად, მარშრუტის დასწავლა გაცილებით რთლია.

სხვა ადგილების მსგავსად, აქაც არაა მიმანიშნებელი, რომელიც მეტროდან გაჩერებამდე მიგიყვანს. აქაც თვითონ უნდა მიხვდე, სად წახვიდე. მე ეს ტერიტორია მობილობა-ორიენტაციის ტრენერმა მასწავლა, შესაბამისად, მივყვები ამ მარშრუტს და ასევე, ვიყენებ ჩემს სმენას, სხვადასხვა ხმას.

ანა გაჩერებაზე. ფოტო: სოფო აფრიამაშვილი/ნეტგაზეთი

სახლში მისასვლელად უნდა ავიარო აღმართი, გავიარო შიდა ქუჩები.

თუ ცენტრალურ გამზირზებზე ასე თუ ისე დაცულია ხელმისაწვდომობის სტანდარტი, პატარა ქუჩები საერთოდ არ არის ადაპტირებული. არათუ შშმ პირისთვის, აქ ზოგჯერ ქვეითისთვისაც კი რთულია გადაადგილება, რადგან მანქანები ტროტუარზე აყენია, თავად ტროტუარები კი კეთილმოწყობილი არ არის.

იმის გამო, რომ ტროტუარები გადატვირთულია, ზოგან ხეა, ზოგან ბოძი, ზოგან კი, როგორც ვთქვი, მანქანაა დაპარკინგებული, შუა გზაზე სიარული მიწევს. აქ კი საერთოდ არ ვიცი, რომელი მანქანა როდის გამოივლის. მეც ძალიან არ მომწონს, ასე რომ ვიქცევი, მაგრამ სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ მაქვს.

აქ გადაადგილება ყველაზე რთული მაინც საღამოობით არის, რადგან გაჩერებული მანქანების რაოდენობა იმატებს. ფაქტობრივად, ქუჩა იქცევა პარკინგად. მესმის, რომ შეიძლება სხვა ადგილი არ ჰქონდეს მანქანის დასაყენებლად, მაგრამ ეს მე რისკის ქვეშ მაყენებს. თანაც, ზოგიერთი მანქანას ნაწილობრივ ტროტუარზე, ნაწილობრივ კი სავალ ნაწილზე აჩერებს.

ყოველ მოსვლაზე სხვადასხვა სიტუაცია მხვდება — ხან სად აყენია მანქანა, ხან სად. შესაბამისად, მე წარმოდგენა არ მაქვს, როგორ უნდა მოვიქცე, საით წავიდე, არადა, სახლში ვარ მისასვლელი. ეს ის გზაა, რომელსაც ყოველდღე გავდივარ.

ანა ავლაბარში. სახლისკენ მიმავალ გზაზე. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ალბათ, ჩემი დანახვისას ბევრს უჩნდება კითხვა, ოდესმე წავქცეულვარ თუ არა. პასუხი არის არა. როდესაც დამოუკიდებლად გადავაადგილდები, ფაქტობრივად, სულ emergency mode [განგაშის მდგომარეობა] მაქვს ჩართული, სულ მოლოდინში ვარ, რომ წინ შეიძლება რაღაც საფრთხე იყოს. ყურადღება არასდროს მომიდუნებია და ალბათ, ამიტომაც არასდროს წავქცეულვარ.

სულ ვფრთხილობ, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ჩემი მობილობა-ორიენტაციის ტრენერი იტყოდა, უფრო სწრაფი ვარ, ვიდრე ფრთხილი. თუმცა მას შემდეგ, რაც მიხვდი, რომ მე მაბარია ჩემი სიცოცხლე — რეალურად, აქ ძალიან რთულია, რომ ჩაიბარო შენი სიცოცხლე — გადავყწვიტე, ვიყო ფრთხილი. მეც მიკვირს ჩემი ხასიათიდან გამომდინარე.

ამ ქალაქში ძალიან რთულია სიფრთხილის დაცვა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ შენ ყურადღებას არ მოადუნებ, ვიღაც სხვამ შეიძლება მოადუნოს ყურადღება. შეიძლება, შენ მიდიოდე შენს გზაზე, სწორად იცავდე ყველანაირ წესს, მაგრამ სხვამ დაარღვიოს, სხვამ არ გაგითვალისწინოს და არ დაინახოს, რომ უსინათლო ხარ. ვერ მიხვდეს, რომ ამით საფრთხეს გიქმნის. არის შემთხვევები, როდესაც  უკითხავად ცდილობენ დამეხმარონ და სულ სხვა მხარეს მივყავარ, ამით კი საფრთხის ქვეშ მაყენებენ. მაგალითად, თუ დააკვირდებით, ნახავთ, რომ მე სულ ბარიერს მივყვები, რადგან უსინათლოს სჭირდება იცოდეს, უსაფრთხოდ არის და ამისთვის, ახლოს იყოს რაღაცასთან. ბევრჯერ მოსულან და მეუბნებიან, აი, აქ მანქანაა, აი აქ ესაა და გავყავარ შუა ქუჩაში.

ამ მიზეზების გამო სიფრთხილე და ემოციური დაღლა ჩემთვის ერთმანეთზეა გადაბმული. გარეთ გასვლისას მე სამმაგად მიწევს დაღლა, სამმაგად რაღაცების გათვალისწინება. მახსოვს, თავიდან, როდესაც დავიწყე მარტო, დამოუკიდებლად გადაადგილება, სახლში მოვდიოდი და ეგრევე ვიძინებდი, იმდენად დაღლილი ვიყავი და იმდენად გამოცლილი მქონდა ენერგია. მაგრამ კარგი ის არის, რომ თვითონ ვარ მე ძალიან ენერგიული, მოტივირებული ადამიანი – ეს ჩემი პიროვნული მახასიათებელია. შესაბამისად, მეგობრებთან ურთიერთობასაც ვახერხებ და სხვა ბევრ რაღაცასაც. მაგრამ ეს ძალიან დიდ ძალისხმევად მიჯდება, რა თქმა უნდა.

მე ვიხდი ძალიან დიდ საფაურს ჩემი დამოუკიდებლობისთვის. ერთია დაღლა და ჩემი ემოციური მდგომარეობა, მეორე კი ის არის, რომ ყველა ადამიანს, ვისაც ქუჩაში ვხვდები, ინდივიდუალური რეაქცია აქვს ჩემზე — ზოგი ტირის, ზოგს აქეთ ვამშვიდებ, ზოგი ისეთ უხეშ კითხვებს მისვამს, როგორიცაა, მაგალითად, „შვილო სახლში არავინ გყავს?!“ ან „ვინ გამოგიშვა სახლიდან მარტო?!“. მე სულ ვუბრუნებ პასუხს, ვეკითხები, „თქვენ ვინ გამოგიშვათ?!“

ჩემთვის ეს არის თავისუფლება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მე ვაკეთებ რაღაცას ისე, რომ არავინ იცის, არავის ვეკითხები. მე მაქვს ჩემი პირადი სივრცე. უ თავისუფლებას ვერ ვიგრძნობ, იმასაც ვერ ვიგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ.

ანა სიხაშვილი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ამ დღემაც აჩვენა, რომ მე უნივერსიტეტიდან სახლამდე თითქმის, 2-ჯერ მეტი დრო მჭირდება, ვიდრე არა-შშმ პირს დასჭირდებოდა. ამასთანავე, იძულებული გავხდი, განმეცადა დიდი სტრესი. ამ სტრესს იწვევს ისიც, რომ სხვადასხვანაირად არის დაგეგმილი ქალაქი — ერთ ადგილას შეიძლება იყოს ზებრა გადასასვლელი ტაქტილური ფილებით, მეორე ადგილას — არა.

როდესაც ვსაუბრობთ მისაწვდომობასა და ქალაქგეგმარებაზე, ამ მიმართულებით მნიშვნლოვანია, რომ ყველა ქუჩა ესადაგებოდეს შესაბამის სტანდარტს და ყველგან ეს სტანდარტი იყოს ერთნაირი. არ შეიძლება ერთ ქუჩაზე შუქნიშანს ერთი ხმა ჰქონდეს, მეორე ქუჩაზე — სხვა, მესამეგან კი საერთოდ არ იყოს. უსინათლო ადამიანები მარშრუტებს ვსწავლობთ და ასე გადავდგილდებით, შესაბამისად, სხვადასხვანაირად მოწყობილი ქუჩები საბოლოოდ ქმნის უთანასწორო გარემოს.“

მასალების გადაბეჭდვის წესი