საზოგადოება

თავდასხმა ლგბტქ+ აქტივისტებზე იყო შსს-ს და “ალტ-ინფოს” ერთობლივი ოპერაცია – თბილისი პრაიდი 

8 ივლისი, 2023 • 1009
თავდასხმა ლგბტქ+ აქტივისტებზე იყო შსს-ს და “ალტ-ინფოს” ერთობლივი ოპერაცია – თბილისი პრაიდი 

“დღეს ცხადად დავინახეთ, რომ თავდასხმა ლგბტქ+ აქტივისტებზე და თბილისი პრაიდის ფესტივალის ტერიტორიაზე, იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და “ალტ-ინფოს” ერთობლივი, კარგად დაგეგმილი ოპერაცია ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის წინააღმდეგ”, – აცხადებს “თბილისი პრაიდი”, რომლის ორგანიზებით დღეს “ლისი ვონდერლენდის” ტერიტორიაზე პრაიდის ფესტივალი უნდა ჩატარებულიყო.  

8 ივლისს დაგეგმილი პრაიდი ჩაიშალა, ორგანიზატორების და ჟურნალისტების ნაწილის ევაკუაცია პოლიციამ სპეციალურად გამზადებული მიკროვატობუსებით განახორციელა. 

პრაიდი ახლახანს გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში წერს: 

“Ჩვენი გადასახადებით დაფინანსებული Პოლიცია, რომელიც ფესტივალის ტერიტორიას “იცავდა” გვარწმუნებდა, რომ ულტრამემარჯვენე ჯგუფები ახლოს ვერ მოვიდოდნენ, ამის პარალელურად კი, მედიასა და სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა კადრები სადაც ჩანს, როგორ დაუბრკოლებლად, შეთანხმებულად მოდის პოლიცია და ძალადობრივი ჯგუფი ტერიტორიისკენ.

ალტ-ინფოს წევრებმა ალყაში მოგვაქციეს, პოლიციამ კი, ნაცვლად იმისა, რომ ისინი დაეშალა, წინასწარ მომზადებული ტრანსპორტით დაგვატოვებინა ჩვენი ტერიტორია.

Შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებებიდან აშკარაა, რომ ეს სამარცხვინო “ევაკუაცია” მათ გამარჯვებად მიაჩნიათ, სინამდვილეში კი, ესეც წინასწარ დაგეგმილი ნაბიჯი და მათი უმოქმედობის დასტური იყო.

Შინაგან საქმეთა სამინისტრო და მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე მოსამზადებელ პერიოდში, კვირების განმავლობაში და ფესტივალის დღესაც დაცვის გარანტიებს გვაძლევდნენ, სანაცვლოდ კი, პოლიციამ ნება დართო ალტ-ინფოს წევრებს შეჭრილიყვნენ ფესტივალის კერძო, დახურულ, ტერიტორიაზე, თავს დასხმოდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს და გამოუსწორებელი ემოციური ტრამვა მიეყენებინათ მათთვის.

Პოლიციამ არ გადაკეტა ფესტივალის ტერიტორიამდე მოსასვლელი გზა, რომ ხელი შეეშალა მოძალადე ჯგუფისთვის; Პოლიციამ თავდამსხმელების მიმართ არ გამოიყენა პროპორციული ძალა.

Ხელისუფლებამ არ დააკავა 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები;

Ხელისუფლებამ არ დააკავა 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები არც მაშინ, როდესაც 8 ივლისის ძალადობა დაანონსეს;

Ხელისუფლებამ წაახალისა და მხარი დაუჭირა ძალადობას.

ეს იყო საქართველოს ხელისუფლების მიერ, პუტინისტურ მოძალადე ჯგუფთან ერთად ორგანიზებული თავდასხმა დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე და უდანაშაულო ადამიანებზე, რომლებსაც სურდათ კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებით სარგებლობა. 

იმედი გვაქვს, რომ ყველა ვისთვისაც ძალადობა მიუღებელია, ვისაც სურს საქართველოს დემოკრატიული და ევროპული განვითარება დაგმობს დღეს განვითარებულ მოვლენებს და დააფიქსირებს სოლიდარობას”, – ნათქვამია პრაიდის განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი