საზოგადოება

კარატე დაფინანსების გარეშე — რატომ უწევთ სპორტსმენებს ასპარეზობა საკუთარი ხარჯებით

5 ივლისი, 2023 • 1025
კარატე დაფინანსების გარეშე — რატომ უწევთ სპორტსმენებს ასპარეზობა საკუთარი ხარჯებით

უკვე წელიწად-ნახევარია, რაც საქართველოს კარატეს ნაკრები სახელმწიფო დაფინანსებას არ იღებს და სპორტსმენები მხოლოდ საკუთარი ხარჯებით, შემოწირულებებით ან პირადად მოძიებული სპონსორების წყალობით ახერხებენ სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო შეჯიბრებაში მონაწილეობას.

სწორედ 18 თვის წინ შეუწყვიტა კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სახელმწიფო დაფინანსების გაცემა “საქართველოს კარატეს ეროვნულ ფედერაციას”. დაფინანსების აღდგენის წინაპირობად სამინისტრომ ფედერაციას მოსთხოვა რამდენიმე პრობლემის მოგვარება, ასევე საერთო ვითარების გამოსწორება.

როგორც ფედერაციის წევრები ამბობენ, პრობლემების მოგვარება დაიწყეს, თუმცა ორგანიზაციაში ამ დროს იჩინა თავი შიდა დაპირისპირებებმა და მოგვარების ნაცვლად პრობლემები გაღრმავდა. შედეგად, 2022 წლის ზაფხულში ფედერაცია დატოვეს იმჟამინდელი მმართველობით უკმაყოფილო წევრებმა და ახალი, საკუთარი ორგანიზაცია ჩამოაყალიბეს, რომელსაც “სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაცია” უწოდეს.

“კარატეს ეროვნული ფედერაცია” და “სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაცია” ერთმანეთისგან შინაარსობრივად არ განსხვავდება, რადგან ის სპორტის ერთსა და იმავე სახეობას ეხება. თუმცა, როგორც თავად განმარტავენ, განსხვავდება ამ ორი ორგანიზაციის ხედვები მმართველობის ფორმებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, “კარატეს ეროვნულ ფედერაციას”  სახელმწიფოსგან მინიჭებული  ჰქონდა  ოფიციალური ფედერაციის სტატუსი და დაფინანსებასაც იღებდა, რომელიც გასულ წელს დაკარგეს.

დაფინანსების გარეშე დარჩენილმა ფედერაციის წევრებმა 30 ივნისს კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან აქციაც გამართეს, სადაც დაფინანსების დაბრუნებას მოითხოვდნენ.

თუმცა, როგორც თავად ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ფედერაციაში კვლავ გაწევრიანებულია ასობით სპორტსმენი, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ თვეების წინ მათთან კომუნიკაცია შეწყვიტა, არ პასუხობს არც მათ წერილებს, მათ შორის, არც შეკითხვებს იმის თაობაზე, შეუჩერეს თუ არა ეროვნული ფედერაციის სტატუსი. ამავე დროს, სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ახლად შექმნილ “სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციასთან” .

“დაფინანსების გარეშე მომზადებაც გვიჭირს”

21 წლის სპორტსმენი, “კარატეს ეროვნული ფედერაციის” ნაკრების წევრი, ლუკა ხვედელიანი “ნეტგაზეთს” ესაუბრა დაფინანსების არარსებობის გამო სპორტსმენების პრობლემების შესახებ. მას 30 ივნისს თბილისში გამართულ აქციაზე შევხვდით.

“უკვე მეორე წელია, რაც არ გვაქვს სახელმწიფო დაფინანსება და ძალიან რთული გახდა ჩვენი მომზადება, ვარჯიშები, ასპარეზობა. არავითარი დაფინანსება არ გვაქვს ნაკრების წევრებს, რომ მოვემზადოთ შეჯიბრებებისთვის, ამიტომ ჩვენი ხარჯებით გვიწევს სიარული, რაც შეზღუდულია. დიდ ხანს ვერ გავძლებთ ასე”, — განმარტავს ხვედელიანი.

ლუკა ხვედელიანი

მისი თქმით, “საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის” ნაკრების წევრები საერთაშორისო და ადგილობრივ შეჯიბრებებზე საკუთარი ხარჯებით დადიან. მაგალითად, ერთ-ერთ შეჯიბრებაზე წასასვლელად, სადაც საპრიზო ადგილებიც მოიპოვეს, მხოლოდ ხვედელიანს 500 ევროს გადახდა მოუწია. ასევე, თავადვე იხდიან დარბაზის ქირაობის ხარჯებსაც, რაც, ლუკას თქმით, მხოლოდ მას თვეში 400 ლარი უჯდება.

ლუკა ამბობს, რომ კარატე მისთვის ძირითადი პროფესიაა და უკვე 13 წელია, სპორტის ამ სახეობას უთმობს საკუთარი ცხოვრების უდიდეს ნაწილს.

“თუ დაფინანსება არ აღადგინა სამინისტრომ, ეს იქნება სპორტსმენებისა და ახალი თაობის ღალატი”, — ამბობს ლუკა.

რატომ დაიშალა “საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაცია”?

ამ შეკითხვაზე ორ ფედერაციას, რომელთაგან ვერც ერთი ვერ იღებს დღეს დაფინანსებას, განსხვავებული ვერსიები აქვთ. თუმცა ფაქტები, რაზეც ორივე მხარე საუბრობს, შემდეგია:

2022 წლის 26 იანვარს “საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის” პრეზიდენტი კახა ბასილია გადადგა. სწორედ ამ დღეს, ბრალის წაყენებიდან თითქმის 4 წლის შემდეგ, სასამართლომ დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობაში და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამის შემდეგ საქართველოს სპორტის სამინისტრომ შეწყვიტა ფედერაციის დაფინანსება დ,ა როგორც პირვანდელი ფედერაციის ამჟამინდელი და ყოფილი წევრები ამბობენ, რამდენიმე მითითების შესრულება მოსთხოვა, მათ შორის:

  • ჩატარებულიყო ახალი არჩევნები;
  • მაქსიმუმ ორი ვიცე-პრეზიდენტი ჰყოლოდა ორგანიზაციას;
  • დაემტკიცებინა ახალი ბორდი;
  • ფედერაციის დელეგატების ¾  უნდა ყოფილიყო იურიდიული პირი, 1/4 კი, ფიზიკური პირი;
  • არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ უნდა ჰქონოდა პირს, რომელიც ორი წელი არ იყო ფედერაციის წევრი

“საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის” წევრები აცხადებენ, რომ მათ ყველა მითითება შეასრულეს, თუმცა ამას არ ეთანხმებიან ფედერაციიდან წასული სპორტსმენები, რომლებმაც შემდეგ საკუთარი ორგანიზაცია ჩამოაყალიბეს.

“საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ ადამიანებმა ეროვნული ფედერაცია დატოვეს, რადგან თავად სურდათ, მენეჯმენტის უმრავლესობაში ყოფილიყვნენ და სხვა შემთხვევაში არც ისეთი მაღალი თანამდებობის დაკავებას სთანხმდებოდნენ, როგორიც ფედერაციის პრეზიდენტი, გენერალური მდივანი და მთავარი მწვრთნელის პოზიციებია.

თავად “სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის” პრეზიდენტი თემურ გიგნაძე კი “ნეტგაზეთთან” წამოსვლის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად იმჟამინდელი მმართველობის მიერ სამინისტროს მითითებების მანიპულაციურად შესრულებას ასახელებს. კერძოდ, სამინისტროს ერთ-ერთი მითითებას, რომ ფედერაციის დელეგატების სამი მეოთხედი იურიდიული პირებით უნდა დაკომპლექტებულიყო (კლუბების, ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებით), ერთი მეოთხედი კი, ფიზიკური პირებით.

მსოფლიო ჩემპიონი, გოგიტა არქანია და თემურ გიგნაძე. ფოტო: FB/საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაცია

გიგნაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ამასთან დაკავშირებით ფედერაციაში მყოფი ორივე დაპირისპირებული მხარე თანხმდებოდა, იმჟამინდელმა მმართველებმა ცვლილება შეიტანეს დამოუკიდებლად და ეს მხოლოდ ყრილობამდე ერთი დღით ადრე გახდა მეორე მხარისთვის ცნობილი, როცა უკვე უნდა დამტკიცებულიყო ფედერაციის წესდება.

“ეს იმიტომ იყო ჩვენთვის მიუღებელი, რომ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. წევრი იურიდიული პირების უფლებები შეზღუდული იყო, რაც იწვევდა მათი უფლებების ფიზიკურ პირებამდე დაყვანას.

ეს პუნქტი ჩვენ გარეშე შეცვალეს და წინა დღით აღმოვაჩინეთ. არ დავეთანხმეთ, ვითხოვეთ, რომ შეცვლილიყო, მაგრამ არ გაითვალისწინეს. ასევე, თავდაპირველად დელეგატების რაოდენობა ძალიან გაბერილი ჰქონდათ, რაც თავიანთი მომხრეების ხმის გამრავლების მცდელობა იყო. კომპრომისზე წავედით, გარკვეულ სიაზე შევთანხმდით, მაგრამ ყრილობაზე მაინც პირვანდელი სახით სურდათ წარდგენა.

გვითხრეს, ეს ყრილობა ჩავატაროთ და შემდეგ შევცვალოთო. დიდმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად დავტოვეთ ყრილობა, თუმცა მაინც შეადგინეს ვითომ კვორუმი, ჩაატარეს ყრილობა, რაც იუსტიციის სამინისტრომ არ დაუმტკიცა და ფაქტობრივად, აღმოვჩნდით მმართველობის ჩიხში”, — განმარტავს გიგნაძე.

მისი თქმით, სწორედ ამ ჩიხიდან გამოსავლის ერთადერთ გზად არსებული ფედერაციის დატოვება და ახლის შექმნა იყო.

“საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის” წევრთა არგუმენტები

“საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის” წევრები არ ეთანხმებიან გიგნაძეს და აცხადებენ, რომ მათ სამინისტროს ყველა მითითება შეასრულეს, ამიტომ უსამართლოდ მიიჩნევენ სპორტსმენების დაფინანსების გარეშე დატოვებას.

ამასთან, “საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის”  წევრები მიიჩნევენ, რომ სამინისტრომ სრულიად ახალი ფედერაციის შექმნა არ უნდა დაუშვას, რადგან ამას ექნება პრეცედენტული ხასიათი:

“წარმოიდგინეთ, ახლა რომ შექმნან ფეხბურთის მეორე ფედერაცია, იგივეა ეს. ვფიქრობთ, რომ მსგავსი პრეცედენტი სამინისტრომაც არ უნდა დაუშვას იმიტომ, რომ არჩევნების დროს ყოველთვის არის დაპირისპირება, ყოველთვის ვიღაცას ამბიციები აქვს და თუ ასეთი შესაძლებლობა არის, რატომაც არა, წავა მეორე ჯგუფი, ჩამოაყალიბებს მეორე ფედერაციას და მოითხოვს დაფინანსებას”, — განმარტავს გოჩა სურმანიძე, “საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის” ვიცე-პრეზიდენტი.

გოჩა სურმანიძე

“ნეტგაზეთი” სურმანიძესა და “საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის” სხვა წევრებს 30 ივნისს გამართულ აქციაზე შეხვდა, სადაც ფედერაციის წევრებთან ერთად ახალგაზრდა სპორტსმენები სამინისტროსგან დაფინანსების აღდგენას და თანამშრომლობის განახლებას მოითხოვდნენ:

“რაღაც კანონს ხომ უნდა დაექვემდებაროს სამინისტრო? არ შეიძლება ასე, უბრალოდ ხელს გკრავდნენ და გეუბნებოდნენ, რომ შენ საერთოდ არ არსებობო.

ვარსებობთ ჩვენ და ეს გვინდა გავაგებინოთ, რომ ვარსებობთ”, — უთხრა “ნეტგაზეთს” “საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის” მსაჯთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მალხაზ ხვედელიანმა.

“კარატეს ეროვნული ფედერაციის” წარმომადგენლების აქცია 30 ივნისს

აქციაზე მყოფმა ფედერაციის ლიდერებმა განმარტეს, რომ ისინი დაპირისპირებულ მხარესთან ბევრ დათმობაზე წავიდნენ, მათ შორის, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თანამდებობების გადანაწილების საკითხშიც მზად იყვნენ უმრავლესობის მხარდაჭერის მიუხედავად, დაეთმოთ მნიშვნელოვანი თანამდებობები, თუმცა მეორე მხარე არც ამას დათანხმდა.

“საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის” წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ახალ ფედერაციას მინისტრ თეა წულუკიანის მხარდაჭერა აქვს. მათი თქმით, წულუკიანმა აღნიშნა, რომ სამინისტრო იმ ჯგუფს დაუჭერდა მხარს, სადაც ერთ-ერთი სპორტსმენი, მსოფლიო ჩემპიონი გოგიტა არქანია იქნებოდა, ის კი სწორედ ახალ ორგანიზაციაშია.

“საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის” წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ასეთი გავლენების წყალობით მათ ჩამოერთვათ “მსოფლიო კარატეს ფედერაციის” წევრობის სტატუსი და ეს სტატუსი მიენიჭა ორგანიზაციას, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ოფიციალურად ფედერაციად აღიარებული არ არის.

რა როლი აქვს სამინისტროს

წევრობის შეწყვეტასთან დაკავშირებით “მსოფლიო კარატეს ფედერაციამ” [WKF] გასული წლის ბოლოს, 27 დეკემბერს, ოფიციალური წერილი მისწერა “საქართველოს კარატეს ეროვნულ ფედერაციას”. წერილი იმავე დღიდან შედიოდა ძალაში.

წერილში მსოფლიო ფედერაცია განმარტავდა, რომ წევრობის შეწყვეტის მიზეზი 2022 წლის აპრილიდან წარმოშობილი მმართველობის პრობლემები, “უფრო მეტად კი WFK-სა და კარატეს რეპუტაციის დაცვის საკითხები” იყო. WKF ასევე წერდა, რომ ეროვნულმა ფედერაციამ დროულად და ადეკვატურად არ აცნობა პრობლემების შესახებ WFK-ს და არ ჰქონდა უნარი, თავად ემართა ქვეყანაში ეს სახეობა.

ამასთან, მსოფლიო ფედერაცია აღნიშნავდა, რომ საქართველოს სპორტის სამინისტროსგან მიღებული წერილები დამატებით ადასტურებდა “საქართველოს კარატეს ეროვნულ ფედერაციაში” არასტანდარტულ ვითარებას.

ამის შემდეგ “სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაცია” სამ დღეში, 30 დეკემბერს გახდა WKF-ის წევრი.

“საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის” წევრები აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება WKF-მა სწორედ სამინისტროს წერილების საფუძველზე მიიღო და აღნიშნავენ, რომ ახალი ფედერაციის წევრებს გავლენები აქვთ სამინისტროში.

აღნიშნულ წერილამდე ორი თვით ადრე, 2022 წლის ოქტომბერში საქართველოს სპორტის სამინისტრომ მართლაც მისწერა წერილი WKF-ს. აღნიშნული დოკუმენტი “ნეტგაზეთს” “საქართველოს კარატეს ეროვნულმა ფედერაციამ” მიაწოდა. წერილში სამინისტრო განმარტავდა, რომ “საქართველოს კარატეს ეროვნულ ფედერაციასთან” თანამშრომლობა შეწყვიტა და ამის რამდენიმე მიზეზს გამოყოფდა:

  • კახა ბასილიასთვის ბრალის დამტკიცებისა და მისი გადადგომის შემდეგ ფედერაციაში ვითარება არ იყო გამოსწორებული;
  • არ იყო ცხადი, ვინ იყვნენ ფედერაციის წევრები, რაც სამინისტროს განმარტებით, “შეუძლებელს ხდიდა ფედერაციის წევრების ძირითადი შეხვედრის გამართვას ისე, როგორც ამას კანონი მოითხოვდა”. ამის გამო შეუძლებელი იყო კანონის შესაბამისად არჩევნების ჩატარება;
  • ასევე, სპორტსმენების ნაწილი აქტიურად გამოხატავდა პროტესტს “არსებულ პრობლემებთან და არადემოკრატიულ პროცესებთან” დაკავშირებით;
  • დაფინანსების დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებდა კარგი მმართველობის პრინციპების მინიმალურ სტანდარტებს და სრულად შეუთავსებელი იყო “სპორტული ორგანიზაციების მართვის პრინციპებთან”.

სპორტის სამინისტრო წერდა, რომ სწორედ აღნიშნული საკითხებიდან გამომდინარე, ფედერაციას დაფინანსებაც შეუწყვიტა.

“კარატეს ეროვნული ფედერაციის” წევრები აცხადებენ, რომ სამინისტრომ ამ წერილის გარდა კიდევ მისწერა სხვა წერილებიც და უწყებას მის გადაცემას სთხოვენ, თუმცა სამინისტრო არც ამაზე და არც სხვა თხოვნებთან დაკავშირებით არ ეკონტაქტება მათ, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ფედერაციაში დღემდე 65 კლუბი და 18 ა(ა)იპია გაწევრიანებული.

პლაკატი 30 ივნისის აქციაზე, რომელიც სპორტის სამინისტროსთან გაიმართა

როდის მიიღებენ სპორტსმენები სახელმწიფო დაფინანსებას

აღნიშნული შეკითხვით “ნეტგაზეთმა” სპორტის სამინისტროს მიმართა, თუმცა მათი პრესსამსახურისგან სტატიის გამოქვეყნების მომენტში პასუხი არ მიგვიღია. სპორტის სამინისტრო ბოლო რამდენიმე თვეა, “ნეტგაზეთის” ზარებსა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უმეტესად უპასუხოდ ტოვებს.

“საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის” წევრების განცხადებით, უწყება არც მათ ეკონტაქტება, მეორე მხრივ კი, ახალი “სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის” პრეზიდენტი, თემურ გიგნაძე აცხადებს, რომ კომუნიკაცია აქვთ სამინისტროსთან, მუშაობენ დაფინანსების საკითხზე და ის “აუცილებლად იქნება”.

“ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე. ეს არ არის ერთ დღეში გადასაწყვეტი. ზოგადად, ბიუჯეტის დაფინანსება წლის დასაწყისში ხდება. წლევანდელი დაფინანსება შარშან, შემოდგომაზე უნდა გადაწყვეტილიყო, მაგრამ რადგან არეული მდგომარეობა იყო, ფედერაცია გაურკვევლობაში, ჩვენც არ ვიყავით საერთაშორისო ფედერაციის წევრები. ამიტომ ასე უცებ ვერ მოხდებოდა დაფინანსების საკითხის გადაწყვეტა.

ამ საკითხზე ვმუშაობთ და დაფინანსება აუცილებლად იქნება. ჩვენ ამას გაგებით ვეკიდებით”, — აცხადებს გიგნაძე.

რაც შეეხება “საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის” ბრალდებებს გიგნაძისა და მისი თანაგუნდელების გავლენების შესახებ, ახალი ფედერაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ არ იცის, რა გავლენებზე საუბრობენ ისინი, თუმცა არ უარყოფს, რომ მათი პოზიცია თავიდანვე იყო, მჭიდო ურთიერთობა ჰქონოდათ სამინისტროსთან, სახელმწიფოსთან და მუნიციპალიტეტებთან.

მისი თქმით, ახლად შექმნილმა “სპორტული კარატეს ეროვნულმა ფედერაციამ” უკვე გადააგზავნა დოკუმენტები დაფინანსების შესახებ, მათ შორის, გაწერილი ხარჯები და შემოსავლები.

მანამდე კი, სანამ სამინისტრო გადაწყვეტილებას მიიღებს დაფინანსების თაობაზე, სპორტსმენები საკუთარი ხარჯებით და შემოწირულებებით ცდილობენ, არ შეწყვიტონ ვარჯიშები და იასპარეზონ საერთაშორისო შეჯიბრებებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი