ახალი ამბები

კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს ბრალი თაღლითობაში ედება

8 აპრილი, 2019 • 1415
კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს ბრალი თაღლითობაში ედება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, კახა ბასილიას თაღლითობის მუხლით ბრალი წარედგინა.

უწყების განცხადებით, 2018 წლის 18-22 აპრილს საქართველოს კარატეს ეროვნული ნაკრების წევრებისათვის თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტამბოლში, შოტოკანის მე-9 ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სათანადო დაფინანსება გამოიყო:

“მიუხედავად იმისა, რომ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო 4-მა სპორტსმენმა, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, კახა ბასილიამ, 2018 წლის 27 აპრილს და 28 მაისს კულტურისა და სპორტის სამინისტროში წარადგინა ყალბი დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც, თურქეთის რესპუბლიკაში გამართულ ჩემპიონატზე თითქოსდა საქართველოს ეროვნული ნაკრების 10 დელეგატი იყო მივლინებული. ხსენებული გზით და სამინისტროს მოტყუებით, კახა ბ. 6 მონაწილის გასამგზავრებლად გამოყოფილ, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კუთვნილ 10 441 ლარს დაეუფლა” – წერია სუს-ის მიერ გავრცლებულ განცხადებაში.

კარატეს ფედერაციის პრეზიდენტს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობას გულისხმობს. ბრალი დამტკიცების შემთხვევაში სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

მასალების გადაბეჭდვის წესი