საზოგადოება

რას ელიან უკრაინა და საქართველო ნატოს ვილნიუსის სამიტისგან

3 ივლისი, 2023 • 1242
რას ელიან უკრაინა და საქართველო ნატოს ვილნიუსის სამიტისგან

11-12 ივლისს ვილნიუსში ნატოს სამიტი გაიმართება. სამიტი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე — უსაფრთხოების გარემოში, რომელსაც თავად ალიანსი უწოდებს ყველაზე სახიფათოს და არაპროგნოზირებადს ცივი ომის შემდეგ.

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ვილნიუსში მიღებული გადაწყვეტილებები უკრაინას ნატოსთან დააახლოებს, ასევე გააძლიერებს თავად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შეკავებისა და თავდაცვის უნარებს.

როგორც მასპინძელი ქვეყნის, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა თქვა, სამიტი ისტორიული იქნება, თუმცა მთავარი კითხვაა — ისტორიული იქნება მიღწევების თუ ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების გამო?

სამიტზე განსახილველი საკითხები:

  • შეკავება და თავდაცვა — 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ, ნატო აძლიერებს შეკავებას და თავდაცვას, მათ შორის რეგიონული თავდაცვის ახალი გეგმებით და ძალების ახალი მოდელით, რაც ითვალისწინებს მეტი ჯარების მოყვანას უფრო მაღალ მზადყოფნაში;
  • უკრაინის მხარდაჭერა;
  • ინვესტიცია თავდაცვაში — მოკავშირეები განიხილავენ ახალ თავდაცვის საინვესტიციო ვალდებულებას, რაც ყოველწლიურად მშპ-ის 2%-ის თავდაცვაზე დახარჯვას ითვალისწინებს;
  • პარტნიორობა — ალიანსი აცხადებს, რომ აძლიერებს თანამშრომლობას თავის პარტნიორთა ქსელთან, მათ შორის ევროპასა და ინდო-წყნარი ოკეანეთის რეგიონში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, განსაკუთრებით ევროკავშირთან.
  • უფრო ფართო უსაფრთხოების გამოწვევები, როგორიცაა ტერორიზმი, კლიმატის ცვლილება და ახალი ტექნოლოგიები.

რას ელის უკრაინა სამიტისგან?

გასულ წელს უკრაინამ ნატოში დაჩქარებული წესით შესვლის შესახებ ოფიციალური განაცხადი გააკეთა. მოკავშირეები აცხადებენ და კიევიც აცნობიერებს, რომ უკრაინა ვერ შეუერთდება ალიანსს ომის დასრულებამდე.

„გვესმის, რომ ომის დროს ჩვენ ვერ გავხდებით ნატოს წევრი, მაგრამ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ომის შემდეგ ვიქნებით“, — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დაესწრება თუ არა ის სამიტს, კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. ზელენსკი აცხადებს, რომ სამიტში მონაწილეობის „აზრს ვერ ხედავს“, თუკი უკრაინა სერიოზულ შედეგებს ვერ მიიღებს.

„როიტერსი“ წერს, რომ ზელენსკის არყოფნა დაჩრდილავს დასავლური ერთიანობის დემონსტრაციის მცდელობას. ასევე, წაართმევს კიევს შესაძლებლობას, გავლენა მოახდინოს ბოლო წუთის მოლაპარაკებებზე, რომელიც ხშირად განსაზღვრავს სამიტის შედეგებს.

კიევის სურვილია, ვილნიუსის სამიტზე მიიღოს:

  • პოლიტიკური მიწვევა ალიანსში გაწევრიანებაზე;
  • უსაფრთხოების გარანტიები.

პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს, რომ უსაფრთხოების გარანტიებს ნატოში გაწევრიანების ალტერნატივად კი არა, მის გამაძლიერებლად განიხილავს. ნატოს მოკავშირეებში ჯერჯერობით არ არსებობს კონსენსუსი, თუ რა შეიძლება შესთავაზონ უკრაინას ვილნიუსში, მათ შორის, როგორი შეიძლება იყოს უსაფრთხოების გარანტიები ნატოს გარეთ. ბოლო პრეცედენტით თუ ვიმსჯელებთ, ფინეთმა და შვედეთმა გაერთიანებული სამეფოსგან მიიღეს გარანტიები, რომ დაიცავდნენ ალიანსში გაწევრიანების პროცესშიც.

„ერთადერთი უსაფრთხოების გარანტია, რომელიც ნამდვილად მუშაობს, არის ნატო“, — ამბობს კაია კალასი, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი.

ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი უკრაინის მთავარი მხარდამჭერები არიან, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები ემხრობიან, რომ ბუქარესტის სამიტის დაპირებაზე (რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი) შორს წავიდნენ. მაგალითად, პრეზიდენტმა მაკრონმა თქვა, რომ უკრაინას უნდა მიეცეს წევრობის მარშრუტი.

„ევროპეისკა პრავდას“ ცნობით, უკრაინისთვის მთავარი დაბრკოლება აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენის პირადი პოზიციაა. ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ არ დაუჭერს მხარს უკრაინის ნატოში შესვლის სწრაფ გზას. გამოცემის ცნობით, შეერთებული შტატები, რომელიც 2008 წელს უკრაინის (და საქართველოს) მამოძრავებელი ძალა იყო ალიანსისკენ, ახლა რამე წინ გადადგმული ნაბიჯის დადასტურებაზე უარს ამბობს. კიევი კი აცხადებს, რომ არ მიიღებს ისეთ კომპრომისებს, როგორიცაა „პარტნიორობის გაღრმავება“ ან თუნდაც „მომავალში წევრობისთვის მზადების“ ფორმულირება, რომელიც ჰგავს MAP-ს.

„ჩვენ არ გვინდა რამე გეგმები, მიზნობრივი პროგრამები და ა.შ… ნატოს სამიტის ისტორიული წარმატება იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება უკრაინის გასაწევრიანებლად მოწვევის პროცედურის დასაწყებად და გადაწყვეტილება უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით“, — განაცხადა იგორ ჟოვკვამ, რომელიც კურირებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს პრეზიდენტის ოფისში.

უკრაინა ითხოვს მიწვევის ალგორითმს, რომელიც გამოიყენეს შვედეთისა და ფინეთისთვის და გულისხმობს MAP-ის გარეშე გაწევრიანებას. ამავდროულად, კიევი თანახმაა პროცედურის შენელებაზე სწრაფი დაწყების შემდეგ. ეს ვარიანტი გულისხმობს, რომ ნატომ გამოაცხადოს გაწევრიანებაზე უკრაინის „პოლიტიკური მიწვევა“ ვილნიუსში, ხოლო აღნიშნული მიწვევა საბოლოოდ დაადასტუროს ვაშინგტონის სამიტზე 2024 წელს.

„რა თქმა უნდა, ომი არის წინაღობა გაფართოებისთვის და, ვფიქრობ, უკრაინელებსაც ესმით ეს. მაგრამ ახლა ისინი დე ფაქტო ინტეგრირებული არიან ნატოში წვრთნების, შეიარაღების სისტემის, მედეგობის თვალსაზრისით და ომის დასასრულს, როცა ისინი შეუერთდებიან ნატოს, ისინი იქნებიან ყველაზე გამოცდილი და პროფესიონალური სამხედრო ძალა, რომლებიც ჩვენ შეგვასწავლიან უკეთეს ტაქტიკას. ახლა ჩვენ ვწვრთნით მათ, მაგრამ შემდეგ ისინი გაგვწვრთნიან ჩვენ“, — განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კრიშიანის კარინშმა.

რას ელის საქართველო სამიტისგან?

ვილნიუსის სამიტში მონაწილეობას მიიღებენ ნატოს სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები და ძირითადი პარტნიორები. სამიტზე საქართველოს წარმოადგენს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

ვილნიუსის სამიტის მოლოდინების შესახებ გასულ კვირას პარლამენტში მოხსენებით მისულ პრემიერ-მინისტრს ჰკითხეს. საქართველოს მთავრობა, რომელიც დიდი ხანია, პროაქტიულად (ყოველ შემთხვევაში საჯაროდ) არაფერს ითხოვს ნატოსგან, მშვიდი მოლოდინის რეჟიმს ირჩევს.

„ჩვენი ამოცანაა, რომ ის პროგრესი, რომელიც მიღწეული გვაქვს, სათანადოდ აღიარებული, შეფასებული და დაფასებულიც იყოს. ამ სიტუაციაში სიმართლე უნდა ვუთხრათ ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს თავს, რომ ზედმეტი მოლოდინები არ უნდა გავაჩინოთ ისე, როგორც მათ [ენმ–ის ხელისუფლება] გააჩინეს [2008 წელს]. გახსოვთ, ალბათ, მთელი კამპანია აწარმოეს, სამოქმედო გეგმასს რომ მივიღებთ, სამოთხე გავხდებითო და მივიღეთ უბედურება, ვერც MAP მიიღეს და ვერც ქვეყანა ვერ დაიცვეს. ჩვენ მოვისმინეთ უკრაინის პრეზიდენტისა და სხვების განცხადებები მოლოდინებთან დაკავშირებით, მოვისმინეთ ნატო-ს გენმდივნისა და სხვა ლიდერების განცხადებები, რომ ამ სიტუაციაში, რთულ ვითარებაში ძალიან რთული საპროგნოზოა შემდგომი ნაბიჯები. ასე რომ, ჩვენ მშვიდად უნდა დაველოდოთ. სიმშვიდე და გონიერება გვჭირდება“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ახალი გენმდივანი?

ნორვეგიელ იენს სტოლტენბერგს 2014 წლიდან უკვე სამჯერ გაუგრძელდა უფლებამოსილების ვადა ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე. ოქტომბერში, ამჟამინდელი მანდატის ამოწურვის შემდეგ, სტოლტენბერგი აპირებს ნორვეგიის ცენტრალური ბანკში გადანაცვლებას.

თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ალიანსში ასევე არ არის კონსენსუსი მომავალ გენერალური მდივნის ვინაობაზე, მოსალოდნელია, რომ სტოლტენბერგს სთხოვენ დარჩეს თანამდებობაზე ვაშინგტონის 75-ე საიუბილეო სამიტამდე.

ნატოს გენერალური მდივნობის პოტენციურ კანდიდატებს შორის სახელდება ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელმაც თქვა, რომ ამ საკითხით არ არის დაინტერესებული, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანი ბენ უოლესი, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, საფრანგეთმა მხარი დაუჭიროს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის კანდიდატს. ნატოს ისტორიაში პირველი ქალი გენერალური მდივნის კანდიდატურად მედიაში სახელდებოდა დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი და ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი.

მასალების გადაბეჭდვის წესი