საზოგადოება

რას ფიქრობენ საქართველოში ჩამოსული რუსები პუტინზე, ღარიბაშვილზე, ზელენსიკზე და ა.შ. — არარეპრეზენტაციული კვლევა

29 ივნისი, 2023 • 8088
რას ფიქრობენ საქართველოში ჩამოსული რუსები პუტინზე, ღარიბაშვილზე, ზელენსიკზე და ა.შ. — არარეპრეზენტაციული კვლევა

საქართველოში ემიგრირებული რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც CRRC-საქართველომ გამოკითხა, უარყოფითად აფასებენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას, მეორე მხრივ, დადებითად აფასებენ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას.

საქართველოში მცხოვრები რუსი იმიგრანტების შესახებ კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) კვლევა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა რუსეთის დატოვებისა და საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლის ძირითადი მიზეზები, დამოკიდებულებები რუსეთის მთავრობის და რუსი ხალხის მიმართ, უსაფრთხოების შეგრძნება საქართველოში ცხოვრებისას, დამოკიდებულებები საქართველოს მთავრობის და ქართველი ხალხის მიმართ.

კვლევის ფარგლებში გამოიკითხა რუსეთის 1 008 მოქალაქე, ვინც საქართველოში 2022 წლის თებერვლის შემდგომ გადმოვიდა საცხოვრებლად. გამომდინარე იქიდან, რომ ომის შემდეგ საქართველოში ემიგრირებული რუსების ზუსტი რაოდენობა უცნობია და რესპონდენტები არაალბათური და არაშემთხვევითი წესით შეირჩა, კვლევის შედეგები არ შეიძლება განზოგადდეს საქართველოში მცხოვრებ რუსებზე.

რესპონდენტები რუსეთის დატოვების ძირითად მიზეზად ასახელებენ რუსეთში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას (87%), რუსეთ-უკრაინის ომსა (73%) და სამხედრო მობილიზაციას (29%).

წყარო: CRRC-საქართველო

გამოკითხულთა 28%-მა საქართველო აირჩა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, 17%-მა — ცხოვრების ხელმისაწვდომობის გამო, ხოლო 14%-მა ქვეყანაში მოხვედრის სიმარტივის გათვალისწინებით.

რესპონდენტების ძირითადი ნაწილი კონცენტრირებულია თბილისსა (80%) და ბათუმში (15%).

გამოკითხულთა 66% რუსეთის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავს, 97% არ ენდობა რუსეთის მთავრობას, 94% უარყოფითად აფასებს ვლადიმერ პუტინის საქმიანობას. 94% მიიჩნევს, რომ დღეს რუსეთი  საერთოდ არ არის დემოკრატიული. კვლევის თანახმად, რესპონდენტების აზრი რუსეთში დარჩენილ რუსებთან დაკავშირებით გაყოფილია: ნახევარი (49%) ენდობა მათ, ხოლო დაახლოებით ნახევარი (47%) — არა.

გამოკითხული რუსების აზრი იყოფა საქართველოს პოლიტიკურ ინსტიტუციებთან დაკავშირებითაც. რესპონდენტების 94% თვლის, რომ საქართველოში დემოკრატიაა, მაგრამ მათი უმრავლესობა (56%), ასევე, ფიქრობს, რომ ქართულ დემოკრატიას მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს. გამოკითხულთა  55% არ ენდობა საქართველოს მთავრობას, ხოლო 56% უარყოფითად აფასებს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის საქმიანობას. ისინი მეტწილად დადებითად აფასებენ პრეზიდენტ ზურაბიშვილის საქმიანობას (74%).

წყარო: CRRC-საქართველო

კითხვაზე, რით აიხსნება საქართველოს მთავრობისადმი უარყოფითი დამოკიდებულება მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი უფრო ლოიალურია რუსეთისადმი, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტი, კვლევის ავტორი გივი სილაგაძე პასუხობს:

„რა არის ამის მიზეზი, ჩვენ არ გვიკითხავს, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ მათი განწყობების მიხედვით. გამოკითხულები ძირითადად პუტინის საწინააღმდეგოდ არიან განწყობილი. ჩვენ ვხედავთ რიტორიკაში, რომ პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ერიდება რუსეთის მმართველი რგოლის კრიტიკას, სალომე ზურაბიშვილი – არა. შეიძლება, ეს იყოს მიზეზი“.

გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა, 81% დადებითად აფასებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საქმიანობას, 10% კი — უარყოფითად.

მათ ასევე დადებითი დამოკიდებულება აქვთ უკრაინის, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოს მიმართ.

წყარო: CRRC-საქართველო

საქართველოში გამოკითხული რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა მანამდე ცხოვრობდა მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგში, აქვს უმაღლესი განათლება, მათი დიდი ნაწილი (40%) დასაქმებულია ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში.

მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხულთა 47% კმაყოფილი იყო რუსეთში ცხოვრებით ომამდე, რესპონდენტების მხოლოდ 5% ამბობს, რომ აპირებს რუსეთში დაბრუნებას უახლოეს მომავალში. 93% არ გეგმავს უახლოეს პერიოდში სამშობლოში  დაბრუნებას. გამოკითხულთა 49% ამბობს, რომ ერთი წელი ან მეტი აპირებს საქართველოში დარჩენას, 25%-ს ჯერ არ გადაუწყვეტია.

შეიძლება ითქვას თუ არა კვლევის შედეგების მიხედვით, რომ საქართველოში ძირითადად ჩამოსული არიან პუტინის ოპონენტი რუსები, გივი სილაგაძე განმარტავს:

„ვერ ვიტყვით, რადგან გამოკითხვა არ არის წარმომადგენლობითი. ჩვენ არ გვაქვს ოფიციალური ინფორმაცია შსს-დან, რამდენი რუსი არის საქართველოში, სად ცხოვრობენ და ასე შემდეგ. ამიტომ 1000-ზე მეტი ადამიანი გამოვკითხეთ და შედეგების განზოგადება არ შეიძლება, თუმცა სურათის დანახვა შესაძლებელია. ეს არის იდეალური და იდეალურთან ყველაზე მეტად მიახლოებული კვლევის დიზაინი“.

მისივე თქმით, რუსეთის მოქალაქეების თითქმის 80%, რომელიც გამოიკითხა, ეთნიკურად რუსია, ხოლო 20% — ეთნიკურად ქართველი.

მონაცემები CRRC-საქართველომ 2023 წლის აპრილსა და მაისში შეაგროვა. კვლევის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ორგანიზაცია დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED).

მასალების გადაბეჭდვის წესი