საზოგადოება

„არავინ ვიცით, უვადო შიმშილობა როდემდე გაგრძელდება“ — მაღაროელთა აქცია

21 ივნისი, 2023 • 1111
„არავინ ვიცით, უვადო შიმშილობა როდემდე გაგრძელდება“ — მაღაროელთა აქცია

„არავინ ვიცით, ეს უვადო შიმშილობა როდემდე გაგრძელდება“, — ასე დასრულდა მაღაროელთა აქციის მესამე დღე პარლამენტთან.

დღეს მაღაროელთა გაფიცვის მე-16 და მათი ნაწილის შიმშილობის მე-10 დღეა. ჭიათურაში რამდენიმედღიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ, მაღაროელთა ერთი ჯგუფი თბილისში ჩამოვიდა.  4-მა მათგანმა დღეს თბილისშიც დაიწყო შიმშილობა. ისინი ღამეს პარლამენტთან გაშლილ კარვებში გაათევენ. მაღაროელების თქმით, 22 ივნისს მოშიმშილეებს დედებიც შეუერთდებიან.

„დღეს, როცა გზაში მოვდიოდი, ვფიქრობდი, რა ვუთხრა მაღაროელების დედებს, ხვალ რომ შიმშილობის დაწყებას აპირებენ. ველოდები, რომ ხელისუფლებიდან ვინმე გამოგვეხმაურებოდა, ვინმე მოვიდოდა და მოგვცემდა იმედს. უიმედოდ მივდივარ დღეს. რა პასუხს სცემთ ამ ხალხს. მთავრობავ, დადექით ჩვენ გვერდში. ჩვენ თქვენ გვერდში ვიდექით, როცა გიჭირდათ. დადგება დღე, თქვენ მოხვალთ ჩვენთან, მაგრამ მოსასვლელი პირი აღარ გექნებათ“, — მიმართა ხელისუფლებას მაღაროელმა გიორგი კუპატაძემ, რომელმაც თვალები ამოიკერა.

მაღაროელების თქმით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს თანამშრომელთა მაღალი ხელფასის შესახებ. მაღაროელების მთავარი მოთხოვნა სწორედ ანაზღაურების გაზრდა და უსაფრთხო შრომითი პირობებია.

მაღაროელებს სულ 14 მოთხოვნა აქვთ, რომლებიც დღევანდელ აქციაზე პლაკატებით წარმოადგინეს. ეს მოთხოვნებია:

  1. ხელფასის 40%-იანი მატება;
  2. 2023 წლის 1 თებერვლამდე არსებული გრაფიკის /გეგმის დაბრუნება;
  3. ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადება;
  4. დაზღვევის შეცვლა და პირობების გაუმჯობესება;
  5. მიეცეთ დასაქმებულებს შვებულებით სარგებლობის საშუალება;
  6. მიეცეთ დასაქმებულებს მუშაობის მალე დაწყების საშუალება;
  7. მოხდეს ტექნიკის განახლება/გაუმჯობესება/შეცვლა;
  8. მოხდეს ულუფის გაუმჯობესება;
  9. დასაქმებულებს მიეცეთ სანატორიუმის გამოყენების საშუალება, როგორც ეს ხდებოდა პირველ თებერვლამდე;
  10. ბიულეტენით სარგებლობის შემთხვევაში ანაზღაურება მოხდეს 100%-ით;
  11. ანაზღაურდეს ამა წლის 7 ივნისიდან საწარმოში სამუშაო პროცესის აღდგენამდე გაცდენილი დღეები 100%-ით;
  12. გაკონტროლდეს უსაფრთხოება უმაღლეს დონეზე;
  13. გაუქმდეს ყველა შპს და მოხდეს მათი გაერთიანება კვლავ ერთ კომპანიად;
  14. კომპანიის მიერ ღია კარიერული მოპოვების წესით ახალი ტერიტორიების ათვისებისას მოხდეს ამ საკითხის შეთანხმება კონკრეტული სოფლის მოსახლეობასთან; ადგილობრივების პოზიცია გათვალისწინებულ იქნას, როგორც ამას ადამიანების უფლებების საერთაშორისო ნორმები და საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს. კანონის სრული დაცვით მოხდეს მანგანუმის ღია კარიერული წესით მოპოვება. ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა ჯანსაღ გარემოში ცხოვრება, შესაბამისად, გაკონტროლდეს ჰაერის დაბინძურების ხარისხი, გეოლოგიური, ეკოლოგიური რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით და თუ ყველაფერი იქნება ნორმის ფარგლებში, შემდგომ მოხდეს ჰუმსოვანი ფენის მოხსნა-დასაწყობება, ბიოლოგიური რეკულტივაცია და იმ ხე-მცენარებიის დარგვა გახარება, რაც ადგილობრივი კულტურისთვის არის ავთენტური.

„ჯორჯიან მანგანეზი”, ბოლო განცხადების თანახმად, მზადაა, კომპანიის ფინანსური მდგომარეობა დამოუკიდებელმა აუდიტმა შეისწავლოს და მაღაროელებისთვის ხელფასების მატება მიებას „სამომავლო ფინანსურ შედეგებს“.

როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ლაშა თუთბერიძემ 19 ივნისს განაცხადა,  18 ივნისს დასაქმებულებთან გამართულ შეხვედრაზე „თითქმის ყველა საკითხზე შეჯერდნენ“, ხელფასის მატების გარდა. კომპანია დასაქმებულებს ხელფასის 5%-ით მატებას სთავაზობს.

მაღაროელებისთვის კომპანიის შეთავაზება მისაღები არ არის და პროტესტს განაგრძობენ მანამ, სანამ “ჯორჯიან მანგანეზი” მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი